Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბევრი დეპუტატი სჯობს ცოტას?


პარლამენტის ახალი შენობის მაკეტი
პარლამენტის ახალი შენობის მაკეტი
11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ინიცირებულ იქნა დეპუტატთა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასა და პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, ახალი მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრება 190 წევრით, ნაცვლად დღევანდელი 150-ისა. ვინ და რატომ გადაწყვიტა დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა?
მთელი ოპოზიცია ითხოვდა დეპუტატების რაოდენობის გაზრდას, რასაც მე არ ვეთანხმები! ეს ნაღდად არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა, ჩვენ გვინდოდა დეპუტატების რაოდენობის შემცირება...

2005 წლის 10 თებერვალს, პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე ილაპარაკა, რომლითაც დეპუტატების რაოდენობა 2003 წლის ოქტომბრის რეფერენდუმის გადაწყვეტილებასთან მოვიდოდა შესაბამისობაში, ანუ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან 150-მდე შემცირდებოდა. პარლამენტმა მაშინ პრეზიდენტის მოწოდება ყურად იღო. როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის სიტყვას ვერც ამჯერად გადაუხვევს, თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის ავტორი ოპოზიციაა:

„მთელი ოპოზიცია ითხოვდა დეპუტატების რაოდენობის გაზრდას, რასაც მე არ ვეთანხმები! ეს ნაღდად არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა, ჩვენ გვინდოდა დეპუტატების რაოდენობის შემცირება, მაგრამ ხალხის დაკვეთა იყო, რომ ოპოზიციასთან რაღაცაზე შევთანხმებულიყავით. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ თუ გაიზრდება დეპუტატების რაოდენობა, ექნებათ პარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი.“

თუმცა არც პრეზიდენტს და არც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს არ დაუზუსტებიათ ის, თუ რომელი ოპოზიციური პარტია ითხოვდა დეპუტატთა რიცხვის გაზრდას. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯერ კიდევ სამი თვის წინ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივა თავიდან ბოლომდე ხელისუფლებას ეკუთვნის:
დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი დაეთანხმა ხელისუფლებისა და სააკაშვილის წინადადებას დეპუტატთა რაოდენობის გაზრდაზე, მაგრამ ჩვენ, ექვსი პოლიტიკური პარტია, არ დავეთანხმეთ წინადადებებს. მაგრამ ეს ინიციატივა მოდიოდა ხელისუფლებიდან! ასე რომ, სააკაშვილმა იცის, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა და ცდილობს სხვას დააბრალოს ეს ყველაფერი.“

მაინც რატომ მიიჩნევს ოპოზიცია, რომ გადაწყვეტილება არასწორია? - ამ შეკითხვის პასუხად კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ, შემოთავაზებული წესით, ანუ რეფერენდუმის გარეშე რეფერენდუმის შედეგის გაუქმებით, უხეშად დაირღვევა კანონი. და კიდევ, ვახტანგ ხმალაძის თქმით, აღნიშნული საკითხის არათუ მიღება, განხილვაც კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას:

„კონსტიტუცია ამბობს იმას, რომ ხალხის ნების უმაღლესი გამოხატვა ეს არის პირდაპირი დემოკრატია, ის ფორმა, რომელსაც ჰქვია უშუალოდ მოქალაქეთა მიერ აზრის გამოხატვა, ანუ რეფერენდუმი, ხოლო საპარლამენტო დემოკრატია - ეს უკვე არის წარმომადგენელთა მიერ გამოხატული ნება. ხალხის ნება არის უმაღლესი და ამ უმაღლესმა ნებამ თქვა, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-ზე მეტი არ უნდა იყოს.“
ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს მაჟორიტარი და, შეთანხმების მიხედვით, გადავწყვიტეთ დიდი ოლქების დაყოფა, რათა გათანაბრება მოხდეს...

თუმცა, დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ახალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა 190-ით განისაზღვრება. ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე ამბობს, 107 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, 87 კი - მაჟორიტარულით.

„დღევანდელი სისტემით, 75 დეპუტატი მაჟორიტარია, ანუ პირდაპირი წესით არიან არჩეული ოლქებში, დანარჩენი 75 კი - პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით. შესაბამისად, იზრდება რაოდენობა როგორც პარტიული სიის, ასევე მაჟორიტარებისა. მაჟორიტარების რაოდენობა გაიზრდება დიდი ოლქების დაყოფის ხარჯზე. ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს მაჟორიტარი და, შეთანხმების მიხედვით, გადავწყვიტეთ დიდი ოლქების დაყოფა, რათა გათანაბრება მოხდეს“, - უთხრა ვახტანგ ბალავაძემ რადიო თავისუფლებას.

სხვათა შორის, საარჩევნო ოლქების დაყოფისა და მაჟორიტარი დეპუტუტების რაოდენობის შეცვლის საკთხს ვენეციის კომისიაც გამოეხმაურა. აი, რა განაცხადა ორიოდე კვირის წინ თბილისში ყოფნისას ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა:
ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, საარჩევნო ოლქების ზომა ძალიან მცირეა, ანუ ამომრჩეველთა რაოდენობა არაპროპორციულად მცირეა, ვიდრე დიდ ქალაქებსა და რაიონებში...

„დღევანდელ სისტემაში საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა არაა პროპორციულად წარმოდგენილი. ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, საარჩევნო ოლქების ზომა ძალიან მცირეა, ანუ ამომრჩეველთა რაოდენობა არაპროპორციულად მცირეა, ვიდრე დიდ ქალაქებსა და რაიონებში. შესაბამისად, ძალიან დიდია სხვაობა სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში აღრიცხულ ამომრჩევლებს შორის. განსახილველად წარმოდგენილი საარჩევნო კოდექსი ამ პრობლემას გარკვეულწილად აგვარებს, თუნდაც იმით, რომ ითვალისწინებს ყველაზე მსხვილი ოლქების დაყოფას, თუმცა, ამის მიუხედავად, აღნიშნული პროექტი პრობლემას მთლიანად მაინც ვერ წყვეტს.“

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანით, ანუ მაჟორიტარი დეპუტუტების რაოდენობის გაზრდით, ახალი მოწვევის პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობის გაზრდას ცდილობს. საგულისხმოა ისიც, რომ ხელისუფლებას კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად ოპოზიციის მხარდაჭერა არც სჭირდება: საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ორ ფრაქციას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარებს“ აერთიანებს, ჯამში, 125 ხმას აკონტროლებს, ცვლილების მისაღებად კი 100 ხმაა საჭირო.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG