Accessibility links

რუსეთის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში: შიში და სიძულვილი


ტერაქტი დაღესტანში

ტერაქტი დაღესტანში

კავკასიის ჩრდილოეთში ბრძოლა რუსეთს ყოველთვის უჭირდა. მე-19 საუკუნეში ურიცხვი ჯარი შეუსია იმპერიამ კავკასიის ამ ნაწილს და, ბოლოს, ეს მიწა ძლივს დაიპყრო, მაგრამ ხალხი არ დამორჩილდა და მათი მოთვინიერება დღემდე ვერ მოახერხა. კავკასიაში, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში იმოგზაურა ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა გრეგორი ფაიფერმა.

„თუ ჩვენ, დაღესტნელები, რუსეთის ფედერაციის ნაწილს წარმოვადგენთ (ჩვენ მაჰმადიანები ვართ), შეცვალეთ ჩვენდამი დამოკიდებულება და ვინც ჩვენს ზემოთ დგახართ, სახელმწიფო ხაზინას ნუ ძარცვავთ, ნუ გგონიათ, სულელები ვიყოთ“, მოუწოდებს რუსეთის მთავრობას რასულ მაგომედოვი, მამა მარიამ შარიპოვასი, ახალგაზრდა ქალის, რომელიც თვითმკვლელ მოიერიშედ იქცა და დავალებაც შეასრულა, როცა მოსკოვის მეტროში ბომბი ააფეთქა.

მაგომედოვს მიაჩნია, რომ მისი ქალიშვილის, 28 წლის მასწავლებლის მიზანი ხელისუფლების გამოფხიზლება იყო. ხელისუფლებას ტერორისტული აქტები არ აფხიზლებს არსად და რუსეთშიც ასეა. არა, აფხიზლებს, მაგრამ თავის პოლიტიკას უფრო მეტი დაჟინებით და თავგამოდებით ატარებს, რადგან ეს ტერორიზმი მას ხელ-ფეხს უხსნის კანონის სახელით იმოქმედოს და ძალადობაც ლეგალური გახადოს.
ხდება თავდასხმები სიბნელეში, ძირითადად ქალებზე, ისინი ჯგუფებად იკრიბებიან და უმიზეზოდ ესხმიან თავს ხალხს...

როცა მიხაილ გლინკას ოპერის „რუსლან და ლუდმილას“ პრემიერა იყო პეტერბურგში 1840 წელს, როცა ლერმონტოვი რუსეთის მზარდი იმპერიის მიერ დაპყრობილი მიწის გმირებს ხოტბას ასხამდა, რუსეთი სამხრეთში ომს განაგრძობდა. მაშინ მტრობას თან ახლდა რომანტიზმი და ორივე მიმართული იყო კავკასიელებისკენ, ორივე მათ უკავშირდებოდა. კავკასია რუსეთმა ოფიციალურად მერე და მერე დაიპყრო და იქ გაბატონდა. ამ რეგიონში საბჭოთა ხელისუფლებასაც არ გაიოლებია. ამ დროს რუსებს უკვე ჩამოუყალიბდათ სტერეოტიპი კავკასიელებზე, რომელთაც რუსეთის კინო ხანდახან დასცინოდა ხოლმე, არასერიოზულად მიიჩნევდა ამ „გმირების“ მშობელ მხარეს. დაემხო საბჭოთა კავშირი და მას მერე რუსეთში კავკასიელის, განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიელის, როგორც მოძალადის ხატი დამკვიდრდა.
დღეს რუსეთში კავკასიელების თითქოს ეშინიათ,მაგრამ ბევრს ისინი, უბრალოდ, სძულს. იმართება ანტიკავკასიური მიტინგები.
საპროტესტო აქციებზე შეკრებილები, მაგალითად, თვლიან, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს კავკასიის გამოკვება, თორემ, გაჰყვირიან ისინი, შევწყვეტთ კრემლის გამოკვებასო. ამ ლოზუნგს გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომელთა აზრითაც კავკასია რუსეთია და ასეთი ლოზუნგი ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

სერგეი, რომელმაც გვარის გამხელა ვერ გაბედა, მათ რიცხვშია, ვინც თვლის, რომ მოსკოვში დანაშაულს მიგრანტები სჩადიან: „ხდება თავდასხმები სიბნელეში, ძირითადად ქალებზე, ისინი ჯგუფებად იკრიბებიან და უმიზეზოდ ესხმიან თავს ხალხს.“

