Accessibility links

logo-print

თედეევმა თავის ფავორიტად ალა ჯიოევა დაასახელა


ჯამბოლათ თედეევი

ჯამბოლათ თედეევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური „სახალხო ფრონტი“ ე.წ. სპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევას დაუჭერს მხარს. ვლადიკავკაზში გამართულ სხდომაზე ეს ინფორმაცია „ფრონტის“ ლიდერმა ჯამბოლათ თედეევმა გაახმაურა. მისი ვიდეომიმართვა ოპოზიცურმა ინტერნეტგამოცემა „უასამონგამ“ გაავრცელა. თედეევი საკუთარ მომხრეებს ჯიოევას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც ცნობილია, რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი, ცხინვალში ცხოვრების 10 წლიანი ცენზის უქონლობის გამო, არჩევნებზე არ დაუშვეს. ამის შემდეგ „სახალხო ფრონტი“ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის დასახელებაზე ფიქრობდა, მაგრამ ჯიოევას კანდიდატურა სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ოპოზიციურ კანდიდატებს შორის წინასწარი შეთანხმება იყო, რომ ერთი, ყველაზე რეიტინგული კანდიდატის გარშემო გაერთიანდებოდნენ, მაგრამ ეს პროსეცი ბოლომდე ვერ მივიდა, ამიტომ თედეევმა სხვებთან კონსულტაციის გარეშე ჯიოევა დაასახელა. „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელი სოსლან კოკოევი ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაზე პერსპექტიულად „ფრონტმა“ ალა ჯიოევა მიიჩნია.

ალა ჯიოევა რამდენიმე წლის წინ კოკოითის ხელისუფლებაში განათლების მინისტრად მუშაობდა, შემდეგ მას დე ფაქტო პრეზიდენტთან ურთიერთობა დაეძაბა და ჯიოევა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილი გახდა, ერთი პერიოდი ის ძებნილადაც გამოაცხადეს. მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ოსი აბიტურიენტებისთვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ლიმიტების გაყიდვას უკავშირდებოდა. ალა ჯიოევამ მაშინ თავი პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადა და ჯამბოლათ თედეევის ბანაკში აღმოჩნდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ამჟამად 6 ოპოზიციური კანდიდატი იღებს მონაწილეობას. ექსპერტების აზრით, ეს ამომრჩევლის დაბნეულობას იწვევს და კანდიდატები ერთმანეთს უყოფენ ხმებს, რაც რომელიმე ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შანსებს ამცირებს. ჯიოევა ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ, ოპოზიციურ კანდიდატებს შორის წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ერთიანი კანდიდატის დასახელება ვერ მოხერხდა, რადგან ამ საქმეში სხვადასხვა მექანიზმები ჩაერთო. იგი არ აკონკრეტებს ამ მექანიზმებში რას გულისხმობს.

არჩევნებამდე 11 დღით ადრე ჯამბოლათ თედეევმა ოპოზიციური კანდიდატები არჩევანის წინაშე დააყენა. ახლა მათ ორი გზა რჩებათ - მიიღონ თედეევის მიერ დასახელებული კანდიდატურა და მის გარშემო გაერთიანდნენ ან ბრძოლა დამოუკიდებლად გააგრძელონ და გამარჯვების შანსები მინიმუმამდე დაიყვანონ.
XS
SM
MD
LG