Accessibility links

ახალი პოლიტიკური სუბიექტები - ბიძინა ივანიშვილის ფონზე


პოლიტიკური პარტიის ”განახლებული საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა

პოლიტიკური პარტიის ”განახლებული საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა

ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისა და პოლიტიკური გეგმების გაცხადების შემდეგ, ერთი მხრივ, უკვე არსებულ პოლიტიკურ სიბრტყეში მოხდა ცვლილებები, რაც ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებით გამოიხატა, მეორე მხრივ კი, ახალი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების მომსწრეები გავხდით.3 ნოემბერს ფილარმონიაში ახალი პარტიის - ”განახლებული საქართველოს” - დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. პარტიას რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მინდია გულუას და, ნანა გულუა უხელმძღვანელებს. აქვე შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” პრეზენტაციასაც ფილარმონიაში გეგმავს.
ახალი პარტიის შემოსვლა, თავისი მიზნებით და ამოცანებით, ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის დროული არ არის...

იმ ფონზე, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მოსალოდნელი იყო ბევრი ძველი და ახალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალა გააქტიურებულიყო, მიიჩნევს გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი პოლიტოლოგი გია ვოლსკი, თუმცა, ამ მოლოდინის მიუხედავად, ექსპერტი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მინდია გულუასა და მის დას ახალი პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად შერჩეულ დროს უწუნებს:

”ამ ვიწრო ყელში, რომელშიც აღმოჩნდა ქართული საზოგადოება მთლიანად, ვფიქრობ, რომ ახალი პარტიის შემოსვლა, თავისი მიზნებით და ამოცანებით, ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის დროული არ არის.”

აქვე ვთქვათ, რომ ახლად შექმნილი პარტიის - ”განახლებული საქართველოს” - მიზანი, როგორც 3 ნოემბერს ჩატარებულ ყრილობაზე გაცხადდა, შემდეგია: კანონმდებლობის გამოყენებით საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სხვა სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება.

პოლიტოლოგ გია ვოლსკის ხმამაღალი ეჩვენება განცხადება იმის შესახებ, რომ პარტია ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შეიქმნა. ექსპერტი ფიქრობს, რომ პარტიის შექმნით ხელისუფლებას უფრო იმაზე საუბრის საფუძველი ექნება, რომ იმსჯელოს რუსეთიდან მომავალ ინტერესებზე და ეცდება ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებით ახალი პარტიის შექმნა მიაბას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ აქტივობას.

ახალი პარტიის შექნაში რომ რუსული სპეცსამსახურების ინტერესებია, ეჭვი არ ეპარება საქართველოს ევროინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს ვასილ ჭყოიძეს. ის მიიჩნევს, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მატერიალური შესაძლებლობები ახალი ინექცია იქნება საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მსურველი დაინტერესებული ძალებისათვის.

” ძალიან სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ 2012 წლის არჩევნები არის რუსული სპეცსამსახურების მთავარი სამიზნე, იმიტომ რომ, თუ 2012 წლის არჩევნები ჩატარდა სტაბილურ გარემოში და მივიღეთ დაბალანსებული პოლიტიკური სპექტრი და პარლამენტი, ეს იქნება საქართველოსთვის სერიოზული სავიზიტო ბარათი ნატოში ინტეგრაციისა და ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით წასვლისაკენ, ხოლო ამ არჩევნების ჩაშლა, დესტაბილიზაცია ან არჩევნების შემდგომი დესტაბილიზაცია - ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ დასავლეთი დაკარგავს ინტერსს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მიმართ, თუნდაც პერსპექტივაში”, - აცხადებს ევროინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ვასილ ჭყოიძე.
ეს პარტია იქნება ოპოზიციური, მაგრამ არა რადიკალური ოპოზიციური პარტია, უფრო რეალური...

თავის მხრივ, ”განახლებული საქართველოს” დამფუძნებელ ყრილობაზე ხაზი გაესვა, რომ ახალი ძალა რუსული ინტერესების გამტარებელი არ იქნება და ქართული საზოგადოების მოთხოვნებს შეასრულებს, ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ კომენტარში კი პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ჯემალ ანთიძემ განაცხადა, რომ პარტია ოპოზიციური იქნება, თუმცა რადიკალიზმს მოკლებული:

”ეს პარტია იქნება ოპოზიციური, მაგრამ არა რადიკალური ოპოზიციური პარტია, უფრო რეალური, და გეტყოდით, რომ ლიბერალურიც.”

ახლად შექმნილი პარტიის თავმჯდომარემ ნანა გულუამ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიის შესახებ დამატებით კითხვებს თვის განმავლობაში უპასუხებს, როდესაც პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდება.
მინდია გულუას პარტიის შექმნას წინ უძღოდა მისი პირადი გაღიზიანება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რადგან მის მიერ განსახორციელებელ პროექტებს წინააღმდეგობა შეხვდა, აცხადებს ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. ამდენად, სოსო ცისკარიშვილისთვის გასაგებია მინდია გულუას პოლიტიკაში მოსვლის მოტივაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის ფონზე მისმა პარტიულმა სურვილმა აქტუალობა დაკარგა:

” ჰიმნად ამ ახლად შექმნილი პარტიისა შეიძლება იყოს: ”მეც კაცი ვარ, აგრე რატომ მიყურებ, მეც მახურავს თავზე ნამუსის ქუდი”. ჩემი აზრით, ეს არის შეთავაზებები ისევ ივანიშვილის მიმართ, რომ აი, ჩვენც ვართ და ჩვენც დაგიდგებით გვერდით. ასე პოლიტიკაში მოსვლა, ალბათ, გაცილებით იოლია, როცა თავშესაფრად გეგულება ისეთი ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ზოგადად ქართული პოლიტიკური პერსპექტივისთვის ძალიან გულისდამწყვეტია, როცა 218-ე, 219-ე, 220-ე პარტია იქმნება ქართულ პოლიტიკაში და შედეგი არის ხოლმე მუდმივად ერთი და იგივე - უზარმაზარი განსხვავებით არჩეული პირველი პირი და ამის შემდეგ 15 წუთიანი დემოკრატია ქვეყანაში.”

სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მსურველი სხვა პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდებიან, თუმცა საზოგადოებას მოუწევს მეტი პასუხისმგებლობით აუღოს ალღო ახალ პოლიტიკურ მოცემულობას.
XS
SM
MD
LG