Accessibility links

logo-print

ირანისადმი რუსეთის მხარდაჭერის ქვეტექსტი


რუსეთისა და ირანის დროშები

რუსეთისა და ირანის დროშები

მაშინ როცა დასავლეთის სახელმწიფოები ახალი სანქციების მოთხოვნით გამოდიან ირანის წინააღმდეგ მისი ბირთვული პროგრამის გამო, რუსეთი, პირიქით, მხარდაჭერას უცხადებს თავის ოდინდელ მოკავშირეს. მოსკოვის შეცვლილი რიტორიკა, რომელიც განსხვავდება თეირანის მიმართ ადრინდელი კრიტიკისაგან, ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ რუსეთისათვის ეს უფრო ერთგვარი კოზირია დასავლეთის წინააღმდეგ, ვიდრე რეალური ინტერესი ირანთან მიმართებით.

ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მკაცრად დაგმო ისრაელის განცხადება, რომლის თანახმადაც სამხედრო მოქმედება ირანის წინააღმდეგ უფრო მისაღები იქნებოდა, ვიდრე ბირთვული პროგრამის დიპლომატიური გზით გადაჭრა:

„ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული შეცდომა, რომელიც გამოიწვევდა არაპროგნოზირებად შედეგებს. ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი - ისევე როგორც თანამედროვე მსოფლიოს არც ერთი პრობლემა -სამხედრო გზით არ გადაიჭრება.“
რუსეთი თითოეულ კონკრეტულ მომენტში იმაზე ფიქრობს, ვისთან იყოს - ითანამშრომლოს დასავლეთთან ირანზე ზეწოლის საქმეში...

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშმა გააძლიერა დასავლეთის ეჭვები, რომ თეირანი საიდუმლო ვითარებაში უნდა განაგრძობდეს ბირთვული იარაღის შექმნას. სააგენტოს თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკა აწარმოებს გამოცდებს, რომელიც „ბირთვული აფეთქების რელევანტურია.“

საფრანგეთისა და აშშ-ის კანონმდებლები გამოვიდნენ მოწოდებით, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდეს. თუმცა რუსეთმა სწრაფადვე დაგმო ანგარიში და განაცხადა, რომ ის ძალზედ იმედგაცრუებული და შეშფოთებულია ამ ანგარიშით, რომ რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ მას უწოდა „ინფორმაციით ჟონგლიორობა, რომლის მიზანიცაა ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ირანის ბირთვულ პროგრამას სამხედრო შემადგენელი ჰქონდეს.“ თუმცა არანაკლებ დიპლომატიურ ჟონგლიორობაში სდებს ბრალს თავად რუსეთის ხელისუფლებას რუსი სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ გოლცი, რომელიც რუსეთის ქმედებას „მე-19 საუკუნისდროინდელი რეალპოლიტიკური თამაშების“ ნაწილად მიიჩნევს:

„რუსეთი თითოეულ კონკრეტულ მომენტში იმაზე ფიქრობს, ვისთან იყოს - ითანამშრომლოს დასავლეთთან ირანზე ზეწოლის საქმეში თუ ხელი შეუშალოს დასავლეთის ყველა ინიციატივას.“

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა კარგად იხეირა ირანში ბირთვული რეაქტორის აშენებით, ალექსანდრ გოლცი დარწმუნებულია, რომ ამჯერად ბიზნესინტერესი არ განსაზღვრავს კრემლის პოლიტიკას. ამ აზრს ეთანხმება აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ვიქტორ კრემენიუკი, რომელიც ფიქრობს, რომ მოსკოვის ბოლოდროინდელი პოზა „კუნთების თამაშს წააგავს“:

„ რუსეთს არ მოსწონს, რომ ვაშინგტონში ისმის რუსეთის დამგმობი ნოტები, გამოითქმის უკმაყოფილება მედვედევით და გამოითქმის უკმაყოფილება იმით, რომ პუტინი საკუთარ კანდიდატურას აყენებს. ვფიქრობ, აქ იწყება ერთგვარი მსუბუქი ‘ცივი ომი’.“

რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქმე რიტორიკაზე შორს არ წავა. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია დასავლეთის მიერ სანქციების მოთხოვნა და რას მიიღებს რუსეთი მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ, - ამბობს ვიქტორ კრემენიუკი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელ განცხადებაში ვერც ალექსანდრ გოლცი ხედავს რაიმე სიახლეს. სიტყვიერი მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთის ურთიერთობა ირანთან კიდევ უფრო გართულდება. „საბოლოო ჯამში, რუსეთისთვის არახელსაყრელია ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღიო“, - დასძენს რუსი სამხედრო ექსპერტი.
XS
SM
MD
LG