Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტეგრაცია თვითმყოფადობის შენარჩუნებით


საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ეროვნულ დღესასწაულს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ეროვნულ დღესასწაულს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ
სამოქალაქო განვითარების სააგენტომ, დემოკრატ მესხთა კავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი შექმნა, რომელშიც სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. პროექტის - „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ - მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის (მათ შორის, სამთავრობო პროექტების) მონიტორინგი უპირატესად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. რა აჩვენა 2010-2011 წლების კვლევამ და როგორ ხორციელდება შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული გეგმა?

სამირა ისმაილოვა, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი და საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე, უმაღლეს განთლებას ქართულად, ანუ სახელმწიფო ენაზე, იღებს, თუმცა თბილისამდე ჯერ ბოლნისში, შემდეგ კი რუსთავში ცხოვრობდა. სამირა ისმაილოვას დაკვირვებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მკვეთრად - თითქმის სამჯერ - გაიზარდა ეთნიკური უმცირესობის რაოდენობა სტუდენტთა შორის:
ინტეგრაცია ყოველთვის დაკავშირებულია ასიმილაციის შიშთან...

„სამი წლის წინ (სტატისტიკას რომ შევხედოთ) სამი-ხუთი, მაქსიმუმ ათი აბიტურიენტი აბარებდა ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. იმის გამო, რომ ჰქონდათ ენის ცოდნის პრობლემა, მიდიოდნენ მეზობელ ქვეყნებში. შარშან 178-მა აზერბაიჯანელმა და 100-მა სომეხმა აბიტურიენტმა ჩააბარა. წელს მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა: 254 აზერბაიჯანელია და 116 სომეხი.“

უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობის ამგვარ ზრდას სამირა ისმაილოვა იმ სახელმწიფო პროგრამას უკავშირებს, რომელიც მესამე წელია ხორციელდება და რომლის პირობითი სახელწოდება „ერთი პლუს ოთხია“. ამ პროგრამის მიხედვით, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები ზოგად უნარებში გამოცდას მშობლიურ ენებზე აბარებენ, ჩარიცხვის შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში ეუფლებიან სახელმწიფო ენას და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას. პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარის თამარ კინწურაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამა ნაწილია შემწყნარებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ხუთწლიანი გეგმისა.
თამარ კინწურაშვილი
თამარ კინწურაშვილი

„ინტეგრაცია ყოველთვის დაკავშირებულია ასიმილაციის შიშთან. ამიტომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის სწავლებას და, მეორე მხრივ, ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე განათლების მიღების შესაძლებლობას, რათა შესაძლებელი გახდეს მათი იდენტობის შენარჩუნება. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონალური ინტეგრაციის პროცესში და ეს საერთო პოლიტიკის ნაწილია. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამცხე-ჯავახეთიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის შემდეგ“, - უთხრა თამარ კინწურაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში საქართველოს მთავრობა მართლაც ახორციელებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც, ახალციხეში მცხოვრები ამალია სარქისიანის თქმით, ერთი-ორად ამაღლებს ინტეგრაციის ხარისხს:

„თბილისიდან თავად მოდიან მოვაჭრეები და მიაქვთ სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ასე რომ, გზის გაკეთება იყო ძალიან კარგი საქმე, რომელმაც ხელი შეუწყო ქართულად უმაღლესი განათლების მიღებასაც. ადრე ახალქალაქელი ახალგაზრდისათვის სტუდენტობა მშობლიური ქალაქიდან ხანგრძლივი დროით მოწყვეტას ნიშნავდა. ახლა ყოველ შაბათ-კვირას ბრუნდებიან შინ, რადგანაც გზაზე სულ რაღაც სამი-ოთხი საათი ეხარჯებათ.“
მოხდა პრობლემის გაგება როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდან. აღარავინ დავობს იმაზე, რომ ინტეგრაცია მნიშვნელოვანია...

ჯამში, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო კონცეფცია ექვსი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ესენია: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, განათლება და სახელმწიფო ენა, მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. კობა ჩოფლიანი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი, მიიჩნევს, რომ კონცეფციის მიღებამ და სამოქმედო გეგმის განხორციელებამ უკვე გამოიღო პირველი თვალსაჩინო შედეგი:

„გარემო შეიცვალა მნიშვნელოვანწილად. თუკი რამდენიმე წლის წინ ახალქალაქში სირცხვილად ითვლებოდა ქართულის სწავლა და ჩუმად დადიოდნენ მასწავლებლებთან, რათა ქართული ესწავლათ, დღეს უკვე, პირიქით, საჯაროდ ხდება ეს ყველაფერი და ადამიანები დაინტერესებული არიან ქართულის სწავლით. მოხდა პრობლემის გაგება როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდან. აღარავინ დავობს იმაზე, რომ ინტეგრაცია მნიშვნელოვანია.“

თუმცა, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო მონაწილეობა და ინტეგრაცია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აგიტ მირზოევი, ეროვნებათაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი, მიიჩნევს, რომ ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოა:
უმრავლესობას უნდა ესმოდეს, რომ ეს ქვეყანა არის არა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის საკუთრება, არამედ არის ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა...

„ეს ადამიანები ამბობენ, რომ არ მონაწილეობენ იმიტომ, რომ მათი ძალისხმევით არაფერი შეიცვლება, მაინც რწუმენებული ან გამგებელი ისე გააკეთებს, როგორც მათ უნდათო. ანუ ნდობა თავისივე, საკუთარი მონაწილეობის მიმართ დაბალია და ეს უნდა გავზარდოთ როგორც ვიზუალურად, ანუ რიცხვებში, ასევე ხარისხობრივად.“

მონიტორინგმაც, რომელიც სამოქალაქო განვითარების სააგენტომ და დემოკრატ მესხთა კავშირმა განახორციელეს, აჩვენა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს მნიშვნელოვანი ხარვეზები ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და უმცირესობათა ენებზე ითარგმნება სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებები, ინფორმაციის ძირითად წყაროს კვლავ მეზობელი ქვეყნების ტელეარხები წარმოადგენენ, თუმცა სააგენტოს დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა სახის წინააღმდეგობაა: სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის მზად უნდა იყოს როგორც ეროვნული უმცირესობა, ასევე უმრავლესობა. მხოლოდ სახელმწიფო ენის სწავლებით პრობლემა ვერ გადაიჭრება.
2010-2011 წლების კვლევის პრეზენტაცია
2010-2011 წლების კვლევის პრეზენტაცია

„როგორ შეიძლება უბრალოდ ვასწავლოთ აზერბაიჯანელ ან სომეხ თანამოქალაქეს ქართული და ვთქვათ, რომ ამით მოიხსნა ყველა პრობლემა. ენის სწავლებით მათი ეროვნება არ გამქრალა. უმრავლესობას უნდა ესმოდეს, რომ ეს ქვეყანა არის არა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის საკუთრება, არამედ არის ყველა იმ ადამიანის, რომელიც არის ამ ქვეყნის მოქალაქე. ამისთვისაა გასაქრობი ეს გაუცხოება. ვართ სიტუაციაში, როდესაც დღეს ეროვნული უმცირესობის ახალგაზრდებმა უფრო მეტი იციან ქართველების შესახებ, ვიდრე ქართველებმა ვიცით თუნდაც სომხების ან აზერბაიჯანელების შესახებ. უნდა გვესმოდეს, რომ თუ გაუცხოება დარჩება, შეუძლებელი იქნება ინტეგრაცია და ქვეყნის ჩამოყალიბება“, - უთხრა ზვიად დევდარიანმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG