Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვული პროგრამა და ატომური სააგენტოს მომავალი ანგარიში


ირანის ატომური ელექტროსადგური
ირანის ატომური ელექტროსადგური
ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ანგარიში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 8 ან 9 ნოემბერს გამოქვეყნდება. ის ჯერ არავის უნახავს, მაგრამ მედია უკვე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ანგარიშში შესაძლოა დადასტურებული იყოს თეირანის მცდელობა, შექმნას ბირთვული იარაღი. ამის ფონზე ისრაელი, სააგენტოს არაწევრი ქვეყანა, მედიისვე სპეკულაციით, შესაძლოა თავს დაესხას ირანს.
თავად ირანი მუდამ ამტკიცებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. „ნიუ იორკ ტაიმსს“ მოჰყავს კერძო საუბარში ოფიციალური პირის ნათქვამი, რომ ირანელი მეცნიერები ცდებს ატარებენ ბირთვული ქობინების, ბირთვული ასაფეთქებელი სისტემებისა და გამშვები მოწყობილობის შესაქმნელად, რაც მხოლოდ იარაღისთვის გამოიყენება. ამ ვარაუდებს ამძაფრებს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირანმა ცენტრიფუგების გადატანა დაიწყო მიწისქვეშა ობიექტზე. ეს დასავლეთს აფიქრებინებს, რომ თეირანი თავისი ცენტრიფუგების საიმედოდ დაცვას ცდილობს თავდასხმის შემთხვევისთვის. ირანი განაგრძობს ურანის გამდიდრებასაც. ერთი მხრივ, 20 პროცენტიანი გამდიდრება, ბევრის აზრით, საჭირო არაა მხოლოდ ბირთვული ელექტროსადგურისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ცნობილია, რომ ქობინებისთვისაც არაა საკმარისი. ირანი ატომური ენერგიიის სააგენტოს წევრია. ორგანიზაციამ გაეროს უშიშროების საბჭოში თეირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ წინადადება შეიტანა და ოთხი ასეთი სანქცია უკვე მოქმედებს კიდეც. მაგრამ ირანი განაგრძობს სააგენტოს მოთხოვნების შესრულებას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, კანში, ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს 20 უდიდესი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისას, ირანზე მეტი ზეწოლა მოითხოვა:

„საშუალება გვქონდა უსაფრთხოების არაერთ საკითხზე გვემსჯელა. ერთ-ერთი, რასაც კერძოდ მინდა შევეხო, ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეა. ატომური სააგენტო მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს ანგარიშს. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და მე შევთანხმდით, რომ საჭიროა დღემდე უპრეცედენტო ზეწოლა ირანზე, რათა მან ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.“
ამის ფონზე, მედია ბევრს წერს, ვარაუდებს გამოთქვამს ისრაელის გეგმაზე, სამხედრო დარტყმა მიაყენოს ირანს. ისრაელის გაზეთი „ჰარეცი“ ორ ნოემბერს იუწყებოდა, რომ ამ ქვეყნის პრემიერი, ბენიამინ ნეტანიაჰუ, და თავდაცვის მინისტრი, ეჰუდ ბარაკი, შეეცადნენ კაბინეტში მხარდაჭერა მოეპოვებინათ ირანის ბირთვულ ობიექტებზე წინასწარი დარტყმის საკითხში. ამასთან ერთად, გავრცელდა ცნობა, რომ ისრაელმა გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც უნარი შესწევს ბირთვული ქობინა ირანამდე გატყორცნოს. ისრაელი ატომური სააგენტოს წევრი არ არის და უწყებას არა აქვს შესაძლებლობა გააკონტროლოს ამ ქვეყნის ბირთვული პოტენციალი. არსებობს ვარაუდებზე დაფუძნებული აზრი, რომ ისრაელს ბირთვული იარაღი აქვს. და კიდევ ერთი ცნობა, რომელიც გაზეთმა „გარდიანმა“ გაავრცელა: ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ფიქრობს, რომ აშშ-მა შეიძლება იმოქმედოს სწრაფი განხორციელების გეგმით, სარაკეტო დარტმა მიაყენოს ირანის ობიექტებს.

ნატოს შორს უჭირავს თავი ამგვარი ვარაუდებისგან. გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ ნატოს არა აქვს განზრახვა იერიში მიიტანოს ირანზე, რომ ნატო არ არის ჩართული ირანის საკითხში. მაგრამ ირანზე ისრაელის თავდასხმის თემა აქტუალური რჩება. კანადის ონტარიოს კინგსტონის სამხედრო კოლეჯის პროფესორმა ჰუშანგ ჰასანიარმა შემდეგი უთხრა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს:

„ისრაელის ხელისუფლების განცხადებებმა იმგვარად დაარწმუნა დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მეთაურები, რომ ისინი ირანს არა მხოლოდ ისრაელისთვის, თავიანთთვისაც საფრთხედ მიიჩნევენ. მათვე დაარწმუნეს ირანის ზოგიერთი მეზობელი ქვეყანა, რომ ის მათაც ემუქრება. ჩემი აზრით, სამხედრო შესაძლებლობა ძალიან სერიოზულია და ის სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.“
ისრაელმა ორჯერ მიაყენა დარტყმა ახლო აღმოსავლეთში თავისი მეზობელი ქვეყნების ბირთვულ ობიექტებს - 1981-ში ერაყს და 2007 წელს სირიას. ისრაელის მედიის თანახმად, ამ ქვეყნის გამოკითხული მოსახლეობის 41 პროცენტი ირანზე თავდასხმას მხარს უჭერს, 39 წინააღმდეგია, დანარჩენი თავს იკავებს. ვარაუდობენ, რომ თუ ირანმა ისურვა, 2015-2016 წლებისთვის მას ბირთვული იარაღი ექნება.

თვითონ ირანმა - მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აქბარმა - განაცხადა, რომ ის ომისთვის მზად არის. შემდეგ ანკარაში ირანის საელჩომ უარყო ასეთი განცხადება. რაც უნდა ეწეროს ატომური სააგენტოს ანგარიშში, საერთაშორისო თანამეგობრობას ახლა, ამ ეტაპზე, მედიის ვარაუდების მიუხედავად, ომი არ სჭირდება. დასავლეთი უფრო დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებას ემხრობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა თქვა, სამხედრო დაპირისპირებას ირანთან არ ვესწრაფვით, ვცდილობთ, საერთაშორისო ზეწოლა გავაძლიეროთ თეირანზეო. რუსეთმა, მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, როცა ის 7 ნოემბერს ისრაელის პროეზიდენტს, შიმონ პერესს შეხვდა, განაცხადა, რომ ირანზე ბირთვული თავდასხმა იქნება შეცდომა, გაუთვალისწინებელი შედეგებით. სამხედრო გზით არანაირი პრობლემის მოგვარება არ შეიძლება დღესო.

ბრიტანეთმა ასევე ზეწოლა მოითხოვა ირანზე, თუმცა დასავლეთის ქვეყნების მოთმინებაზე ალაპარაკდა და თქვა, რომ ამ მოთმინებას საზღვარი აქვს, რომ სურს მოლაპარაკება, მაგრამ ყველა შესაძლებლობის გამოყენების უფლებას ვიტოვებთო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG