Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 8 ნოემბერი, 2011


”ბერეზოვსკი + აბრამოვიჩი =რუსულ ასანჟს” - ვხედავთ მოზრდილ სათაურს „ნოვაია გაზეტას“ ვებგვერდზე. როგორც მიმოხილვებიდან იცით, აბრამოვიჩი და ბერეზოვსკი დეტალურად ჰყვებიან ლონდონის სასამართლოში და, შესაბამისად, მთელი მსოფლიოს წინაშე, ფულის კეთების მეთოდებსა და გზებზე 90-იანი წლების რუსეთში, რის გამოც მათ „გაზეტა“ ჯულიან ასანჟს ადარებს, რომელმაც დაფარული ინფორმაცია სააშკარაოზე გამოიტანა. როგორც სტატიის ავტორი ვერა ჩელიშევა წერს, ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო რა დგას ფორბსის სიის რუსული ნაწილის უკან...

„ აი, მაგალითად: შეხვდნენ ბორია და რომა ლე ბურჟეს აეროპორტში, დასხდნენ და მოილაპარაკეს ვის საკუთრებაში იქნება ქალაქი, მილიონიანი მოსახლეობით, და გუბერნატორი რომ არ აღუდგეს წინ პროცესს, გადაწყვიტეს საკუთარი კაცი დანიშნონ და ეს დაჯდება ამდენი და ამდენი.”

ლონდონის სასამართლოში მხარეებს დეტალურად უწევთ ისეთი მოვლენების გახსენება, როგორიცაა მათი ურთიერთობა კავკასიურ ბანდფორმირებებთან, თავიანთი ბიზნესების გადასარჩენად პოლიტიკური ”ელიტებისთვის” თანხების გადახდა; პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მედიასაშუალებებში თანხების ჩადება, რაც შედეგად საზოგადოებისთვის გაფილტრული და სახეშეცვლილი ინფორმაციის მიწოდებას იწვევდა. მაგალითად, ტელეკომპანია „ოერტეს“ ეთერში კურსკის ჩაძირვასთან დაკავშირებული კრიტიკული მასალების გაჩენის შემდეგ, „ვედომოსტის“ მიხედვით, აბრამოვიჩმა აიძულა ბერეზოვსკი საკუთარი წილი ტელეკომპანიისა სახელმწიფოსთვის მიეყიდა, სხვაგვარად მის ერთ-ერთ პარტნიორს დაპატიმრება ემუქრებოდა.
მოკლედ, ბინძური საცვლები, როგორც ამას „ნოვაია გაზეტას“ ავტორი აღნიშნავს, სააშკარაოზე გამოდის. პროცესი გრძელდება და, სავარაუდოდ, მსოფლიო საზოგადოება უახლოეს მომავალში მეტს შეიტყობს. სასამართლო პროცესებზე არაპირდაპირ ფიგურირებს რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ- მინისტრის ვლადიმირ პუტინის სახელიც, რომელიც, როგორც ირკვევა, შესაძლოა პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს ჩარეული „ოერტეს“ საქმეში, ანუ შესაძლოა სწორედ მისი ზეწოლით გადასცა ბერეზოვსკიმ ტელევიზიის აქციები სახელმწიფოს.

”ვლადიმირ პუტინი არ წავა საპრეზიდენტო არჩევნებში ცარიელი ჯიბეებით. ახლახან მთავრობამ 2012 წლის ბიუჯეტში შესწორება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მას ექნება საშუალება 200 მილიარდი რუსული რუბლი დახარჯოს სოციალურ დახმარებებსა და საწარმოების მხარდაჭერაში”, - წერს გაზეთი „ვედომოსტი“. როგორც გაზეთი არკვევს, მსგავსი რამ რუსეთის საკანონმდებლო სივრცეში პირველად ხდება, როცა ლეგალურად იწერება დიდი რაოდენობით თანხები, რომლებიც საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო თამაშში დაეხმარება. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს არ ფორმულირდება როგორც საარჩევნო ფული. ფორმულირება კრიზისულია, ანუ მუშაობს იგივე სისტემა, რაც კრიზისის დროს. ანუ ბიუჯეტი გამოყოფს თანხებს, რათა კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს ქვეყანას და მთავრობა კი, თავის მხრივ, უფლებას იტოვებს გააკონტროლოს ამ თანხების ხარჯვის პროცესი და მისცეს მიმართულება მათ ხარჯვას. როგორც ირკვევა, ეს იურიდიული ფორმულირება ვლადიმირ პუტინს არჩევნების დროს ძალიანაც გამოადგება.
XS
SM
MD
LG