რუსებს შორის არსებულმა შიშმა ისინი არ დააფიქრა, რომ იქნებ მთავრობის პოლიტიკა იყო არასწორი კავკასიაში და იქნებ ეს იწვევს სამხრეთელი თანამოქალაქეების აგრესიულ ქმედებას, იქნებ მოსკოვს ეკისრება პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც იქ ხდება. როცა ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, 2000 წელს, კავკასიის ჩრდილოეთში, ჩეჩნეთში, ახალი ომი დაიწყო და მან პირობა დადო, რომ ჩეჩენ „ტერორისტებს“ ყველგან მოსპობდა, სადაც კი დაიმალებოდნენ. ტუალეტშიც რომ მივაგნოთ, იქაც ჩავრეცხავთო, თქვა მაშინ პუტინმა. ამან კი ის მართლაც აქცია ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რუსეთის ფედერაციაში. მას მერე იყენებს ის ტერორიზმის საფრთხეს თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად. ესვე ეხმარება მას სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვასა და პრესის თავისუფლების ჩახშობაში.
ჩეჩნეთი - რუსეთის რეგიონი, ყველაზე ცხელი არეალი - ომებმა სრულიად გაანადგურა. ახლა მისი აღმშენებლობა მიმდინარეობს კრემლისგან იქ დანიშნული პირის, რამზან კადიროვის მიერ. კადიროვის მამა, ახმედ კადიროვი, დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღეს, 9 მაისს, საზეიმო შეკრების დროს მოკლეს აფეთქების შედეგად. ის თავის დროზე ჩეჩნეთის მუფტი იყო, მაგრამ ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსებს თავისი სამსახური შესთავაზა. მისმა ვაჟმა, რამზანმა, ჩეჩნეთის აღდგენა იკისრა და, ამასთან, თავგამოდებით ებრძვის მეამბოხეებს. მაგრამ ძალადობამ ახლა მეზობელ დაღესტანსა და ინგუშეთში გადაინაცვლა, საიდანაც ყოველკვირა ვრცელდება ცნობა მეამბოხეთა თავდასხმის შესახებ.
დაღესტნის მაღალმთიან სოფელ ბალახანში ცხოვრობს რუსლან მაგომედოვის ოჯახი. ის თავის ქალიშვილზე, მარიამზე ლაპარაკობს და, თავის ღარიბულ ბინაში იატაკზე მჯდომი, იმავე სკოლის წვერიანი მასწავლებელი, სადაც მარიამი ასწავლიდა, ამბობს, არ მინდა მოგატყუოთ, რატომ იკისრა მან ასეთი რამ და რატომ აიფეთქა თავი მოსკოვის მეტროშიო. ის აქებს ქალიშვილს, განსაკუთრებული ადამიანი იყო, ძალიან ბეჯითი, კარგად სწაფლობდა სკოლაში, შემდეგ დიპლომი წარმატებით დაიცვა, ისლამურ მეცნიერებებს გაეცნო, ყურანი ზეპირად ისწავლაო. მაგომედოვის აზრით, ასეთ ქმედებას, ტერორს, მოსკოვი იწვევს თავისი პოლიტიკით, როცა კავკასიური ტერორიზმის საფრთხეს იყენებს საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად, რასაც კრემლის მიერ აქ გამოგზავნილი ჩვენი ლიდერებიც უწყობენ ხელსო.
ნაციონალიზმს სჭირდება მთავარი მტერი და პოსტსაბჭოთა ისტორიამ ბუნებრივად მიგვიყვანა იქამდე, რომ ეს მთავარი მტერი ჩრდილოეთი კავკასია აღმოჩნდა...

მაგომედოვმა ჩვენს კორესპონდენტს უჩვენა ახლახან თავის ეზოში ჩამოვადრდნილი რაკეტის კვალი და თქვა, სამთავრობო ძალები მეამბოხეებთან ბრძოლისას უარესს აკეთებენ, რადგან სამოქალაქო პირებს, უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ და მაჰმადიანებს სდევნიან მათსავე, „“მაჰმადიანურ მიწაზეო“. მაგომედოვი ჰყვება მარიამზე, მესმის მისი, შურისძიება სურდაო. ტერორისტის მამა დარწმუნებულია, რომ მომავალში ასეთი თავდასხმები კვლავ განმეორდება.

ამ სოფლიდან რამდენიმე საათის გზაა ინგუშეთამდე, რომელსაც მართავს პოპულარული ლიდერი, იუნუსბეკ იევკუროვიო, ამბობს მაგომედოვი. ის ცდილობს, უშიშროების სამსახურებმა არ აწარმოონ გადაჭარბებული ჩხრეკა და დაპატიმრებებიო. მაგრამ, მისი თქმით, კავკასიელების და სხვა რეგიონების მცხოვრებთა შორის სიძულვილს ხელს უწყობს რუსეთის სხვა არეალების საჯარო პირების გამოსვლებიც: „ჩვენი ახალგაზრდები მეუბნებიან, ქუჩაში სხვა ეროვნების ჯგუფებს ვერიდებითო; არა იმიტომ, რომ გვეშინია, არამედ იმიტომ, რომ ჩხუბს ისინი იწყებენ, მერე კი ყველაფერი მაინც ჩვენ გვბრალდებაო.“

იევკუროვი მთავრობას მოუწოდებს, შემოიღოს კანონი, რომელიც მედიაში საჯარო პირების მიერ სტერეოტიპების გავრცელების ხელშემწყობ გამოსვლებს დასჯიდა. მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. მოსკოვის ინფორმაციისა და ანალიზის ცენტრის - „სოვას“ - თანამშრომელი ალექსანდრ ვერხოვსკი პრობლემას უფრო ღრმად ხედავს. მისი თქმით, რუსები კერძო საუბარში უფრო ავლენენ კავკასიელების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას, ვიდრე საჯაროდ: „ნაციონალიზმს სჭირდება მთავარი მტერი და პოსტსაბჭოთა ისტორიამ ბუნებრივად მიგვიყვანა იქამდე, რომ ეს მთავარი მტერი ჩრდილოეთი კავკასია აღმოჩნდა“, ამბობს ვერხოვსკი.

ბოლო გამოკითხვებით, რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა ფიქრობს, რომ კავკასიელ მეამბოხეებს უფრო მკაცრად უნდა შეუტიოს მთარობამ, უნდა დაწესდეს სიკვდილით დასჯა და მათი ნათესავებიც უნდა დაისაჯონ. ამის ფონზე ვლადიმირ პუტინი აპირებს კვლავ დაუბრუნდეს პრეზიდენტის სავარძელს და მართოს რუსეთის ფედერაცია, რომელშიც შედის ჩრდილოეთ კავკასიის არაერთი არეალი, სადაც მეამბოხეები ჯერ კიდევ არ ყრიან იარაღს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG