Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმმა ისლამური ხელოვნების ფლიგელი გახსნა


ნიუ-იორკში, მანჰეტენში მდებარეობს აშშ-ის უდიდესი - მეტროპოლიტენის სახელით ცნობილი - მუზეუმი, რომელიც ისლამური ხელოვნების ათასობით შედევრის მფლობელია და რომელმაც ახლა საგანგებო ფლიგელი დაუთმო მუსლიმანური კულტურის ნიმუშებს. მუზეუმის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ეს აქტი იმ მიზნით ახსნა, რომ ამერიკელებს მსოფლიო კულტურის შესახებ ცოდნა გაუღრმავდეთ.
ჩვენს ხელშია დიდი შესაძლებლობა ხალხს აზრი შევაცვლევინოთ. მნახველებს ვაწვდით ინფორმაციას ისტორიული ფონის შესახებ...

პირველ ნოემბერს გაიხსნა მუზეუმის ისლამური ხელოვნების ფლიგელი, სადაც არაბული ქვეყნების, ირანის, თურქეთის, ასევე შუა და სამხრეთ აზიის ხელოვნების ისლამის პერიოდის ნიმუშებია გამოფენილი. ფლიგელში წარმოდგენილი ნიმუშები მე-7 საუკუნიდან, ანუ ისლამის წარმოშობის დროიდან, მე-19 საუკუნემდე პერიოდს მოიცავს. ამერიკელებს ნიუ-იორკში ათი წლის წინ მომხდარი ტერორისტული აქტების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ისლამზე უარყოფითი აზრი შეუქმნა. მუზეუმი ახლა თვლის, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეებს ისლამზე, მის ხელოვნებაზე ცოდნას ცალკე ფლიგელი გაუფართოებს. მუზეუმის ისლამური ხელოვნების განყოფილების კურატორმა შეილა კანბიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფლიგელი არა მხოლოდ ხელოვნებას უჩვენებს სტუმრებს, არამედ მიზნად ისახავს ასევე ინფორმაცია მიაწოდოს ისლამის ისტორიაზე, რაც, კანბის აზრით, ამერიკელთათვის ნაკლებადაა ცნობილი:

„ჩვენს ხელშია დიდი შესაძლებლობა ხალხს აზრი შევაცვლევინოთ. მნახველებს ვაწვდით ინფორმაციას ისტორიული ფონის შესახებ. ხალხს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს ნეიტრალურ გარემოში, სადაც პოლიტიკური შეხედულებები არ არის აქტუალური. ჩვენ, უბრალოდ, გამოფენილი საგნების გარშემო ვაწვდით მათ ინფორმაციას.“

შეილა კანბის თქმით, მხოლოდ ინფორმაცია არაა საქმე. მას სჯერა, რომ შესაძლებლობა, უშუალოდ იხილოს სხვა სამყაროს მშვენიერება, მისი ხელოვნება, უკვე ეხმარება ადამიანს სტერეოტიპებისგან განთავისუფლებაში.

ახალი ფლიგელის გალერეებში12 ათასი ექსპონატია გამოფენილი. ისინი შექმნილია არეალებში, ესპანეთიდან და მაროკოდან მოყოლებული, ინდოეთსა და შორეულ აღმოსავლეთამდე. აქ ნახავთ უნიკალურ სპარსულ მინიატურებს, მოზაიკით მორთულ მიჰრაბებს, ხელნაწერებს და ბევრ ხალიჩას. ისპაანიდანაა წამოღებული მე-14 სუკუნის მიჰრაბი - სალოცავი ნიშა - მეჩეთში.
გამოფენილი გვაქვს მე-16 საუკუნის - ქაიროში ოსმალეთის პერიოდის -ხალიჩა, მოციმციმე, მშვენიერი ფერებით და ნახატით...

„ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტურული ფრაგმენტია მიჰრაბი ისპაანიდან, 1354 წელს შექმნილი ნატიფი მოზაიკა. შუააზიელებსაც აქვთ ამგვარი მოზაიკა, თემურლენგის მონუმენტი ამ ტექნიკითაა შექმნილი. მაგრამ ეს ტექნიკა ძალიან შრომატევადი იყო და დროთა განმავლობაში დაიკარგა - უკვე მე-15 საუკუნეში მოზაიკებს დიდი ფილებით ამზადებდნენ“, ამბობს შეილა კანბი.

