Accessibility links

საქართველოს საგარეო უწყება აფხაზეთში განლაგებული საოკუპაციო ჯარების ახალი სამხედრო ტექნიკით გაძლიერებას აპროტესტებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ეხმიანება რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა საქართველო რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციებს ამზადებს. რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რას ეფუძნება რუსი გენერლის ბრალდება?
ბოლო მონაცემებით, სოჭიდან აფხაზეთში შეიტანეს 10 ტანკი Т-90, 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 2 ნოემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი განაგრძობს მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საოკუპაციო ჯარების გაძლიერებას ახალი სამხედრო ტექნიკით. საქართველოს საგარეო უწყება ეყრდნობა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელზეც საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკით დატვირთული სარკინიგზო ეშელონი კვეთს. ექსპერტთა კლუბის წარმომადგენლის ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, შევსება მიიღო აფხაზეთში დისლოცირებულმა ეგრეთ წოდებულმა მე-7 სამხედრო ბაზამ:

„ბოლო მონაცემებით, სოჭიდან აფხაზეთში შეიტანეს 10 ტანკი Т-90, 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, ცეცხლის მართვის სისტემები და სხვა სამხედრო ტექნიკა. ძველი, რა თქმა უნდა, გააქვთ, მაგრამ რამდენი შემოაქვთ, ამის დათვლა ძნელია. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ, ჩანაცვლების ნაცვლად, ტექნიკის რაოდენობა იზრდება.“

ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიზანმიმართულად აახლებს შეიარაღებას სამხრეთის მიმართულებით, რომელიც მოიცავს კრასნოდარის მხარესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამასთან, ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების გაძლიერება უკავშირდება მოახლოებულ ოლიმპიადას, რომელიც 2014 წელს სოჭში უნდა გაიმართოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შენიშნავენ, რომ რუსეთის აღნიშნული ქმედებები უკანონოა. საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„რუსეთის მიერ განხორციელებული ეს უკანონო ქმედებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია არ აპირებდა და არც აპირებს შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია ასევე ეწინააღმდეგება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს.“
ახალი სამხედრო პროვოკაციების მომზადების შემთხვევაში, გე-რე-უ დროულად მიაწვდის ინფორმაციას ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და სათანადო პასუხიც არ დააყოვნებს...

განცხადებაში ნახსენებია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესრულებაზე რუსეთმა ოთხი წლის წინ - რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე - თქვა უარი, რაც, საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში. საგარეო უწყება ასევე გამოთქვამს პროტესტს რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის ალექსანდრ შლიახტუროვის განცხადების გამო. 2 ნოემბერს გენერალმა შლიახტუროვმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს დესტაბილიზაციას რეგიონში:
რუსეთს უნდოდა საქართველოს კურსის შეცვლა. მან ვერ მოახერხა ეს...

„თბილისში უნდა იცოდნენ, რომ რუსეთისა და რეგიონში მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციების მომზადების შემთხვევაში, გე-რე-უ დროულად მიაწვდის ინფორმაციას ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და სათანადო პასუხიც არ დააყოვნებს.“

საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლოდროინდელი გააქტიურება საერთაშორისო ასპარეზზე განცდილი მარცხის ერთგვარი გამოძახილია. ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია.

„რუსეთს უნდოდა საქართველოს კურსის შეცვლა. მან ვერ მოახერხა ეს, რაც, საბჭოთა მენტალიტეტიდან გამომდინარე, მისი სერიოზული კრახია. ამის გამო, მართალია, შესაძლებლობები არა აქვთ, მაგრამ მცდელობები მუდმივად იქნება ამდაგვარი განცხადებების დონეზე. რუსეთის შესაძლებლობები ყველა თვალსაზრისით საკმაოდ შეზღუდულია, რაც დაამტკიცა კიდევაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებამ. რუსეთმა ფაქტიურად აღიარა საქართველოს ეკონომიკური საზღვრები“, უთხრა შოთა მალაშხიამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა დავუბრუნდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება: საქართველო გამოხატავს თავის მკაცრ პროტესტს რუსეთის უპასუხისმგებლო და ავანტიურულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და მოითხოვს რუსეთისგან ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის შეწყვეტას და დეოკუპაციის პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG