Accessibility links

logo-print

პანეტა: ირანზე იერიშს შესაძლოა, არ მოჰყვეს სასურველი შედეგები


აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლიონ პანეტას განცხადებით, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას შესაძლოა, არ მოჰყვეს სასურველი შედეგები რეგიონში და შესაძლოა, ვერ შეაჩეროს ირანის ბირთვული პროგრამა. როგორც პანეტამ ვაშინგტონში განაცხადა, შეერთებულ შტატებს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მიუღებლად მიაჩნია ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, მაგრამ, რაც შეეხება სამხედრო ზომას, აუცილებელია მის ყველა შესაძლო შედეგის გულდასმით გაანალიზება. „ეს შედეგები შეიძლება მოიცავდეს არა მარტო იმას, რომ თავიდან ვერ აიცილებ იმას, რის გაკეთებაც ირანს სურს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული ზემოქმედება რეგიონზე და სერიოზული ზემოქმედება რეგიონში შეერთებული შტატების ჯარებზე“, - განაცხადა პანეტამ. მან ეს შეფასება გამოთქვა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ „რკინის მუშტები“ დახვდება შეერთებული შტატების, ან ისრაელის ნებისმიერ სამხედრო აქციას, ირანის ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად. ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ სამშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში ამ პროგრამაზე. ანგარიშის მიხედვით, ძლიერი საფუძველი აქვს ვარაუდს, რომ ირანის პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი პროგრამის მიზანია ბირთვული ენერგიის გამოყენება მშვიდობიანი მიზნებისათვის.
XS
SM
MD
LG