Accessibility links

”იგი ვერ გახდება პრეზიდენტი და არ სურს იყოს პრემიერ-მინისტრი” - ამ სათაურით დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას, რომელშიც გამოთქმულია აზრი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის ემზადება. ამ აზრის გამოთქმის საბაბი კი გახდა პრეზიდენტის ინტერვიუ AurActiv-ის პოლონურ ბიუროსთან. ინტერვიუს თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი უინტერესოდ ეჩვენება. ”რეზონანსის” ფურცლებზე ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი, თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქციისა ”ერთობა სამართლიანობისთვის”, ამბობს, რომ პრეზიდენტი თავისივე საკონსტიტუციო რეფორმის მძევალია და ”პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლითაა განპირობებული, მისი პრემიერ-მინისტრობაზე უარის თქმის მიზეზი გახდა“.

მართალია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა მანანა მანჯგალაძემ გუშინ განმარტა, რომ ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის საკითხს ეხება, ზუსტად არ გადმოსცემს იმას, რაზეც პრეზიდენტმა ჟურნალისტთან ისაუბრა, მაგრამ თემა დღევანდელ ქართულ პრესაში მაინც აქტუალურია. ”სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის ემზადება?“ - კითხულობს ამჯერად გაზეთი ”ახალი თაობა”. გაზეთში წაიკითხავთ, რომ, ”ახალი თაობის” კომპეტენტური წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად დანიშნავს. იმავე წყაროს მტკიცებით, ამ ორიოდე დღის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყოფილა. „ახალი თაობა“ იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარის რანგში შეეცდება. შესაბამისად, გაზეთის მტკიცებით, საპარლამენტოსთან ერთად, უახლოეს ხანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც უნდა დაინიშნოს.

”ივანიშვილის ფაქტორი - შესაძლებლობები და საშიშროებები” - ამ თემაზე კი გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” მსჯელობს. გაზეთის თანახმად, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ საზოგადოებას გაუჩინა იმედი, რომ არსებული სისტემის შეცვლაზე არა მარტო ფიქრი, კონკრეტული მოქმედებაც შესაძლებელია. გაზეთი ფიქრობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ უკვე აქცია არარაობად მმართველი რეჟიმის მიერ დემოკრატიის ილუზიის მიზნით შექმნილი და წახალისებული რამდენიმე პარტია და, ბოლოს, ”გაჩნდა შესაძლებლობა, რომ თავიდან ბოლომდე გადავიაზროთ პოლიტიკური ორიენტირები“.

ვის რამდენი ლარით ეხმარება ბიძინა ივანიშვილი და როგორ უნაწილებს იგი ყოველთვიურად ათასამდე ადამიანს 1 მილიონ 226 ათას 163 ლარს, გაზეთ ”ალიადან” შეიტყობთ. გაზეთი ექსკლუზიურად აქვეყნებს ამ ათასამდე ადამიანის სრულ სიას. დღევანდელ „ალიაში“ სია უკომენტაროდ ქვეყნდება, თუმცა გაზეთი ”მკითხველს ”კვირის ქრონიკაში” თემის განვრცობას ჰპირდება. კითხვები კი, რომლებიც ”ალიაში” დღეს ჯერჯერობით უპასუხოდ დაისვა, შემდეგია: 1. რა პრინციპით განსაზღვრა ბიძინა ივანიშვილმა დახმარებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა და რატომ აძლევს ზოგს 6000, ზოგს კი 500 ლარიან დახმარებას? 2. კიდევ ეძლევათ თუ არა დახმარება იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ სიაში მაინც არიან? 3. რატომ მეორდება სიაში რამდენიმე სახელი და გვარი? 4. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ისევ ექნება თუ არა ბიძინა ივანიშვილს უფლება გააგრძელოს ამ ადამიანების დახმარება და, ბოლოს, 5. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ იღებენ თუ არა ისევ დახმარებას ის ადამიანები, რომლებიც ნაციონალების გუნდში არიან? - ამ კითხვებზე პასუხის მიღებას გაზეთი „ალია“ - და, შესაბამისად, ”კვირის ქრონიკა” - ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურიდან და თავად ამ სიაში მოხვედრილი ადამიანებისგან შეეცდება.
XS
SM
MD
LG