Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 9 ნოემბერი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

გაზეთების პირველ გვერდებზე დღესაც ყველგან ივანიშვილის გვარია გამოტანილი, თუმცა დღეს ახალი სახელი - უტა - დაემატა. ”ყველა სიახლე” კითხულობს დღეს, ვინ არის უტა ივანიშვილიო და ბიზნესმენის ვაჟს ოთხ სხვადასხვა პუბლიკაციაში ახსენებს. აქედან ერთი უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შანსებს ეხება. გაზეთი ანსამბლ ”ქართული ხმების” წევრს დავით აბესაძეს სთხოვს ბიზნესმენის ვაჟის დახასიათებას და ის ასე პასუხობს: ”კარგი მოსაუბრეა, განათლებულია, ფილოსოფიური წიგნების კითხვა მოსწონს, გულადი და კარგი სამეგობრო ბიჭიაო”.

იგივე ”ყველა სიახლე” კითხულობს, რას მოუტანს საქართველოს პარლამენტის ”გაქუთაისელებაო”. გაზეთი ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას, 26 მაისიდან პარლამენტი მზად იქნება სხდომები ჩაატაროს ქუთაისშიო, და მოჰყავს საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ახალი კონსტიტუციის ფორმალური ავტორის ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადება, „2012 წლამდე ქუთაისში ამჟამინდელი პარლამენტის სხდომების ჩატარება და ამ სხდომებზე საკანონმდებლო აქტების მიღება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან იქ ცხადად წერია, რომ პარლამენტი დედაქალაქიდან ქუთაისში მომდევნო საკანონმდებლო ორგანოს არჩევის შემდეგ გადადისო”.

შიშებს კონსიტუციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით ”რეზონანსთან” საუბარში პარლამენტარი აკაკი მინაშვილი უპასუხებს. ის ამბობს, „სიტყვებზე ჩაძიება არასწორია. გააჩნია რა ფორმით ჩატარდება პარლამენტის შეხვედრა ქუთაისში. კონსტიტუციის დაცვის გარანტიას პრეზიდენტი იძლევა და ოპონენტები, უბრალოდ, რეგიონის განვითარების წინსვლის წინააღმდეგ მიდიანო”.

”ვერსია” დღეს პირველ გვერდზე ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს აანონსებს, თუმცა გაზეთის გადაფურცვლისას აღმოჩნდება, რომ ეს უკრაინული პუბლიკაცია, „სეგონდიასთვის“ მიცემული ინტერვიუა. სამაგიეროდ, ნადვილად ”ვერსიას” ესაუბრა ნესტან კირთაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ლაპარაკობს და ასევე უპასუხებს შეკითხვას კიდევ ერთი ლეიბორისტის, სოსო შატბერაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ - ის ლეიბორისტების 7 ნოემბრის აქციაზე არ გამოჩენილა. არ ვიცი მისი პოლიტიკური განწყობა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მითხრა, ლონდონში ვაპირებ წასვლას ინგლისურის შესასწავლადო, - ამბობს ნესტან კირთაძე და ჟურნალისტის მომდევნო შეკითხვას - რეგიონალური ორგანიზაციების ლიდერები თქვენ მოგყვებიან და რა ხდება, შალვა ნათელაშვილის პარტია ხომ არ იშლებაო, ასე უპასუხებს: ”არ ვიცი, ნახევარი პარტია მომყვება თუ ორი მესამედი, მაგრამ ის ვიცი, რომ ელექტორატი ნესტანთან ან ბიძინასთან კი არა, საკუთარ მომავალთან დადგებაო”.
XS
SM
MD
LG