მეტროპოლიტენის მუზეუმშია დაცული მე-16 საუკუნის ბოლოს შექმნილი ფირდოუსის „შაჰნამეს“ ხელნაწერი, რომელიც შაჰ თამაზს ეკუთვნის. აქვეა მინიატურები არაბული ქვეყნებიდან, ოსმალეთის იმპერიიდან, მოგოლების პერიოდის ინდური ხელოვნების ნიმუშები. და რაც განსაკუთრებით ამშვენებს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმს, ესაა ხალიჩები, რომლებიც მნახველს, უბრალოდ, აჯადოებს. იოლი წარმოსადგენია, ამბობს შეილა კანბი, რამდენად მდიდრულად იყო მორთული ისლამური სამეფო კარი:

„გამოფენილი გვაქვს მე-16 საუკუნის - ქაიროში ოსმალეთის პერიოდის -ხალიჩა, მოციმციმე, მშვენიერი ფერებით და ნახატით. მისი შემხედვარე წარმოიდგენ, რამდენად მდიდრული იყო ის შენობები, სადაც ეს ხალიჩები იყო დაფენილი.“

სიმდიდრის - და არამხოლოდ მის - ჩვენებას ისახავს მიზნად სხვა დარბაზი, „დამასკოს დარბაზი“, სადაც ოსმალეთის იმპერიის სამეფო კარის მისაღები სათავსოა წარმოდგენილი. ინტერიერი 1707 წელს სირიაშია შექმნილი. ეს ოსმალეთის პერიოდის ინტერიერის ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი ნიმუშია. მნახველი, ბუნებრივია, მოხიბლულია ამ ყველაფრის ხილვით. გორდონ დინზმარი, 58 წლის ნიუ -იორკელი, სადაზღვევო კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ხელოვნების ნიმუშებსა და ისტორიაზე თავისი დაკვირვების შედეგად მიღებულ დასკვნას გვიზიარებს:

„მოულოდნელი არ არის, რომ, ევროპის ადრე შუასაუკუნეების ხელოვნებასთან შედარებით, ეს ხელოვნება უფრო გვაცვიფრებს თავისი სინატიფით. „ბნელ ხანაში“ ევროპა ოდნავ ჩამორჩა, თუმცა მისი ხელოვნებაც განსაცვიფრებელია. და ამ ნიმუშების, ხალიჩების შემხედვარეს, გახსენდება ევროპული რენესანსის დროინდელი ნახატები, სადაც გამოსახული პირები ხალიჩებზე დგანან და აშკარაა, რომ იმ ხანის ევროპელთათვის ხალიჩა ფუფუნების საგანი იყო.“

მუზეუმის სხვა მნახველი, 69 წლის ნეიროქირურგი ფრენკ ჯონსონი შუა დასავლეთიდანაა. მისთვის მეტროპოლიტენის მუზეუმის ახალი ფლიგელი ისლამური ხელოვნების ყველაზე დიდი გამოფენაა, რაც კი ოდესმე უნახავს:

„ერთობ შთამბეჭდავია, ასეთი მასშტაბის არაფერი მინახავს! ამ მუზეუმშიც ვიყავი და მსოფლიოს არაერთი სხვა დიდი მუზეუმის ისლამური ხელოვნების კოლექციებიც მინახავს, მაგრამ ასეთი მრავალფეროვანი - არასოდეს. ბრწყინვალე გამოფენაა!“

2003 წელს, როცა ანტიკური ეპოქის, ბერძნული და რომაული ხელოვნების დარბაზის აღდგენა დაიწყო, მეტროპოლიტენის მუზეუმმა ისლამური ხელოვნების გალერეა დახურა. ის ერთი სართულით ქვემოთ იყო. ისლამური ხელოვნების განყოფილებამ დრო იხელთა და ამ პერიოდში ექსპოზიცია განაახლა, უფრო საინტერესო გახადა.

ახალ ფლიგელს საფინანსო მხარდაჭერა გაუწიეს კერძო პირებმა. ერთი მათგანია პატი კადბი ბირჩი და მისი ოჯახი, ისლამური ხელოვნების ძველი თაყვანისმცემელი.სწორედ მისი სახელი ეწოდა გალერეათა ერთ რიგს. დიდ დონორთა რიცხვშია თურქეთის ფონდი „ვეჰბი ფოკი“, ასევე ნიუ-იორკელი მეწარმეების, ხელოვნების სპონსორების ოჯახი, ბიჟან და შარმინ მოსავარ-რაჰმანები, რომლებმაც სპარსული ხელოვნების დარბაზები დააფინანსეს. ამ გალერეასაც მათი სახელი უწოდეს. მუზეუმის ისლამური ხელოვნების გამოფენას ირანულ-ამერიკულმა სათვისტომომაც გაუწია ფულადი დახმარება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG