Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე უარყოფს ინფორმაციას თბილისსა და ერევანს შორის უთანხმოების შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ უარყოფს, რომ თბილისსა და ერევანს შორის უთანხმოებაა. გასული ორშაბათის მსგავსად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზეც განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ. კალანდაძის თქმით, არ ფლობენ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი სარგსიანი პრეზიდენტ სააკაშვილზე განაწყენებულია და საქართველოში ვიზიტი სწორედ ამიტომ გააუქმა. 18 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში თბილისში დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი. ეს ინფორმაცია არ დაადასტურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ადგილობრივი მედია კი იუწყებოდა, რომ სერჟ სარგსიანი გაანაწყენა მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ იმის შესახებ, რომ სომხეთში მეწყრის შედეგად შექმნილი ვითარების მსგავს სიტუაციას საქართველო ერთ დღეში მოაგვარებდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს განაცხადა, რომ სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ იყო და ის ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დროს შედგება. იმის დასტურად, რომ თბილისსა და ერევანს შორის უთანხმოება არ არსებობს, ნინო კალანდაძემ დაასახელა ერევანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი სამუშაო ვიზიტი და უარყო სომხეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობა, რომ ერევანში გრიგოლ ვაშაძის ჩასვლა აუცილებელი გახდა ვითარების განმუხტვისთვის.
XS
SM
MD
LG