Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ემხრობა


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ ბიზნესმენ ივანიშვილს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. „მე ვფიქრობ, რომ ქართველი ადამიანი, რომელიც სულით და ხორცით ქართველია, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და მე ძალიან მაშფოთებს, რომ ასეთ უბრალო საკითხზე ასეთი არასასიამოვნო კამათი მიდის,” - განაცხადა საკვირაო წირვის დროს, 13 ნოემბერს ილია მეორემ. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გაითვალისწინებს შექმნილ ვითარებას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოს პატრიარქის ამ განცხადებას მოჰყვა ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები პოლიტიკური ელიტის ერთ ნაწილში. ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს-კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის სიტყვებს გაითვალისწინებს და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენს. შესაბამისი განცხადება სესიაშვილმა ახალი ამბების სააგენტო “მედიანიუსთან” საუბარში პატრიარქის სიტყვების კომენტირებისას გააკეთა. მმართველი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საქართველოს პატრიარქის განცხადებას "ყურადსაღებს" უწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის შეწყვეტა კანონის სრული დაცვით მოხდა. „ივანიშვლს თუ სურს მოქალაქეობის აღდგენა, მან კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები უნდა გაიაროს“, - განაცხადა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პარლამენტარმა მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა და დასძინა, რომ "პატრიარქის განცხადების პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს.“ საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ ჩამოართვა, რაც ამ უკანასკნელმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ოფიციალური ვერსიით, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი მის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება გახდა.
XS
SM
MD
LG