Accessibility links

logo-print
8 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა დიდი დრო დაუთმეს კამათს აგენტებზე, მოღალატეებსა თუ რუსეთის ინტერესების მხარდამჭერებზე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ წამოჭრილი საკითხები არასერიოზულად მიიჩნიეს, შეიძლება ითქვას, რომ განმარტებების გაკეთებას მთელი სერიოზულობით მიუდგა უმრავლესობის არაერთი წარმომადგენელი. ისინი ცდილობდნენ გამოეკვეთათ განსხვავებები კახა ბენდუქიძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის.
თქვენ წარმოიდგინეთ, განათლების მინისტრი რუსეთის აგრესიას და ოკუპაციას უწოდებს ”აგვისტოს მოვლენას”...

თემა, რომელიც უმრავლესობის წარმომადგენლების - და განსაკუთრებით გოკა გაბაშვილის - საყვარელ თემად დაასახელა და რომელსაც ”რუსეთის აგენტებისა და მოღალატეების თემა” დაარქვა, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ წამოაყენა. თვალსაჩინოებისათვის მის მიერ წარმოდგენილი იყო მოზრდილი ზომის ორი ფოტოსურათი და ერთი ციტატაც. ფოტოსურათებზე აღბეჭდილია კახა ბენდუქიძე, რომელიც ერთ შემთხვევაში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს, ხოლო მეორე შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ართმევს ხელს. რაც შეეხება ციტატას, ის განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ოფიციალური მიმოწერიდან არის:

”თქვენ წარმოიდგინეთ, განათლების მინისტრი რუსეთის აგრესიას და ოკუპაციას უწოდებს ”აგვისტოს მოვლენას” და სიტყვა ”ტრაგიკულსაც” კი არ ამატებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, მის წინააღმდეგ სასწრაფოდ უნდა აღიძრას საქმე, როგორც სამშობლოს მოღალატის წინააღმდეგ. ”

ჯონდი ბაღათურია, ცხადია, სინამდვილეში არანაირ გამოძიებას არ ითხოვს. დეპუტატი ამბობს, რომ კოლეგებს წარუდგინა მაგალითები, რომლებიც ”აგენტობად და მოღალატეობად” მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლების განზომილებით შეიძლება შეფასდეს. სინამდვილეში კი, სასაცილოა არარსებული შავი კატის მუდმივი ძებნა ბნელ ოთახში და სწორედ ამიტომ საზოგადოებაზე უკვე აღარ მოქმედებს რუსეთის აგენტებზე და მოღალატეებზე ლაპარაკი. და თუკი აგენტებზე მიდგება საქმე, ბაღათურია კოლეგებს ურჩევს, რომ აგენტები საკუთარ რიგებში მოძებნონ.

უმრავლესობის წარმომადგენლებმა ჯონდი ბაღათურიას იუმორი დაუწუნეს და მკაცრად შეახსენეს, რომ მის მიერ მოყვანილი მაგალითები აბსოლუტურად უადგილოა. მაგალითად, დეპუტატი რატი სამყურაშვილი ცდილობდა აეხსნა, რომ კახა ბენდუქიძის ფოტოები, რომლებიც ბაღათურიამ წარმოადგინა, სავარაუდოდ, 2005 თუ 2006 წელს არის გადაღებული, მაშინ, როცა თბილისი ჯერ კიდევ თანამშრომლობის რეჟიმში იყო მოსკოვთან და ამიტომ გასაკვირიც არაფერია.
ეს ორი ადამიანი დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან - ბენდუქიძე და თქვენი ფავორიტი, ბატონი ივანიშვილი - კაცი, რომელიც ემსახურება ქართულ საქმეს და კაცი, რომელიც გამოაგზავნეს მოსკოვიდან...

უმრავლესობის წარმომადგენლების გამოსვლები გაჯერებული იყო კახა ბენდუქიძის ქებით. ითქვა, რომ, ვიღაც-ვიღაცებისგან განსხვავებით, რუსეთიდან ის საქართველოს ინტერესების სამსახურისთვის ჩამოვიდა და ბევრი რამ გააკეთა კიდეც საქართველოს ეკონომიკის ასაღორძინებლად. შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა გამიჯვნის ხერხს მიმართეს და თქვეს, რომ არ შეიძლება ბენდუქიძის შედარება კრემლის ინტერესებით მოქმედ პოლიტიკოსთან. მისი გვარი მოგვიანებით დასახელდა, თუმცა თავიდანვე ნათელი იყო, რომ საუბარი ბიძინა ივანიშვილს შეეხებოდა:

