Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი და მედვედევი დაესწრებიან ”ჩრდილოეთის ნაკადის” გახსნას


გერმანიისა და რუსეთის ლიდერები დღეს ”ჩრდილოეთის ნაკადის” გახსნის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. ამ გაზსადენის საშუალებით რუსეთის ბუნებრივი აირი დასავლეთ ევროპას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით მიეწოდება. გაზსადენის სიგრძე 1224 კილომეტრია და ის გვერდს უვლის მიწისზედა გაზსადენების არსებულ ქსელებს უკრაინისა და ბელორუსიის გავლით. კანცლერი ანგელა მერკელი და პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სიმბოლურად გახსნიან გაზსადენს გერმანიის ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლუბმინში. ცერემონიას დაესწრებიან საფრანგეთისა და ნიდერლანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრები, აგრეთვე ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში. ”ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენი 2012 წელს ამოქმედდება და წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. პროექტი 7,4 მილიარდი ევრო დაჯდა და რუსეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის ფირმებმა ერთობლივად განახორციელეს.
XS
SM
MD
LG