Accessibility links

logo-print

ანალიტიკოსები არჩევნების ჩაშლას ვარაუდობენ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე კანდიდატების ნაწილმა საკუთარი კანდიდატურების სხვების სასარგებლოდ მოხსნა დაიწყო. აივარ ბესტაევმა დიმიტრი ტასოევს დაუჭირა მხარი, მერაბ ჩიგოევმა კი საკუთარი კანდიდატურა კრემლის რჩეულის, ანატოლი ბიბილოვის სასარგებლოდ ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოხსნა. წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში ბიბილოვს კოკოითის მემკვიდრედ განიხილავდნენ, მაგრამ ანატოლი ბიბილოვი კამპანიის პერიოდში კოკოითის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებდა. კრიტიკას არც კოკოითი ერიდებოდა. ამიტომ ცხინვალში ყველამ დაიჯერა, რომ კოკოითის მემკვიდრედ ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კაბისოვი იქცა, მაგრამ კრემლის მოხელეებმა ოსურ არჩევნებში წერტილი ღიად დასვეს და კოკოითიმ კიდევ ერთხელ აღიარა ბიბილოვი საკუთარ მემკვიდრედ. ცხინვალში ჩასულმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა ბიბილოვს ღიად დაუჭირა მხარი.

კრემლის მხარდაჭერის მიუხედავად, კოკოითის ხელისუფლებიდან გამოსული კანდიდატები ბიბილოვის სასარგებლოდ კანდიდატურების მოხსნას არ ჩქარობენ. ოსურ საინფორმაციო სივრცეში კარგად ჩანს, რომ კოკოითის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები ძირითადად კაბისოვის პიარს ეწევიან. ამიტომ მაინც გაურკვეველი რჩება რა მოხდება სამი დღის შემდეგ. უკვე ცხადი გახდა, რომ ოპოზიციამ ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება ვერ შეძლო და რამდენიმე კანდიდატი დამოუკიდებლად იბრძოლებს. ცნობილია, რომ რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამბოლატ თედეევმა მხარდაჭერა ალა ჯიოევას გამოუცხადა. არჩევნების დღეს ჯიოევას მომხრეები ვლადიკავკაზიდან ზემო როკში ჩავლენ მის მხარდასაჭერად. დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიკავკაზში, სადაც 17 ათასზე მეტი სამხრეთელი ოსი ცხოვრობს, საარჩევნო უბნების გახსნაზე უარი თქვა. ოპოზიციის აზრით, კოკოითის ხელისუფლება ამ გზით არასასურველ ელექტორატს თავიდან იცილებს. როკის გვირაბს დღეში მხოლოდ 4 ათასამდე ადამიანის გატარება შეუძლია და ყველა მსურველს ნების გამოხატვის საშუალება არ მიეცემა. გარდა ამისა, ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე უკვე დიდი თოვლია და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. ამის მიუხედავად, ჯიოევას მომხრეებისთვის ვლადიკავკაზში სპეციალური ავტობუსები გამოიყოფა, რათა მათ ზემო როკში ჩასვლა ორგანიზებულად მოახერხონ. ჩვენს რადიოსთან საუბარში ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელმა ელინა მარზოევამ აღნიშნა , რომ საზღვარზე სხვა დაბრკოლებებსაც ელოდებიან, მაგრამ ამომრჩევლების გადაყვანას მაინც უზრუნველყოფენ.

ზოგიერთი ოსი ანალიტიკოსი არჩევნების საერთოდ ჩაშლას ვარაუდობს. მათი აზრით, საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა ხელოვნურად გაზრდილი რაოდენობა - 34 ათასი კაცი - ამის წინაპირობაა. დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციით, არჩევნებში ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტი უნდა მივიდეს, რომ ის ჩატარებულად ჩაითვალოს. ექპერტების აზრით, როცა ვლადიკავკაზში საარჩევნო უბნები არ არსებობს, შეუძლებელია ეს არჩევნები საერთოდ ჩატარებულად და ლეგიტიმურად მიიჩნიოს ვინმემ. იმავე კონსტიტუციით, თუ არჩევნები ჩაიშალა, მომდევნო არჩევნებში იგივე კანდიდატები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, კოკოითი ამ გზით მმართველობას გაიხანგრძლივებს და შემდეგ ჯერზე რეალურ მემკვიდრეს - ამჟამინდელ გენერალურ პროკურორს თეიმურაზ ხუგაევს - გზას გაუხსნის.
XS
SM
MD
LG