Accessibility links

logo-print
9 ნოემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია. ოთხშაბათს თბილისში, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში”, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩების დონეზე, რომელზეც შეფასდა საქართველოს მიერ 2011 წლის ეროვნული პროგრამის შესრულების პროცესი, ხოლო სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა ნატოს გენერალურმა მდივანმა. როგორია ნატოსა და საქართველოს დაახლოების პერსპექტივა და რა მესიჯები ჩამოიტანა საქართველოში ანდერს ფოგ რასმუსენმა?

ჯერ არავინ და მათ შორის არც ნატოს გენერალურმა მდივანმა იცის, თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში და არც ის არის ცნობილი, თუ რას შეიძლება მოელოდეს საქართველო ალიანსისგან ჩიკაგოს სამიტზე, რომელიც მომავალი წლის მაისში გაიმართება. სამაგიეროდ, ანდერს ფოგ რასმუსენისთვის კვლავაც ცხადია, რომ ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ეს ერთი დღე კი დადგება მაშინ, როდესაც საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ნატოს სტანდარტებს.
პროგრესი აშკარაა, მაგრამ კიდევ რჩება გასაკეთებელი საქმე და ამიტომ არ შემიძლია ვილაპარაკო რაიმე სახის თარიღებზე, თუ როდის შეიძლება მოელოდეს საქართველო ნატოში გაწევრიანებას...

მანძილს ალიანსსა და საქართველოს შორის 2008 წლის შემდეგ ნატო-საქართველოს კომისია აკონტროლებს, ხოლო ამ მანძილის შემცირება დამოკიდებულია ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულებაზე. 9 ნოემბერს ”რადისონ ბლუ ივერიაში” გამართულ დახურულ სხდომაზე 2011 წლის ეროვნული პროგრამის წარმატებები შეფასდა. როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, შეფასება ფრიად დადებითია და ნატო კვლავაც განაგრძობს საქართველოს დახმარებას, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღწეული წარმატება ჯერ კიდევ არ იძლევა საიმედო პროგნოზების გაკეთების საშუალებას:

”ჩვენი წლიური შეფასება ნათლად აჩვენებს, რომ საქართველომ განახორციელა არაერთი რეფორმა, რომელთა შესრულებაც მოეთხოვება მას სამომავლოდ ნატოში გასაწევრიანებლად. პროგრესი აშკარაა, მაგრამ კიდევ რჩება გასაკეთებელი საქმე და ამიტომ არ შემიძლია ვილაპარაკო რაიმე სახის თარიღებზე, თუ როდის შეიძლება მოელოდეს საქართველო ნატოში გაწევრიანებას. ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება შემდგომ პროგრესზე.”
2012 და 2013 წლების არჩევნები თქვენი დემოკრატიისთვის ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს. და ჩვენ ველით აუცილებელ რეფორმებს...

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, პროგრესი სასურველია არაერთი მიმართულებით - იქნება ეს თავდაცვის სფერო თუ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი მაინც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე კეთდება და სწორედ ამ მიმართულებას გაესვა ხაზი, როცა ნატოს გენერალური მდივანი ბრიუსელიდან ჩამოტანილ ერთ-ერთ მთავარ მესიჯზე ლაპარაკობდა:

”განაგრძეთ დემოკრატიის გაძლიერება, განაგრძეთ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენი ბოძების მშენებლობა. ესენია: კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. განსაკუთრებით კი, განაგრძეთ მოძრაობა საარჩევნო სისტემის რეფორმირების მიზნით. 2012 და 2013 წლების არჩევნები თქვენი დემოკრატიისთვის ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს. და ჩვენ ველით აუცილებელ რეფორმებს.”

შეიძლება ითქვას, რომ ანდერს ფოგ რასმუსენს 9 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი და უჩვეულო არაფერი უთქვამს. თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არაერთი მესიჯი. ითქვა, რომ ნატო კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; მტკიცედ ემხრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას და, შესაბამისად, არალეგიტიმურად მიიჩნევს საპრეზიდენტო არჩევნებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში. ამასთან, ნატოს გენერალური მდივანი კმაყოფილია შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, რაც გზას უხსნის რუსეთს გაწევრიანდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში და ამავე კონტექსტში ხაზი ესმება იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ საერთაშორისო მონიტორები განთავსდებიან საქართველო-რუსეთის საზღვარზე.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ საქართველოში მათი ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ნატო-საქართველოს პარტნიორობას, რომელიც დამყარებულია პოლიტიკურ დიალოგზე, უსაფრთხოების საერთო ინტერესებზე და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე. ისე კი, საქართველო და ნატო, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, უკვე არიან გამორჩეული პარტნიორები და ამის ნათელი მაგალითია მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც მსხვერპლის ფასად შეაქვს საქართველოს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში. ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ალიანსი დიდად მადლიერია ამისათვის.

ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩების ვიზიტს საქართველოს მიმართ გამოხატულ მეტად დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერად აფასებს თბილისი და განსაკუთრებით ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ. როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში გეგა მგალობლიშვილი აღნიშნავს, ძნელია იმის თქმა, თუ რა მოხდება ნატოს სამიტზე, მაგრამ ნატოს წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობა ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას და პროცესების შეუქცევადობას:
ჩვენ დღეს ვსაუბრობთ არა იმაზე, გახდება თუ არა საქართველო ალიანსის წევრი, არამედ ვსაუბრობთ იმ პროცესის მიმდინარეობაზე, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ალიანსის წევრი...

”ჩემი აზრით, გზავნილი ამჯერად იყო ერთი და ცალსახა, რომ საქართველოს წევრობის საკითხი ალიანსში შეუქცევად სახეს ატარებს. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ არა იმაზე, გახდება თუ არა საქართველო ალიანსის წევრი, არამედ ვსაუბრობთ იმ პროცესის მიმდინარეობაზე, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ალიანსის წევრი.”

გეგა მგალობლიშვილი შეგვახსენებს, რომ ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობის დაახლოებით ორი წლის მანძილზე ანდერს ფოგ რასმუსენი უკვე მეორედ სტუმრობს საქართველოს. ასევე მეორედ ეწვია თბილისს ჩრდილოატლანტიკური საბჭოც. გავიხსენოთ, რომ პირველი ვიზიტი 2008 წლის სექტემბერში შედგა, როდესაც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი სულ ახალი დასრულებული იყო. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ნატო–საქართველოს კომისიას.

ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ელჩების ორდღიანი ვიზიტის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია შეხვედრებით - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ანდერს ფოგ რასმუსენი, ნიკა გილაური

ანდერს ფოგ რასმუსენი, ნიკა გილაური


ანდერს ფოგ რასმუსენი პირისპირ უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს, რომელიც ასევე მონაწილეობდა 9 ნოემბერს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. 10 ნოემბერს კი დილიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებთან. ამის შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით მიმართავს სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პარალელურად, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩები შეხვდებიან ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.

10 ნოემბერს ნატოს დელეგაცია ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. დღის მეორე ნახევარში კი შეხვედრები უკვე ბათუმში გაიმართება. ნატოს გენერალურ მდივანსა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს ბათუმში პრეზიდენტი სააკაშვილი უმასპინძლებს. ალიანსის დელეგაცია საქართველოს 10 ნოემბერს საღამოს დატოვებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG