Accessibility links

logo-print
ბუენოს-აირესში რამონ კარილიოს ქუჩა სავსეა მიუსაფრებით. პოლიეთილენის პარკებში გახვეულნი თბებიან და მუყაოს ყუთებში ცხოვრობენ. ქუჩებში ნაადრევად შებერებული ქალები ნაგვის ურნებში იქექებიან, ბავშვები კი სევდიანი მზერით გაცილებენ და მოწყალებას ითხოვენ.

აქვე ერთი პირქუში შენობაც გხვდება თვალში. რკინა-ბეტონით ნაშენი უზარმაზარი კომპლექსი, გისოსებიანი, ჩარაზული ფანჯრებით. გარს კედელი აკრავს და დამთრგუნველად გამოიყურება. საპატიმროს ჰგავს. იყო კიდეც ციხე. 1865 წელს აშენდა და მხოლოდ გასული საუკუნის დასაწყისში შეიცვალა პროფილი. ახლა აქ ხოსე ბორდას სახელობის მუნიციპალური ფსიქიატრიული კლინიკაა - ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ადამიანების უძველესი „გუგულის ბუდე“ მთელ ლათინურ ამერიკაში.

ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკა თუ სტრატეგია არგენტინაშიც მოიკოჭლებს, ამიტომ შიგნით ზუსტად ისეთივე სურათია, როგორიც ჩვენში გვინახავს ან გვსმენია. ვიწრო პალატები რკინის უხეში საწოლებითაა გადავსებული. ავეჯი შელახულია. სამედიცინო პერსონალს რაც შეეხება, სახელმწიფოს მხრიდან მწირი დაფინანსების გამო, კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რის გამოც წლების მანძილზე მკურნალობის ერთადერთ მეთოდად აღგზნებული პაციენტების ძლიერმოქმედი მედიკამენტებით გათიშვის პრაქტიკა გამოიყენებოდა. ეს ხერხი კი, მოგეხსენებათ, პაციენტებს ფსიქიკას უნადგურებს და საზოგადოებაში მათი დაბრუნებისა თუ გამოჯანმრთელების შანსს მინიმუმამდე ამცირებს.

ასე წლები გრძელდებოდა, სანამ ერთხელაც ფსიქოლოგი ალფრედო ოლივერა არ გამოჩნდა. 1990 წელს ამ კაცმა უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა, ერგო-თერაპიის გზით წავიდა და „გუგულის ბუდეში“ რადიო გახსნა. წამყვანებად - არც მეტი, არც ნაკლები - პაციენტები დაასაქმა. მათ თვითგამოხატვის საშუალება და საზოგადეობის სრულუფლებიანი წევრობის შეგრძნება დაუბრუნა.

რადიოს „კოლიფატა“ დაარქვეს, რაც ბუენოს-აირესულ ჟარგონზე - „სულელს“ ნიშნავს, ოღონდ კნინობითი, ალერსის ფორმით, რაღაც „გიჟუნას“ მსგავსი. ფინანსური თანადგომა კი ფეხბურთელმა, არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ოსკარ რუჯერიმ აღმოუჩინა, თუმცა იდეას სხვა მხარდამჭერებიც ჰყავს. მაგალითად, მუსიკოსი მანუ ჩაო, რომელიც რადიო „კოლიფატას“ ხშირად სტუმრობს - პირდაპირ ეთერში კონცერტებს აწყობს, „გუგულის ბუდის“ ბინადართ ესაუბრება და ინტერვიუებსაც აძლევს. ალბომიც კი ჩაწერა, სახელწოდებით „Siempre fui loco“ – „ყოველთვის გიჟი ვიყავი“. ალბომში შესულ სიმღერებში კი პაციენტებთან ერთად მღერის.



რადიოგადაცემები ეთერში ყოველ შაბათს გადის, ამიტომ ამ დღეს დაწესებულების კარი ყველასთვის ღიაა - მნახველებისთვისაც და ცნობისმოყვარე ტურისტებისთვისაც. თუ სტუმრების ნაკლებობაა, „კოლიფატელები“ იწყენენ. თუ ეწვევი, გახარებულნი გეგებებიან, გეხვევიან, ლოყაზე გკოცნიან და როგორც ჩვენთან, სიგარეტს იქაც გთხოვენ. მერე ლითონის ჯამებით წყალს გაწოდებენ, მატე მიირთვიო, და გადაცემის მოსასმენად იქვე ეზოში, სახელდახელოდ გაწყობილ სტუდიაში გეპატიჟებიან. ეთერში საკუთარ ყოფაზე მსჯელობენ და დისკუსიებს მართავენ. თემები კი უამრავი აქვთ: უმუშევრობა, ფერმერთა პრობლემები, არჩევნები, კორუფცია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ფეხბურთი. და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი - ცეკვა-სიმღერით:



ერთ-ერთი რადიოწამყვანი, ჰუგო ლოპესი, უკვე 10 წელია, რაც კლინიკაში მკურნალობს. შვილის გარდაცვალების შემდეგ უმძიმესი დეპრესიის გამო მოხვდა აქ. მისი თქმით, ფსიქიკური აშლილობით დაავადებული ადამიანები არგენტინული საზოგადოების უსარგებლო წევრებად მიიჩნევიან. საკუთარი ოჯახის წევრებიც კი მალავენ მათ მდგომარეობას. ამ დამოკიდებულების შეცვლისთვის ვიბრძვითო და ამ გადაცემებს მანამდე გავაკეთებთ, სანამ სახელმწიფო ჩვენ გადამალვას ეცდებაო.

კლინიკის მტკიცებით, ფსიქოლოგ ოლივერას ექსპერიმენეტმა გაამართლა. რადიო არტ-თერაპია მედიკამენტებზე ეფექტური გამოდგა და რადიოში დასაქმებულ პაციენტთა მესამედი საზოგადოებას გამოჯანსაღებული დაუბრუნდა.

2008 წელს არგენტინის ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკის დახურვა გადაწყვიტა, რასაც პაციენტების წინააღმდეგობა მოჰყვა. ამ ფაქტის გამო, მანუ ჩაოს ინიციატივით, პროტესტის ნიშნად ბუენოს-აირესში კოლიფატელებთან ერთად ერთობლივი კონცერტიც გაიმართა, რომლის ბოლოს ზემოხსენებული ჰუგო ლოპესი გავიდა სცენაზე და მრავალათასიან მსმენელს მარტივი ჭეშმარიტება შეახსენა: „Tenemos derecho de ser felices!“ – „ჩვენც გვაქვს უფლება, ვიყოთ ბედნიერნი!”

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG