Accessibility links

logo-print

ირანი „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს გაეროს ანგარიშს


ირანი „დაუბალანსებელს“ და „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს გაეროს ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანი მუშაობს ბირთვული იარაღის ტექნოლოგიაზე. გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშით, არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ირანი ატარებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად მნიშვნელოვან სამუშაოებს. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა სახელმწიფო ტელევიზიით ოთხშაბათს ნაჩვენებ გამოსვლაში უარყო გაეროს ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია და დასძინა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. „ჩვენ არ გვჭირდება ატომური ბომბი. ირანელი ხალხი ბრძენია. ის არ შექმნის ორ ატომურ ბომბს მაშინ, როცა თქვენ გაქვთ 20 000 საბრძოლო ქობინა. ეს ერი შექმნის იმას, რასაც თქვენ თავს ვერ გაართმევთ - ზნეობრიობას“, განაცხადა აჰმადინეჟადმა. მისი თქმით, ირანი არ იტყვის უარს სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე. ევროკავშირი კი შეშფოთებას გამოთქვამს გაეროს ანგარიშში მოყვანილი ინფორმაციის გამო. საფრანგეთი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ირანის წინააღმდეგ მორიგ სანქციებზე მოსალაპარაკებლად. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს განცხადებით, მსოფლიომ უნდა მიმართოს ზომებს, რათა არ დაუშვას ირანის ხელში ბირთვული იარაღის ჩავარდნა.
XS
SM
MD
LG