Accessibility links

გაიხსნა „ჩრდილოეთის ნაკადი“


გერმანია, 8 ნოემბერი: კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი "ჩრდილოეთის ნაკადის" გახსნისას

გერმანია, 8 ნოემბერი: კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი "ჩრდილოეთის ნაკადის" გახსნისას

გაიხსნა მილსადენი, რომლითაც რუსეთის გაზი პირდაპირ, სატრანზიტო ქვეყნებზე გავლის გარეშე მიეწოდება დასავლეთ ევროპას. „ჩრდილოეთის ნაკადად“ წოდებული გაზსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და, მომავალ წელს სრული ძალით ამოქმედების შემდეგ, წელიწადში 55 მილიარდ კუბურ გაზს გადაქაჩავს რუსეთიდან გერმანიაში.

გერმანიის და რუსეთის ლიდერებმა, კანცლერმა ანგელა მერკელმა და პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გახსნეს „ჩრდილოეთის ნაკადი“ - გაზსადენი, რომელიც დასავლეთ ევროპას პირდაპირ აკავშირებს ციმბირის ბუნებრივი აირის რესურსებთან. ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლუბმინში გამართულ ცერემონიაზე მოუშვეს გაზსადენის დასავლეთ დაბოლოებაზე დამაგრებული ონკანი, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გახსნის ნიშნად.

პრეზიდენტ მედვედევის განცხადებით, „დღეს არის ძალიან ღირშესანიშნავი მოვლენა, რომელსაც დიდი ხანია ველოდით. ჩვენ, პირველ რიგში, ვხსნით გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადს“, რომელიც იწყებს მართლაც ახალ გვერდს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის პარტნიორობაში და ამას ადასტურებს ყველა წინა გამოსვლაც. რუსეთის გაზი პირველად ჩავა პირდაპირ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“.
„ჩრდილოეთის ნაკადის“ გახსნის ცერემონიაში, მედვედევთან და მერკელთან ერთად, მონაწილეობდნენ საფრანგეთისა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრები, ფრანსუა ფიიონი და მარკ რუტე, ისევე როგორც ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, გუნტერ ოტინგერი, რომლებმაც ისაუბრეს ახალი მილსადენის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე - გაზით მომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე. ყურადღებას ამახვილებენ, უწინარეს ყოვლისა, იმ გარემოებაზე, რომ მოსკოვი ნაკლებად იქნება დამოკიდებული გაზის ტრანზიტზე უკრაინისა და ბელორუსიის გავლით.

ამ გარემოებაზე მიუთითებს რუსი ანალიტიკოსი, ვალერი ნესტეროვიც: „აშენდა გაზის სატრანსპორტო მნიშვნელოვანი მაგისტრალი, რომელიც შეამცირებს რუსეთის დამოკიდებულებას სატრანზიტო ქვეყნებისაგან, როგორიც არის, პირველ რიგში უკრაინა. და ეს შესაძლებელს გახდის ევროპისათვის რუსეთის გაზის, პირველ რიგში, უფრო სტაბილურად მიწოდებას და მეორეც, გზას უხსნის შესაძლებლობას, რომ უფრო გაიზარდოს გაზის ექსპორტი, პირველ რიგში, გერმანიაში“.

1224-კილომეტრიანი „ჩრდილოეთის ნაკადი“ არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა მილსადენი. ის ლენინგრადის ოლქის ქალაქ ვიბორგის პორტში უკავშირდება რუსეთის მილსადენების ქსელს და გაყვანილია ლუბმინის ტერმინალამდე, გერმანიის ქალაქ გრაიფსვალდის მახლობლად. გრაიფსვალდი, თავის მხრივ, სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს პოლონეთის საზღვრიდან.

პროექტი 10 მილიარდამდე დოლარი დაჯდა და ის ერთობლივად განახორციელეს რუსეთის, გერმანიის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის კომპანიებმა. 8 ნოემბერს გამართულ ცერემონიაზე გაიხსნა მხოლოდ ერთი - ორი გაზსადენიდან, რომელიც ერთმანეთის პარალელურად გადის ბალტიის ზღვის ფსკერზე. მეორე გაზსადენის გაყვანა არ დასრულებულა, მისი გახსნა 2012 წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი, რის შემდეგაც, ანუ „ჩრდილოეთის ნაკადის“ სრული ძალით ამოქმედების შემდეგ, ის წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. ასეთია გეგმა.

რუსეთზე მოდის, დაახლოებით მეოთხედი ნაწილი ბუნებრივი აირისა, რომლითაც ევროკავშირი მარაგდება, ამ მოცულობის 80 პროცენტით - უკრაინაზე ტრანზიტის მეშვეობით. საქმე ეხება, როგორც ცნობილია, პრობლემურ საკითხს: უკრაინის ენერგოკომპანია „ნაფტოგაზსა“ და რუსეთის კომპანია „გაზპრომს“ შორის ხშირია უთანხმოება მომარაგებაზე, ფასებზე, ვალებზე. ამ უთანხმოების შედეგი არაერთხელ გამხდარა ბუნებრივი აირით ევროკავშირის მომარაგების შეჩერება.

„ჩრდილოეთის ნაკადი“ გვერდს უვლის ევროკავშირის რამდენიმე წევრსაც - პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს. 2005 წელს, როცა გადაწყდა ჩრდილოეთი ნაკადის პროექტის განხორციელება, ეს ქვეყნები მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ. თუმცა, ზოგი ექსპერტი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მათს შეშფოთებას.

აი, რას ამბობს რუსი ანალიტიკოსი, დმიტრი ორეშკინი: „არის დადებითი მხარე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ამ მილსადენის გაყვანით რუსეთი, ასეა თუ ისე, შედის ევროპული ფასეულობების სისტემაში, სადაც მიღებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, სადაც მიღებულია მიღწეული შეთანხმებების დაცვა, სადაც არ არის მიღებული მეზობლებთან უხეშად მოპყრობა და მათი იძულებით შეთრევა ბედნიერ მომავალში. ანუ, როცა არსებობს „ჩრდილოეთის ნაკადი“, ნამდვილად არ ექნება ადგილი ესტონეთზე ტანკებით შეტევის მცდელობას“.
XS
SM
MD
LG