Accessibility links

logo-print
4 ნოემბერს გამოსული ქართული გაზეთების მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ „რეზონანსიდან“, რომლის პირველ გვერდზე გამოტანილი მეწინავე სტატიის სათაურია „ივანიშვილის ფაქტორი და თვითგამორკვევა ოპოზიციაში“. ავტორის დაკვირვებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ოპოზიციაში გარკვეული გადაჯგუფების პერიოდი დაიწყო. სტატიაში ჩამოთვლილია იმ პოლიტიკოსების გვარები, რომლებმაც უკვე დატოვეს ან შეიძლება დატოვონ პარტიები. ასეთებად დასახელებულია ნესტან კირთაძე, სოზარ სუბარი და დავით ფაცაცია. ავტორი ვრცელ ადგილს უთმობს „ახალი მემარჯვენებიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით საგანელიძეს, რომელმაც სულ ახლახან პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა, თუმცა თავად დავით საგანელიძე ამბობს, რომ მისი გადადგომა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს არ უკავშირდება. „მიზეზი იყო ძალიან მარტივი. არის მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, პარტიის სტრატეგიული ხედვა, განვითარების პერსპექტივები და საერთოდ სტრატეგიული თემები, რაზეც მე მაქვს განსხვავებული ხედვები“, უთქვამს დავით საგანელიძეს „რეზონანსისათვის“.

გაზეთი ასევე ვრცელ სტატიას უძღვნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების დასრულებას. მრავლისმეტყველია სტატიის სათაური: „გამარჯვებად შეფუთული კაპიტულაცია, თუ ვე-მე-ო-ს ფრონტზე მოგებული ომი“. რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო, შეთანხმების მიხედვით, ვერც პოლიტიკურად იხეირებს და ვერც ეკონომიკურად. ასეთია ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრება, რომელსაც კატეგორიულად არ იზიარებს ევროინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ვასილ ჭყოიძე. მისი თქმით, საქართველომ არაპირდაპირი გზით მოახერხა იმის აღნიშვნა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს საკუთრებაა.

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მიღებაზე საქართველოს თანხმობას ეხმიანება გაზეთი „ახალი თაობაც“, თუმცა პირველ გვერდზე გამორჩეული ადგილი უკავია სტატიას, რომელშიც ლეიბორისტული პარტიის მიერ მოწყობილი აქციის დეტალებია აღწერილი. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერები სიხარულიძის ქუჩაზე, დეპუტატ კობა ნაყოფიას სახლთან შეკრიბა და სახელდახელოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„ ეს სასახლე სააკაშვილის მოლარის, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, ოქროს საბადოს მფლობელ ნაყოფიას კუთვნილებაა. მაგრამ სინამდვილეში ის თქვენი შრომითა და თქვენი ქონებით ააშენა და მიითვისა. ეს ქონება ნაყოფიასა და მისთანებს აუცილებლად ჩამოერთმევა და გადაეცემა ხალხს.“

4 ნოემბრის „ახალი თაობიდან“ მკითხველი ასევე შეიტყობს, რომ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალი პარტიის - „განახლებული საქართველოს“ - დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. გაზეთის ცნობით, ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია ნანა გულუა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, მინდია გულუას და. სტატიაში იმაზეცაა საუბარი, რომ მინდია გულუა ასევე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კოტე გოგელიას პარტნიორია.

მიმოხილვას დავასრულებთ „24 საათით“, რომელსაც პირველ გვერდზე გამოტანილი აქვს სტატია, სათაურით „მერაბ მამარდაშვილი ახალი თაობისათვის“. საქმე ისაა, რომ სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტმა მოამზადა და ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით გამოსცა მერაბ მამარდაშვილის ლექციების, მოხსენებების, ინტერვიუებისა და სტატიების კრებული - “ცნობიერების ტოპოლოგია”, რაც, სტატიის ავტორის თქმით, ფილოსოფოსის შემოქმედების ყველაზე უფრო ვრცელ კრებულს წარმოადგენს ქართულ ენაზე. კრებული იხსნება ვრცელი წინასიტყვაობით, რომლის ავტორი მერაბ მამარდაშვილის მეგობარი და კოლეგა ალექსანდრ პიატიგორსკია. ამ და სხვა სტატიებს 4 ნოემბრის „24 საათში“ წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG