Accessibility links

საბერძნეთი რეფერენდუმს აღარ ჩაატარებს


საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, ევანგელოს ვენიზელოსმა მისი ქვეყნის ევროპელ პარტნიორებს აცნობა, რომ საბერძნეთმა ოფიციალურად თქვა უარი რეფერენდუმის გამართვაზე ევროკავშირის მხრიდან დახმარების მიღების ირგვლივ. ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების ლიდერებისთვის შოკისმომგვრელი განცხადება - რომ ასეთი რეფერენდუმი ჩატარდებოდა - კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა გეორგიუს პაპანდრეუმ გააკეთა. 130 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება მიზნად ისახავს საბერძნეთის დეფოლტისგან გადარჩენას - თუმცა, ამავე დროს, ითვალისწინებს საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკას, რომელიც მასობრივ უკმაყოფილებას იწვევს. ევროკავშირის ლიდერები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ თუ საბერძნეთი ამ შეთანხმებას უარყოფდა, მას მოუწევდა ევროზონის და, შესაძლოა, თავად ევროკავშირის დატოვებაც. ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ საფრანგეთის ქალაქ კანში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საბერძნეთს პირობის შესრულებისკენ მოუწოდა: „ჩვენ პატივს ვცემთ საბერძნეთის დემოკრატიას და უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ამავე დროს, აუცილებელია საბერძნეთმა უერთგულოს პირობებს, რომლებზეც თავადვე აქვს ხელი მოწერილი“. დღეს საბერძნეთის პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხზე გადამწყვეტი კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG