Accessibility links

logo-print
რა უცნაურია: კარგად რომ დავფიქრდეთ, ლიდერად არასდროს გვყოლია "ჩვეულებრივი" ადამიანი... ან წამებულ-ჯვარცმული პრეზიდენტები გვყავს, ან კედლებ-დამანგრეველ-აღმაშენებლები და ან მოჭარბებულად ქარიზმატულნი...

ექსცენტრულობა - აი, რა იყო (და არის) მთავარი მახასითებელი! ამ დროს, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა საქართველოსთვის ერთი ჩვეულებრივი და ყოვლად არაგამორჩეული, სასიამოვნოდ ნაცრისფერი ლიდერი!

არა გმირი, არა წმინდანი, არა კედლებმსხვრევი, არა პოლიგლოტ-გიგანტი, არამედ რაღაცნაირად სათნოდ უსახური პოლიტიკოს-მენეჯერი...

რა ვქნა, დამქანცეს გმირებმა და ფატალისტებმა!

ამიტომ პირდაპირ ვამბობ - ჩემი უგვირგვინო მეფეა გივი გუმბარიძე! საქ სსრ-ს ბოლო ცეკას მდივანი.

გივი გუმბარიძე არაა მხოლოდ ადამიანი, ესაა ფენომენი, სტანდარტი, რომელიც ყველაზე წარმატებულად მუშაობს საქართველოში...

ახლა რომ ვფიქრობ, გივი გუმბარიძეზე უკეთ საქართველო არც არავის უმართია. ეს იყო სიმშვიდის, შეთანხმება-დათანხმებების და ტაქტიანი ჭკუისკოლოფობის ეპოქა.

ეს იყო უკანასკნელი ხმადაბლა მოსაუბრე ლიდერი!

არ მახსოვს, ჰყავდა თუ არა ოპონენტი... წესით, მისი სტატუსიდან გამომდინარე, კი უნდა ჰყოლოდა, მაგრამ ისე მოახერხა (მე ვიტყოდი, გენიალურად ნაცრისფრად), რომ მისივე პოტენციური ოპონენტები ერთმანეთის ოპონენტებად აქცია ("ეროვნულები" ერთმანეთის სიძულვილში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს)... ეს კი, ჩემი უგვირგვინო, მშვიდად და უხმაუროდ მართავდა ქვეყანას...

მკრეხელობად ნუ ჩამითვლით და, გივის რომ ემართა, გუმბარიძეს, დამოუკიდებელი საქართველო, ეჭვი არ მეპარება, არც ოსთა და ქართველთა ომი იქნებოდა, არც სამოქალაქო და არც აფხაზურ-ქართულ-რუსული... როგორც კომუნისტი ბრაზაუსკასი, ესეც აუღელვებლად (არაისტერიული სინაცრისფრით) გაგვატარებდა ცეცხლსა და წყალში და, რა იცი, ეგებ ევროკავშირის კარზეც კი მიგვეკაკუნებინა... მანდაც ხომ გივი გუმბარიძეები სხედან - ნათესაურ სულს ხელადვე ამოიცნობდნენ... აბა, ვინ შეუშვებს ნაცრისფერ და მოწესრიგებულ ბიუროკრატიაში წმინდან-წამებულს!

როგორი მშვიდი დემოკრატია გვქონდა მისი მმართველობის დროს... სასიამოვნოდ უფერული ტელეგადაცემები (რა დამავიწყებს ძილისპირულ დედადუსა და მამადუს... ეჰ, ნორჩები ვერც მიხვდებიან, რაზე ვწერ; მადლიერმა ხალხმა კი, თუ გახსოვთ, მოფერებით თავად ლიდერს უწოდა მამადუ - იერით ჰგავსო), ნოლი კრიმინალი, მელანქოლიური მილიცია (რომელსაც გივი გუმბარიძე მალე და დიდი ისტერიკების გარეშე გადააკეთებდა პოლიციად), სოკოებივით გამრავლებული კერძო ბიზნესები (კოოპერატივები თუ კომერციული მაღაზიები) და კიდევ რა აღარ... მის დროსვე გაჩნდა პირველი სატელევიზიო რეკლამაც - სარეკლამო ტექსტი ლურჯ ეკრანზე იწერებოდა, გამოსახულების გარეშე. რომელი ერთი ჩამოვთვალო. მეტირება კიდეც, ამას რომ ვწერ.

მაგრამ გივი გუმბარიძემ მალევე დატოვა საქართველოს ხელმძღვანელის პოსტი (ამაშიც უნიკალური გახლდათ - ასე ღირსეულად და მშვიდად არავინ წასულა თანამდებობიდან; კაცმა არჩევნებში წააგო და აღიარა, არც მხარდამჭერები გამოუყრია ქუჩაში და არც ომი დაუწყია). ოღონდ ოდენ პერსონალურად კი არა, საქართველო ზოგადად გივი გუმბარიძიზმმა დატოვა.

ამ დროს, როგორ გვჭირდება გივი გუმბარიძე!

ესაა პოლიტიკოსი ხასიათის გარეშე - როცა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ქვეყნის ხელმძღვანელი...

გუბარიძიზმი - ესაა უემოციო, სტაბილური და ხმადაბალი პოლიტიკური ცხოვრება...

დიდი პოლიტიკური სინაცრისფრე = დიდ სახელმწიფოებრივ წარმატებებს! ესაა გივი გუმბარიძის ფორმულა და პირადად მე, როგორც ერთი რიგითი საზოგადოებრივი ცხოველი, სწორედ ამ ფორმულას ვეტრფი...
XS
SM
MD
LG