Accessibility links

logo-print
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა და კოალიციამ ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” „შერატონ მეტეხი პალასში“ ფორუმი გამართეს, რომელიც სასამართლო გამჭვირვალობას მიეძღვნა. ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ USAID- ის შუამავლობით დაფინანსდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ექსპერტებმა.

ფორუმის კონკრეტული თემა მოსამართლეთა დანიშვნა, დაწინაურება და დისციპლინური პასუხისმგებლობა იყო. კოალიციის წარმომადგენლებს აღნიშნული მიმართულებით აქვთ არაერთი რეკომენდაცია.
რეფორმის ფარგლებში ჩვენ მთლიანად შევცვალეთ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის სისტემა...

34 წლის მაია ლიპარტელიანმა მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის ორეტაპიანი გამოცდა რამდენიმე ხნის წინ ჩააბარა. ამჯერად ის გასაუბრების მოლოდინშია. იმისათვის, რომ მან მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება შეძლოს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების 14 თვიანი კურსი უნდა გაიაროს:

”მას შემდეგ, რაც მსურველი ჩააბარებს გამოცდებს, ის ვალდებულია, რომ სწავლა გააგრძელოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. პირადად მე, როგორც მოსამართლეობის მსურველს, მიმაჩნია, რომ აუცილებელი იყო მსგავსი სკოლის შექმნა, რადგან მხოლოდ თეორიული ცოდნით არ უნდა ინიშნებოდეს ადამიანი მოსამართლედ. ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა და მიმაჩნდა, რომ უნდა არსებობდეს სპეციალური სასწავლებელი, რომელიც ადამიანს თეორიულ ცოდნასთან ერთად შესძენს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც”, - ამბობს მაია ლიპარტელიანი.

სწორედ მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე მსჯელობდნენ 14 ნოემბერს მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეები და წარმომადგენლები კოალიციისა „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“. 30 არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარი კოალიციის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სასამართლო რეფორმის მონიტორინგია.

სანამ კოალიციის წევრები მოსამართლეთა დანიშვნისა თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე საკუთარ რეკომენდაციებსა თუ შენიშვნებს წარადგენდნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა აღნიშნული მიმართულებით გატარებულ რეფორმაზე ისაუბრა: ”რეფორმის ფარგლებში ჩვენ მთლიანად შევცვალეთ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის სისტემა. შეიქმნა იუსტიციის უმაღლესი სკოლა და ის, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც განხორციელდა სასამართლო რეფორმის ფარგლებში. მან მთლიანად შეცვალა ის სისტემა, რომელიც ადრე არსებობდა. ვერც ერთი ახალი კანდიდატი ვეღარ დაინიშნება მოსამართლედ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის გავლის გარეშე”, - ამბობს კოტე კუბლაშვილი.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ის ერთ-ერთი მომხსენებელია, რომელმაც მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებით კოალიციის შენიშვნები და რეკომენდაციები გაახმიანა. მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესი საქართველოს კანონმდებლობაში მკაფიოდ დადგენილი არ არის, ბუნდოვანია მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მსმენელის კანდიდატურის განხილვის პროცედურა; მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისას საქართველოს კანონმდებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფართო დისკრეციას ანიჭებს - ეს იმ შენიშვნების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს რეკომენდაციებთან ერთად წარუდგინა.

”დანიშვნის ფარგლებში არ არის მკაფიოდ გამიჯნული იუსტიციის უმაღლესი სკოლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციები, რადგან როდესაც მსმენელი ამთავრებს იუსტიციის სკოლას და აქვს გარკვეული დადებითი შეფასებები, ის თითქმის ავტომატურად ხდება მოსამართლე. ამ ეტაპზე პრაქტიკაში ასეა დანერგილი და ვფიქრობ, რომ იუსტიციის საბჭო უნდა იყოს ის ორგანო, რომელიც გასაუბრებით შეაფასებს კანდიდატს და მხოლოდ ამის შემდეგ დანიშნავს მას მოსამართლედ”, - მიაჩნია ნაზი ჯანეზაშვილს.

გარდა გასაუბრების ჩატარების სავალდებულო წესის შემოღებისა, კოალიციის წევრები ასევე მოითხოვენ კანონმდებლობით განისაზღვროს ვიდეოგადაღება და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობა.

თამარ ჩუგოშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მართლმსაჯულების გამჭვირვალობისადმი მიძღვნილ ფორუმზე მოსამართლეთა მივლინებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2010 წლის მონაცემებით, მოსამართლეთა დაახლოებით 70 პროცენტი არა დანიშვნის ადგილას, არამედ მივლინებით, სხვა სასამართლოებში მუშაობდა. თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის არასტაბილურობა უარყოფითად აისახება მოსამართლის დამოუკიდებლობაზე. რაც შეეხება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ის ამის თაობაზე რამდენიმე პრობლემას გამოყოფს:
საკუთარმა გამოცდილებამ გვაჩვენა, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო რგოლებს შორის აქტიურმა თანამშრომლობამ. სასამართლო სისტემა ვალდებულია საზოგადოება საკუთარი საქმიანობის შესახებ სისტემატურად ჩააყენოს საქმის კურსში...

”პირველ რიგში, ეს არის საფუძვლები, ანუ რის გამო შეიძლება დაეკისროს მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის შინაგანაწესის დარღვევა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შინაგანაწესის დარღვევა არ არის იმ ტიპის დარღვევა, რომ მოსამართლეს ამის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს და ეს ზედმეტი ზეწოლის ბერკეტად შეიძლება იყოს გამოყენებული. ასევე პრობლემატურია გამჭვირვალობის პრობლემა, კერძოდ, ის, რომ გასაიდუმლოებულია ვის და რატომ ეკისრება პასუხისმგებლობა და, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია მთლიანად კონფიდენციალურია.”

მოხარული ვარ, რომ ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას შორის წარმოებული დიალოგის მხარდაჭერას, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სასამართლოს გამჭვირვალობისადმი მიძღვნილი ფორუმის გახსნის ცერემონიალზე და აღნიშნული მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

”საკუთარმა გამოცდილებამ გვაჩვენა, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო რგოლებს შორის აქტიურმა თანამშრომლობამ. სასამართლო სისტემა ვალდებულია საზოგადოება საკუთარი საქმიანობის შესახებ სისტემატურად ჩააყენოს საქმის კურსში. ანალოგიურად უნდა იყოს საქართველოშიც. რადგან ქართული სამოქალაქო საზოგადოებისათვის მართლმსაჯულების საკითხი აქტუალურია. დიალოგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ხელს შეუწყობს საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასა და ზოგადად პროცესის დემოკრატიულობას”, - აცხადებს ჯონ ბასი.

პირველი ფორუმი, რომელიც სასამართლო გამჭვირვალობას მიეძღვნა, მიმდინარე წლის ივლისში გაიმართა და მაშინ მხარეებმა სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სასამართლო სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფორუმზე აქტიურად ისაუბრეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმის წარმატებაზე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და იურისტები კვლავაც მიუთითებენ, რომ სასამართლო გამჭვირვალობის კუთხით მათ არაერთ სირთულესთან უწევთ ბრძოლა.
XS
SM
MD
LG