Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის სიმბოლური მხარდაჭერა


ბანკ "ქართუში" ანგარიშის გახსნის მსურველთა რიგი
ბანკ "ქართუში" ანგარიშის გახსნის მსურველთა რიგი
60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა 2 ნოემბერს, განაცხადა, რომ იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. ოთხშაბათსვე „ქართული აკადემიის“, სხვა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრები და დაინტერესებული ადამიანები, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკის“ მხარდაჭერის მიზნით, ამ ბანკში ანაბრის გასახსნელად მივიდნენ. ხელმოწერების შეგროვებას და ბანკში ანაბრის გახსნას სიმბოლური ხასიათი აქვს, აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილი ხუთშაბათიდან ხელმოწერების შეგროვებას შეუდგება, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. ამის შესახებ 2 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია ”გადაარჩინე სიცოცხლის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეგროვილ ხელმოწერებს იდეის ავტორები პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ხელმოწერების შეგროვება სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მისი აღსრულება სავალდებულო არ არის, თუმცა გამოხატავს საზოგადოების ერთი ჯგუფის სოლიდარობას ბიზნესმენის მიმართ:

”ამ სამოქალაქო ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ერთი, რომ ხელისუფლებამ დაინახოს რამხელა მხარდაჭერა აქვს ბიძინა ივანიშვილს და მისი სახით დემოკრატიულ მოძრაობას ანტიდემოკრატიული რეჟიმის პოლიტიკის წინააღმდეგ, მეორე ის, რომ ამას დაინახავს საერთაშორისო საზოგადოება და მოხდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაცია და შიშის სინდრომის გადალახვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამჯერად მაინც მოსყიდვით და დაშინებით ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ პროცესის შეჩერებას.”

მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების გარდა, საზოგადოების ერთი ნაწილი ბიზნესმენისადმი მხარდაჭერას სხვა ფორმითაც გამოხატავდა. ხალხმრავლობა იყო „ქართუ ბანკის“ სათავო ოფისში, სადაც მოქალაქეები სიმბოლური თანხით ანაბრებს ხსნიდნენ. „ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ასეთი სოლიდარობა მნიშვნელოვნად გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულას ბიძინა ივანიშვილისა და იმ პროცესის მიმართ, რომელიც მის საწინააღმდეგოდ ქვეყანაში ხორციელდება:

”ამ ბანკმა და ბიძინა ივანიშვილმა, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, გადაარჩინა ქართული მეცნიერება, კულტურა, სპორტი, საზოგადოება მთლიანად და ახლა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ ეს ბანკი დაიხუროს და მას შეექმნას პრობლემები. მართალია, ჩვენი ანაბრები ბანკს არ გაამდიდრებს, მაგრამ ეს იქნება სოლიდარობის გამოხატვის აქცია.”

„ქართუ ბანკში“ ანაბრის გასახსნელად მისულები იყვნენ მსახიობები, მეცნიერები, მომღერლები, მაგრამ აშკარად ჭარბობდნენ ხანდაზმული პენსიონერები, იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც ბანკში ანგარიშის გასახსნელად ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ. არჩილ კვაჭახიძე მეუღლესთან, რამდენიმე თვის შვილთან და მეგობრებთან ერთად მივიდა ანგარიშის გასახსნელად:

” ‘ქართუ ჯგუფს’ მხარდაჭერას ვუცხადებთ და ანაბარი უნდა გავხსნათ. მხარს ვუჭერთ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ქართულ საქმეს აკეთებს.”

„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ანაბრების გახსნით ბანკში შესული თანხა მიზერულია, იმასთან შედარებით, რაც ოქტომბრის თვეში ბანკიდან გავიდა სხვადასხვა ზეწოლის საფუძველზე, მაგრამ თავად საზოგადოების სურვილს მხარი დაუჭიროს ბაკნს დიდი მორალური დატვირთვა აქვს:

”7-დან 27 ოქტომბრამდე 45 მილიონით არის შემცირებული მოზიდული სახსრები, ანუ გადინება არის 45 მილიონი. ეს ბოლო დღეები არ დამითვლია, მაგრამ ტენდენცია გრძელდება. თუმცა სიტუაცია იმ მხრივ შემოტრიალდა, რომ, 7 რიცხვთან შედარებითაც კი, კლიენტურა მნიშვნელოვნად გაგვეზარდა. მარტო გუშინ 732 ანგარიში გაიხსნა „ქართუ ბანკში“. თანხობრივად ეს მიზერია, მაგრამ მორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.”

ნოდარ ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე გამოეხმაურა 1 ნოემბერს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ეროვნულ ბანკს „ქართუ ბანკში“ შემოწმების დაწყების საშუალება არ ეძლევა და აღნიშნა, რომ ბანკი „ქართუ“ მზად არის შემოწმება დროულად დაიწყოს. ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, ბანკი „ქართუ“ განცხადებას ამის შესახებ მალე გამოაქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG