Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 11 ნოემბერი, 2011


„საქართველოს რესპუბლიკის“ ზედა მარჯვენა კუთხეში დღესღა შევამჩნიე ილია ჭავჭავაძის ციტატა: „იმისთანა წმინდა საქმეში, როგორიც ბეჭდური სიტყვაა, ტყუილებით და ჭორებით ბურთის გატანა ყველა უკადრისობაზე უსაძაგლესია“. დამაინტერესა და გადავხედე „საქართველოს რესპუბლიკის“ ძველ ნომრებს. იქაც იგივე ციტატა გვხვდება, ილიას ცნობილი ხელმოწერით, ყოველთვის გაზეთის ზედა მარჯვენა კუთხეში. როგორც ჩანს, ეს ციტატა, ილიას მცირე ფოტოთი გაფორმებული, გაზეთის დიზაინის ნაწილია. ეს ისე - ვიფიქრე, საინტერესოა-მეთქი. ახლა კი მივყვეთ.

არა, მოდით, ჩვეული გზიდან ოდნავ გადავუხვევ და გაზეთების სათაურებს გადავავლებ თვალს.

„საქართველოს რესპუბლიკა“
„ნოემბერი დადგაო, სახლში სუსხი ჩადგაო, ანუ როგორმე ზამთარს თუ გადავურჩით...“ წითელი ასოებით: „რასაცა გასცემ...“ შავი, შედარებით მომცრო ასოებით, მინაწერი: „ქველმოქმედება“. „თქვენ გამო რეკავს ზარი!“ იქვე, წითელი ასოებით: „ღია წერილი ნაციონალური მოძრაობის მეორე ეშელონის ერზაც-პოლიტიკოსებს“ და თეთრი ასოებით გვარებია ჩამოწერილი. რამდენიმეს წავიკითხავ: გოგორიშვილს, მაჭავარიანს და, მოკლედ, სხვებს - სულ თვრამეტი გვარია და მინაწერი: „და სხვებს“.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადება: „დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის დისშვილის მეგობარი ზაზა კობახიძე“. გაზეთი პრესსამდივნოს განცხადებას პირდაპირ ბეჭდავს.

„24 საათი“
ნატოს გენერალური მდივნის ფოტო ჯარისკაცების ფონზე, წინა პლანზე ჯარისკაცების სილუეტები ჩანს, ფოკუსი პერსპექტივაში საკმაოდ შორს მდგომ ნატოს გენერალურ მდივანზეა, სათაური: „ყველაზე ახლოს, ვიდრე ოდესმე“.

„იტალიასა და საბერძნეთში კრიზისი არ ცხრება“ - წარწერის ქვეშ საბერძნეთის ახალი პრემიერის ფოტო. მარჯვნივ, ზედხედში გადაღებული ფოტო, მინაწერით: „ტრაფალგარის მოედანზე კარვების ქალაქის აღება“. ფოტოზე ჩანს რამდენიმე კარავი, ერთმანეთის მსგავსი, სხვადასხვა ფერის, პოლიციელები, სავარაუდოდ, ფოსფორისფერი მოსასხამებით და შედარებით მუქ ფერებში გამოწყობილი ადამიანების მასა, სილუეტები არ იკითხება. ზედ წარწერა: „სტუდენტების აქცია ლონდონში“.

მარჯვენა ქვედა კუთხეში მოზრდილი სარეკლამო ბანერი და მის გვერდით წარწერა: „აღმოსავლეთ საქართველო ფარდაგებში“. წარწერის ქვეშ ფოტოზე ადამიანი ქსოვს, კედელზე ხალიჩებს ვხედავთ.

„ვერსია“
გაზეთის წინა გვერზე თითქმის ყველა სათაურში იკითხება ივანიშვილი. ორ სათაურში გვარი ივანიშვილი არ ფიგურირებს. ერთ-ერთია: „ეს ხელისუფლება არჩევნების გზით ძალაუფლებას არ დათმობს“. ციტატას ახლავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგა ჟვანიას ფოტო.

„ახალი თაობა“
„სააკაშვილი თვითგადარჩენისათვის იარაღსაც კი გაისვრის“; „ნაციონალები მალე ერთმანეთს დაჭამენ“; „რასმუსენი: ოსებთან და აფხაზებთან უნდა მოილაპარაკოთ“; „ივანიშვილის ახლობლებს ისევ იჭერენ - ზაზა კობახიძე მაშინ დააკავეს, როცა სამებაში საკუთარი გვარის კურთხევაზე მიდიოდა“. „ახალი თაობაც“ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციას ბეჭდავს, თითქმის უცვლელი სახით.

„რეზონანსი“
„ვის აფინანსებს ივანიშვილი“ - მსახიობებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეების სია. გადავშალე. 65 ადამიანი მარჯანიშვილის თეატრიდან. 81 ადამიანი რუსთაველის თეატრიდან, მინაწერით: „ტექნიკური პერსონალი“. ოცდაათზე მეტი ადამიანი თუმანიშვილის თეატრიდან. ასამდე ადამიანი ნოდარ დუმბაძის ბავშვთა თეატრიდან. გვარები, ყოველთვიური და წლიური ანაზღაურებების მინაწერები.
XS
SM
MD
LG