Accessibility links

მას შემდეგ, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას დაუჭირა მხარი და საკამათო პროცესის დასრულების იმედიც გამოთქვა, ლოგიკურად გაჩნდა შეკითხვა, რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება ილია მეორის პოზიციას. სკეპტიკური მიდგომის პარალელურად, ექსპერტთა წრეებში პატრიარქის მოწოდებას განიხილავენ შანსად, რომელიც ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსვლის საშუალებას აძლევს.

ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე...
”ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ ის ქართველია... ყოველი ქართველი ადამიანი, დაბადებულია ის საქართველოში თუ უცხოეთში, რომელიც სულით და ხორცით ქართველია, ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე”, - აღნიშნა კათალიკოს-პატრიარქმა 13 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას და, წუხილთან ერთად, იქვე იმედიც გამოთქვა:

”ძალიან მაწუხებს, რომ აი ასეთი უბრალო საკითხია და გამოიწვია ასეთი არასასურველი კამათი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მიანიჭებს მას მოქალაქეობას.”

ცოტა ვინმეს თუ გაუკვირდა ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გამოესარჩლა. მეტიც, მაგალითად, ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვის გასაკვირი ის უფრო იქნებოდა, ეს რომ არ მომხდარიყო, რადგანაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება სამების საკათედრო ტაძრის აშენება. მართალია, პოლიტიკაში მოსვლის მსურველი ბიზნესმენისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი უკვე კარგა ხანია პოლიტიკურ ჭრილში განიხილება, მაგრამ რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პატრიარქს პოლიტიკური ხასიათის განცხადება არ გაუკეთებია:

”პატრიარქს მორალური უფლება არ ექნებოდა სიჩუმის. ნებისმიერ შემთხვევაში მისი მხრიდან მხარდაჭერა ადამიანურად აუცილებელი იქნებოდა. მარტო პოლიტიკა ხომ არ განსაზღვრავს პატრიარქის მოქმედებას; მას, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ზნეობის სახელით უწევს ერთან ლაპარაკი.”
იმისათვის, რომ, ასე ვთქვათ, სახე შეინარჩუნოს, ახლა ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ არა, განა მე უკანონოდ მოვიქეცი, არამედ, აი, გავითვლისწინე პატრიარქის მომართვა ...

რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ პატრიარქი თავის პოზიციას ნებისმიერ ვარიანტში და იმ ფაქტორის გათვალისწინებითაც კი გამოხატავდა, რომ, ხელისუფლების სიჯიუტის შემთხვევაში, შესაძლოა სიტუაცია საკმაოდ დაიძაბოს. ანალიტიკოსის აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი მოსალოდნელი დაძაბულობის თავიდან აშორებისა და ჩიხიდან გამოსვლის მიზნით, ხელისუფლება კომპრომისულ ნაბიჯს სწორედ პატრიარქის მოწოდების შესაბამისად გადადგამს და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას დაუბრუნებს. თანაც, საკითხის მიმართ საერთაშორისო ინტერესიდან გამომდინარე, რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ადრე თუ გვიან მაინც დადგეს ამგვარი კომპრომისის აუცილებლობის წინაშე.

ჩიხიდან გამოსასვლელ გზაზე, რომელიც საქართველოს პატრიარქის განცხადებამ დაანახვა ხელისუფლებას, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეც ამახვილებს ყურადღებას. ის თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ანტიკონსტიტუციური აქტის განხორციელების ფონზე, პატრიარქმა სააკაშვილის ხელისუფლებას ხელსაყრელი შანსი მისცა. სხვა საკითხია, როგორ გამოიყენებს ის ამ შანსს:

”იმისათვის, რომ, ასე ვთქვათ, სახე შეინარჩუნოს, ახლა ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ არა, განა მე უკანონოდ მოვიქეცი, არამედ, აი, გავითვლისწინე პატრიარქის მომართვა და ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილის სურვილი... შეიძლება კიდევ რაღაც სიტყვები დაამატონ, მაგრამ ამას გააკეთებენ თუ არა, არ ვიცი. მე არ ვარ დარწმუნებული.”

ექსპერტებისგან განსხვავებით, როგორც უკვე ვთქვით, ბედნიერი დასასრულის სწრული რწმენა აქვს ილია მეორეს. გასაკვირი არ არის, რომ მისი იმედი პირადად მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, რადგანაც ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, მოქმედ კონსტიტუციაში ჩადებული გამონაკლისის მიხედვით, მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ გამოხმაურებია პატრიარქის პოზიციას და, შესაბამისად, უცნობია, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი სააკაშვილი.

ხოლო რაც შეეხება მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, პატრიარქის პოზიციას ისინი, მართალია, საყურადღებოდ მიიჩნევენ, მაგრამ ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ კანონის წინაშე პრივილეგიებით ვერავინ და, მათ შორის, ვერც ბიძინა ივანიშვილი ისარგებლებს. როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, პატრიარქის განცხადება ”მორალურ მანიფესტს” წარმოადგენს და მას შეხება არ აქვს საკითხის სამართლებრივ მხარესთან, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს სრულად მოუწევს კანონმდებლობით გათვლისწინებული ყველა პროცედურის გავლა. ნუგზარ წიკლაურის აზრით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეუწყდა და ამიტომ ადვოკატები ამაოდ ცდილობენ პროცესის მოგებას სასამართლოში, რადგანაც ”შანსები ძალიან დაბალია”. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის აზრით, ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი გამოსავალი აქვს:

”თუ ის გადაწყვეტს, რომ მიმართოს თავიდან საქართველოს პრეზიდენტს, რომ აღიდგინოს მოქალაქეობა, ამ შემთხვევაში მისი საკითხი განიხილება ისევე, როგორც განიხილებოდა საქართველოს მოქალაქეობის სხვა ნებისმიერი მსურველის საკითხი.”

ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ადვოკატები მართლაც ცდილობენ სასამართლოს დახმარებით და სარჩელი შეტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოში; მაგრამ როგორც ადვოკატმა შალვა თადუმაძემ უთხრა რადიო თვისუფლებას, ისინი ვერ დაელოდებიან სასამართლო პროცედურას და, პარალელურად, რამდენიმე დღეში მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. რაც შეეხება ვადებს, ადვოკატ ეკა ბესელიას განმარტებით, ”მოქალაქეობის მიღების ზოგადი ვადა 3 თვეს შეადგენს, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისთვის ერთი დღეც საკმარისია.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG