Accessibility links

logo-print
ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის მორიგ ეტაპს იწყებს. პროგრამის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება და ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ურთიერთთანამშრომლობით განახორციელებენ პროექტებს, რომელთა მიზანია დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. აღნიშნული საქმიანობა მიმართული იქნება საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ - მაგალითად, გზების შეკეთება, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების აღდგენა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სისტემის მოწყობა და სხვა.

პროექტის პრეზენტაცია დღეს გორში გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და საზოგადოების წევრები დაესწრნენ. პროექტი საქართველოს იმ 4 რეგიონში განხორციელდება, სადაც დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები არსებობს. „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით მონაწილეობას იღებს პროექტის ეფექტური განხორციელებისთვის საჭირო პრინციპებისა და მექანიზმების შემუშავებაში, რაც უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ასევე ადგილობრივი თემების აქტიურ ჩართვას პროგრამის განხორციელების პროცესში. ბარტეკ ტომალიკი, წარმომადგენელი მოძრაობისა „შიმშილის წინააღმდეგ“, აცხადებს, რომ ახალი პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაზარალებულთა მდგომარეობას.

პროგრამის ფარგლებში მოხდება სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, განსაკუთრებით იმ თემებში, სადაც სიღარიბის დონე მაღალია. იმ მუნიციპალიტეტებს კი, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, შესაძლებლობა ექნებათ, წარადგინონ ინფრასტრუქტურის განვითარების საპროექტო წინადადებები. პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა და, როგორც შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე ამბობს, კომპეტენტური კომისია გამჭვირვალედ იმუშავებს.

მუნიციპალიტეტებს გაეწევათ მხარდაჭერა ტრენინგების სახით, რათა მათი საპროექტო წინადადებები მკაფიოდ ასახავდეს კონკრეტული პროგრამის პრიორიტეტებს და კრიტერიუმებს. დევნილთა და განსახლების შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი მანანა ჭამპურიძე ამბობს, რომ დევნილებისთვის ამ პროგრამის დაწყება მნიშვნელოვანია, რადგან მათი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას ემსახურება.

ეს პროგრამა სოფლის დახმარების პროგრამას რაღაცით ჰგავს. განსხვავება ის არის, რომ საპროექტო წინადადებები მუნიციპალიტეტებმა უნდა წარადგინონ. ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ პროგრამა გამჭვირვალედ იმუშავებს და ყველა ბუნდოვანი და სადავო საკითხი თავიდანვე გამოირიცხება. პროექტების წარდგენა 2012 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს, რომელსაც შესარჩევი კომისია განიხილავს. მომავალი წლის გაზაფხულ-ზაფხულისთვის კი გამარჯვებული პროექტების რეალიზებას მუნიციპალური განვითარების ფონდი მოახდენს.
XS
SM
MD
LG