Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პარლამენტში იმართება კენჭისყრა მთავრობისადმი ნდობის საკითხზე


საბერძნეთის პარლამენტში ტარდება კენჭისყრა პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუს კაბინეტის მიმართ ნდობის საკითხზე. ამასთან, პაპანდრეუს გადადგომისაკენ მოუწოდებს ოპოზიცია, ისევე როგორც თანაპარტიელების ნაწილი. პაპანდრეუს სოციალისტურ პარტიას სულ ორი მანდატის უმრავლესობა აქვს 300-ადგილიან პარლამენტში. ნდობის საკითხზე კენჭისყრის ფონს ქმნის საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა, რომ ათენმა მხარი დაუჭიროს მის დასახმარებლად დიდი ძალისხმევის შედეგად მომზადებულ პაკეტს 130 მილიარდი ევროს მოცულობით. დახმარებით, რომელიც ითვალისწინებს საბერძნეთის ვალების 50 პროცენტის ჩამოწერასაც, სურთ საბერძნეთისათვის დეფოლტის თავიდან აცილება. მაგრამ დახმარებას უკავშირდება მომჭირნეობის მკაცრი ზომებიც, რომელთა მიღებაც ათენს მოუწევს და რომლებიც მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს საბერძნეთის მოსახლეობაში. დღეს უფრო ადრე, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის, ევანგელოს ვანიზელოსის მიერ გაკეთებული განცხადებით, მან ევროპელ პარტნიორებს შეატყობინა, რომ საბერძნეთმა ოფიციალურად გააუქმა დახმარების მისაღებად მომზადებული შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმა. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ თუ საბერძნეთი უარს იტყვის დახმარებისა და მომჭირნეობის ზომების მომცველ შეთანხმებაზე, მას მოუწევს, დატოვოს ევროზონა და შესაძლოა, ევროკავშირიც.
XS
SM
MD
LG