Accessibility links

logo-print

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი თბილისის პარკებში ხელისუფლების ბიზნესინტერესებზე საუბრობს


თბილისის ერთ-ერთი პარკი

თბილისის ერთ-ერთი პარკი

ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მტკიცებით, თბილისში არსებული პარკების ნაწილი თავის ფუნქციას ვეღარ შეინარჩუნებს და შესაძლოა ისინი ინვესტორების კომერციულ ინტერესებს შეეწირონ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში არსებული პარკები 49 წლიანი მართვის უფლებით კერძო ინვესტორებს გადაეცემათ. ამ ეტაპზე ბიზნესპროექტი 5 პარკზეა მომზადებული. მათგან წითელი ბაღი და მუშთაიდის ბაღი უკვე გადაეცა კომპანია „ჯეო-გოლდს“, რომელიც, ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მტკიცებით, თბილისის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან ალექსანდრე ნიკოლაიშვილს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ პარკებში სხვადასხვა ტიპის მშენებლობის დაწყება იგეგმება.
ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ახლახან ”ჯეო-გოლდთან” გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება...

ეკოლოგიური სამართლის ცენტრში გამართული პრესკონფერენციის მთავარი მიზეზი თბილისის მერიის ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება გახდა: დედაქალაქში არსებული პარკები 49 წლიანი მართვის უფლებით კერძო ინვესტორებს გადაეცემათ. ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მტკიცებით, ბიზნესპროექტი ხუთ პარკზე - წითელ ბაღზე, ვეტერანთა პარკზე, ვარკეთილის გასართობ ცენტრზე, ვაკის პარკსა და მუშთაიდის ბაღზეა მომზადებული. მათგან წითელი ბაღი და მუშთაიდის ბაღი უკვე გადაეცა კომპანია ”ჯეო-გოლდს”, რომლის მფლობელიც, ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მტკიცებით, თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, ალექსანდრე ნიკოლაიშვილია. ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ირწმუნება, რომ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის პარკებსა და სკვერებში ქალაქის ხელისუფლების ბიზნესინტერესები იკვეთება:

”ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ახლახან ”ჯეო-გოლდთან” გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, პირდაპირი განკარგვის წესით, ანუ არავითარი კონკურსი არ ჩატარებულა, მუშთაიდის პარკი გადაეცა ”ჯეო-გოლდს”, რომლის მფლობელიც არის ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი საკრებულოში, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი”, - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.

ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ხელშეკრულებას, რომელიც თბილისის მერიასა და ”ჯეო-გოლდს” შორის გაფორმდა, გრიფი „საიდუმლო“ ადევს და, შესაბამისად, ეკოლოგიური სამართლის ცენტრს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ კონტრაქტის დეტალებს გაეცნოს. რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა საკრებულოს წევრ ალექსანდრე ნიკოლაიშვილთან გასაუბრებას, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

თუკი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პარკებში რაღაც უნდა აშენდეს, მიღებულია მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას მიერ, რა თქმა უნდა, საკრებულო ამას ვერ შეეწინააღმდეგება...
ხმაური თბილისში არსებული პარკების გარშემო ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2009 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მაშინ, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ტერიტორიაზე 40-მდე გამწვანებულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2009 წლის 27 მარტს, საკრებულოს დადგენილებით, თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების თანახმად, რეკრეაციული ზონა 2-ის კატეგორიის ზონაში შესაძლებელი გახდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, რესტორნების და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობა. როგორც ეკოლოგიური სამართლის ცენტრში აცხადებენ, ეკოლოგიური საფრთხის თავიდან ასაცილებლად მათ მიმართეს თბილისის საკრებულოს თხოვნით, რომ საკრებულომ ცვლილება შეიტანოს საკუთარ გადაწყვეტილებაში და სარეკრეაციო ზონა 2-ის ტერიტორიაზე არ დაუშვას მსგავსი ტიპის ობიექტების მშენებლობა, თუმცა თბილისის საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ზურაბ აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რომ თბილისის საკრებულო საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის და ის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მითითებით მოქმედებს. სწორედ ამიტომ, მას ნაკლებად აქვს იმის იმედი, რომ ეკოლოგიური სამართლის ცენტრის მიმართვას თბილისის საკრებულო გულისყურით მოეკიდება:

”თუკი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პარკებში რაღაც უნდა აშენდეს, მიღებულია მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას მიერ, რა თქმა უნდა, საკრებულო ამას ვერ შეეწინააღმდეგება”, - მიაჩნია ზურაბ აბაშიძეს.

გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში თბილისში კატასტროფულად შემცირდა გამწვანების ზოლების, ბაღების, პარკებისა და სკვერების ფართობები. მწვანე ნარგავთა რაოდენობით თბილისი თითქმის ხუთჯერ ჩამოუვარდება ნორმატივებით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს. რეზო გეთიაშვილი „კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” პროექტის კოორდინატორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებები ქალაქში არსებულ რეკრეაციულ ზონებსა და გამწვანებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის:

”ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში თბილისი, ჰაერის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი იყო. გარდა ამისა, არ იყო სახარბიელო მდგომარეობა გამწვანების კუთხითაც. საბჭოთა პერიოდის შემდეგ კი კიდევ უფრო უარესი და უარესი მდგომარეობაა. ამაზე მეტყველებს თუნდაც 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ათეულობით რეკრეაციული პარკი გაუქმდა”, - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მოუწოდებს თბილისის მერიას, რომ არ გასცეს ნებართვა პარკებში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა თუ სასტუმრო-რესტორნების მშენებლობაზე. რადიო თავისუფლებამ აღნიშნულ საკითხზე კომენტარის მოძიება თბილისის მერიისაგან ამ დრომდე ვერ მოახერხა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG