Accessibility links

logo-print
თბილისში გაიხსნა ყოველწლიური გარემოსდაცვითი კონფერენცია, რომელიც გარემოს ცვლილებებს და ადამიანების ცხოვრებაზე მის გავლენას ეთმობა. კავკასიის წარმომადგენლები ცდილობდნენ პრობლემის სიმწვავე და მისი გადაჭრის გზები დაესახათ.

უზარმაზარი განათებული ბროლის ჭაღის გარშემო, მართკუთხა მაგიდასთან, ორმოცდაათამდე ადამიანი ზის. კავკასიაში თუ ვინმეს გარემოს დაცვაში წვლილი მიუძღვის, აქ ნახავთ - მათ უმრავლესობას მაინც. ეკრანზე კლიპი გადის, მულტიპლიკაციური. ჯერ ჩნდება ადამიანების გამოსახულებები მანქანებში, კადრი იცვლება, ჩნდებიან ქვეითად მოსიარულენი, შემდეგ - ავტობუსებით და ველოსიპედებით მავალნი. ქარხანათა გამონაბოლქვს მწვანე ფერი და ყვავილების პეიზაში ენაცვლება. ასე ასრულებს გამოსვლას „მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენელი საქართველოდან, დევიზით - ჩვენი მიზანია გარემოს დაცვა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდესო. კონფერენციის წარმომადგენლებმა დაახლოებით ასგვერდიანი ბაინდერი გადმომცეს, სადაც კავკასიის გარემოსდაცვითი ყოველწლიური კონფერენციის მთელი მასალაა თავმოყრილი, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ჯერ არავინ იცის რა იქნება და როგორ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ კლიმატის ცვლილება რეალურია. არც ის ვიცით, რა არის გამომწვევი მიზეზი ამ ყველაფრისა...

თეზისები იყო დაწერილი მარტო ინგლისურად და რუსულად, რადგან ეს ჯგუფების სამუშაო ენაა.

კონფერენცია ბროლის ჭაღის გარშემო გრძელდება. ეკრანზე გამოსახულებები იცვლება. საუბრები აქ ორ დღეს გასტანს, ყველაფერს ვერ მოვიცავთ. ძირითადი აქცენტი ერთია.

„პრინციპში, ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას ყურადღების მობილიზება მოვახდინოთ ჩვენს ყველაზე მთავარ, გლობალურ პრობლემაზე, რომელსაც ჰქვია კლიმატის ცვლილება. ჯერ არავინ იცის რა იქნება და როგორ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ კლიმატის ცვლილება რეალურია. არც ის ვიცით, რა არის გამომწვევი მიზეზი ამ ყველაფრისა, მაგრამ, პრინციპში, მოქმედება ახლა უნდა დავიწყოთ, რათა ცვლილებასთან ადაპტირება მოვახდინოთ“, ამბობს ნინო ჩხობაძე.

ეს არის თამაშები, რომლებიც ქმნიან კავშირებს ენერგოდაზოგვასა და ფულს შორის. ერთ-ერთი თამაშია თამაშ ”მონოპოლის” სტილში...
ამ პროცესში და ამ დევიზით, როგორც ვარკვევ, კავკასიაში ათეულობით ორგანიზაციაა დასაქმებული განვითარებული სამყაროს ფულითა და მხარდაჭერით. გადავშალე ბაინდერი, სადაც ვკითხულობ, რომ, მაგალითად, მუშავდება ენერგოტუალეტების, ენერგოწყაროების დაზოგვის სხვა მეთოდები, მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივები, ითვლება და აღიწერება კლიმატის გავლენა მიწაზე, ჰაერზე, ტყეზე, წყალზე, ფლორაზე, ფაუნაზე, ეკონომიკაზე…ბაინდერში წარმოდგენილია ამ თემაზე ჩატარებული სხვადასხვა სამეცნიერო კვლევები. ბაინდერს ვკეცავ და ვისმენ იმავე შინაარსითა და თანმიმდევრობით პოვერ პოინტის პრეზენტაციებში წარმოდგენილ გამოსვლებს. ეს, ალბათ, ერთგვარი „ვინ რა გააკეთას“ შეჯამებაა, ანგარიში დონორებისა და ერთმანეთის მიმართ მესიჯით: ’საზოგადოების ინფორმირების დონე უნდა ამაღლდეს’. მართკუთხა მაგიდის გარშემო არ ჩანან ჟურნალისტები და ჩანს სკამებზე გადაკიდებული ტილოს ყავისფერი ჩანთები, მწვანე მესიჯით - „გარემოს ცვლილება“.

ჩემი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის გამომსვლელმა, რომელმაც სიტყვის დასრულებისას შეკრებილებს ოთხკუთხა მუყაოს ფერადი ყუთები აჩვენა - ენერგოთამაშები ბავშვებისთვის:

„ეს არის თამაშები, რომლებიც ქმნიან კავშირებს ენერგოდაზოგვასა და ფულს შორის. ერთ-ერთი თამაშია თამაშ ”მონოპოლის” სტილში, რომელიც ძალიან პოპულარულია, ბავშვებს უყვართ და სიამოვნებით თამაშობენ.“

მაგიდას გარს შემოვუარე და გამომსვლელს თამაშის ჩვენება ვთხოვე. რამდენიმე თამაშია. ერთ-ერთ თამაშზე შევჩერდები, რომელშიც, წესების მიხედვით: ”მოგებულია ის, ვისაც თამაშის დასრულების დროს გააჩნია ყველაზე მეტი ფული და ობიექტები.” გახსოვთ თამაში „მონოპოლი“? როცა მოგება ყველაფრის შესყიდვას ნიშნავდა… პრინციპი იგივეა, ოღონდ აქ ფულს გარემოს პრობლემების გააზრებით შოულობ. წამგებიანი რამდენიმე სვლა:

1) ზამთარში ოთახი ისე გაათბე, რომ მოგიწია სვიტერის გახდა.

2) სახლიდან გასვლისას სინათლე დაგრჩა ანთებული.

3) გამოიყენე საკუთარი ავტომობილი მცირე მანძილზე გადასაადგილებლად.

4) კბილის გახეხვის დროს ონკანი გქონდა მოშვებული.

5) ხშირად ყიდულობ ზედმეტ ნივთებს, რითაც ხელს უშლი ნარჩენების შემცირებას.

ბროლის ჭაღის გარშემო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების კონფერენცია „შერატონ მეტეხი პალასში“ ორ დღეს გასტანს.
XS
SM
MD
LG