”ეს ორი ადამიანი დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან - ბენდუქიძე და თქვენი ფავორიტი, ბატონი ივანიშვილი - კაცი, რომელიც ემსახურება ქართულ საქმეს და კაცი, რომელიც გამოაგზავნეს მოსკოვიდან, რომ როგორმე ამ ბოლო ოცნებამ თუ ბოლო იმედმა, რომელიც გამოგზავნილია დიდი ფულის ტომრით, როგორმე საქართველოში შეცვალოს სიტუაცია და შეაბრუნოს ჩრდილოეთისკენ ქართული ხედვები და ქართული საერთაშორისო პრიორიტეტები. ამ სხვაობაზეა საუბარი, თორემ ვინმე კი არ ლაპარაკობს, რომ აგენტია...”

უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა აგენტების თემაზე კომენტირებისთვის საპარლამენტო მიკროფონი 8 ნოემბრის სხომაზე ორჯერ გამოიყენა. მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს აგენტობას არავინ აბრალებს, თუმცა აშკარაა მისი რუსული ინტერესები და ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსწონს, მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილი, ექსპერტი, რომელიც, ცისკარიშვილის თქმით, მუდმივად აფხაზ სეპარატისტებსა და რუსეთს ემხრობა.

ჯონდი ბაღათურიას მიერ წამოჭრილ თემებს, როგორც ვთქვით, კიდევ არაერთი დეპუტატი გამოეხმაურა. მაგალითად, გოკა გაბაშვილმა თქვა, რომ ჯონდი ბაღათურია აჟიტირებულია ”ახალი პრორუსული ცენტრის შექმნის იდეით” და ცდილობს დაიკავოს ადგილი ”დოლარების მომლოდინეთა გრძელ რიგში”. იგივე ბრალდება, მაგრამ უკვე ფრაქციის მასშტაბით, განავრცო უმრავლესობის წარმომადგენელმა ვახტანგ ბალავაძემ. მისი თქმით, ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” ივანიშვილისთვის თავის მოწონების ”კასტინგში” მონაწილეობს, მაგრამ ავიწყდება, რომ ”ქართული საზოგადოება არ იყიდება ფულზე და არ იყიდება, მით უმეტეს, რუსულ ფულზე. განსხვავებით პოლიტიკური პარტიებისგან...”
თქვენ ხართ ფრაქცია, რომელიც 2008 წლის რუსეთის აგრესიას საჯაროდ უწოდებთ ტრაგიკულ მოვლენებს. თქვენ ხართ ფრაქცია, რომლის წევრებიც ერთი ერთში იმეორებენ რუსეთის ფედერაციის რიტორიკას...

ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის”, რომლის თავმჯდომარეც ირაკლი ალასანიას პარტიის წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილია, რუსეთის ინტერესების მორჩილებაში უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმაც დაადანაშაულა და იქვე გამოყო ერთი გვარიც:

”მე შემიძლია ძალიან პირდაპირ გითხრათ, ვინ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება უშუალოდ აგენტი არ არის, მაგრამ არის რუსეთის ფედერაციის ინტერესების გამტარებელი და ეს ადამიანი არის თქვენს ფრაქციაში - ბატონი პეტრე მამრაძე. თქვენ ხართ ფრაქცია, რომელიც 2008 წლის რუსეთის აგრესიას საჯაროდ უწოდებთ ტრაგიკულ მოვლენებს. თქვენ ხართ ფრაქცია, რომლის წევრებიც ერთი ერთში იმეორებენ რუსეთის ფედერაციის რიტორიკას და მეტი რა გინდათ?!”

მართალია, უმრავლესობის წარმომადგენლებმა ჯონდი ბაღათურიას უწოდეს არასერიოზული პოლიტიკოსი, რომლის აზრსაც არანაირი გავლენა არა აქვს საზოგადოებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ძალიან დიდი დრო დაუთმეს ბაღათურიას მიერ წამოყენებული თემების კომენტირებას. აქ იგულისხმება იმ დროის დიდი ნაწილი, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განხილვას უნდა დასთმობოდა. საუბარია კანონპროექტზე ”უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ”, რომელსაც სახელმწიფო მინისტრმა ”საეტაპო დოკუმენტი” უწოდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG