Accessibility links

7 ნოემბერი ”დაუმორჩილებლობის შემოდგომის” პირველი აქციით აღინიშნა


7 ნოემბერს პარლამენტის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა - ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური ძალა 2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დარბევის ოთხი წლისთავს. 7 ნოემბერი სიმბოლურად ერთდღიანი შიმშილობით გააპროტესტეს რუსთავის მე-17 იზოლატორში მყოფმა მელორ ვაჩნაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმაც. მათი მიმართვა საზოგადოებას მოძრაობა ”არას” წარმომადგენლებმა გააცნეს.
დღევანდელი აქცია კი ერთადერთ მიზანს ემსახურება - გააგებინოს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს აღარ უნდა სისხლიანი დესპოტის, სააკაშვილის რეჟიმი...

”დაუმორჩილებლობის შემოდგომა” - ასე დაარქვეს ლეიბორისტებმა საპროტესტო აქციათა სერიას, რომლის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომაა. პარლამენტის წინ ლეიბორისტების და მათი მხარდამჭერების პირველ შეკრებას ხელი თბილისში წელს პირველად მოსულმა თოვლმა შეუშალა, თუმცა აქციის ორგანიზატორები ოთხი წლის წინანდელ ამინდს იხსენებდნენ და ამბობდნენ, რომ მაშინაც სწორედ ასეთ ამინდში აპროტესტებდა ხალხი სააკაშვილის მმართველობას. ლეობორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ”დაუმორჩილებლობის შემოდგომას” ”დაუმორჩილებლობის ზამთარი” და, შესაბამისად, სხვა სეზონები მოჰყვება და აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ სააკაშვილი პოსტს არ დატოვებს:

”აქციები იქნება ხშირი, დღევანდელი აქცია კი ერთადერთ მიზანს ემსახურება - გააგებინოს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს აღარ უნდა სისხლიანი დესპოტის, სააკაშვილის რეჟიმი და მოითხოვს მის გადადგომას. სანამ მერაბიშვილი და სააკაშვილი თავიანთ კაბინეტებში სხედან, საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება.”

”ლეიბორისტების აქციას” რამდენიმე უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზიციაც შეუერთდა. პარლამენტის წინ ძირითადად „შრომის პარტიის“ მომხრე საზოგადოება იყო შეკრებილი.

2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ გადადგა ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი საქართველოში ავტორიტარული მმართველობის საბოლოოდ დასაკანონებლად...
7 ნოემბერს რუსთაველზე გამართულ აქციაზე არ გამოჩენილან იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ოთხი წლის წინ ანალოგიური მოთხოვნებით იდგნენ პარლამენტთან. ქუჩის აქციების გზას ამ ეტაპზე არ იზიარებენ რესბუპლიკელები. მათი ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, მის პოლიტიკურ ძალას 7 ნოემბრის შესახებ ყველაფერი ნათქვამი აქვს:

”არ შეიძლება ქვეყანაში იყოს მუდმივად ასეთი ვითარება - როდესაც სახელმწიფო თავისი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის და ამისთვის არავინ ისჯება. 7 ნოემბერიც და კიდევ უფრო მძიმე 26 მაისიც ყველა შემდეგი ხელისუფლების მთავარი ტესტი იქნება, მოახერხებს თუ არა ის ამ დანაშაულის გამოძიებას და ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის დასრულებას.”

საპროტესტო აქციის მონაწილენი

საპროტესტო აქციის მონაწილენი

”ახალმა მემარჯვენეებმა ეს დღე ახალციხეში გაიხსენეს, სადაც პარტიის ოფისი გახსნეს. ”ახლების” წევრი მანანა ნაჭყებია რადიო თავისუფლებასთან საუბარში 7 ნოემბერს უწოდებს დღეს, რომელიც ყველას და, პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს:

7 ნოემბერს ასევე გავრცელდა რუსთავის მე-17 იზოლატორში მყოფი მელორ ვაჩნაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის მიმართვა, რომელშიც ვკითხულობთ:

”2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ გადადგა ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი საქართველოში ავტორიტარული მმართველობის საბოლოოდ დასაკანონებლად. 7 ნოემბერს ხელისუფლებამ არაერთგზის დაარღვია ადამიანის უფლებები, საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ამის მიუხედავად, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი დღემდე არ დასჯილა. უფრო მეტიც, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს გადაავიწყდა კიდეც 2007 წლის 7 ნოემბერი”...

”არას” კიდევ ერთი წევრის, ლევან ჩიტაძის თქმით კი, პროტესტის ნიშნად მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი, რომლებიც თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის ფაქტს ერთდღიანი შიმშილობით ეხმაურებიან.

შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბერს აქცია რუსთაველის გამზირზე - მოგვიანებით კი რიყეზე - სპეცრაზმმა წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. მაშინ ასობით ადამიანი დააპატიმრეს. იმავე საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია ”იმედშიც” შეიჭრა.

ქართველი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ 7 ნოემბერს და მას შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ათობით ადამიანი დღემდე ციხეში რჩება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG