Accessibility links

logo-print

საქართველოს 9 ნოემბერს ეწვევიან ანდერს ფოგ რასმუსენი და ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩები


საქართველოში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელთა ვიზიტს, რომელიც მომავალ კვირაშია დაგეგმილი, მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. მისი განცხადებით, ვიზიტი ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს გამორჩეულ პარტნიორობას. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან განიხილავენ რეფორმების მხრივ შემდგომი პროგრესის და ნატო-საქართველოს ურთიერთობის განვითარების საკითხებს. რასმუსენმა კვლავ გამოხატა ალიანსის მადლიერება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო. ნატოს გენერალური მდივანი და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩები საქართველოს 9 ნოემბერს ეწვევიან და ორი დღის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში შეხვდებიან ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG