Accessibility links

logo-print
დღეს გაზეთი ”კვირის ქრონიკა” აქვეყნებს განახლებულ სიას იმ ადამიანებისა, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი ეხმარება. ამ სიის თანახმად, გაზეთი ასკვნის, რომ ნაცვლად 1000-ისა ბიძინა ივანიშვილი 1 მილიონ 604 ათას 620 ლარს ყოველთვიურად ხელზე 3 418 ადამიანზე გასცემს. ექნება თუ არა ბიძინა ივანიშვილს ამ ხალხის დახმარების უფლება მას შემდეგ, რაც იგი პოლიტიკაში მოვიდა? ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელზე პასუხის მოძიებასაც გაზეთი ცდილობს. ”კვირის ქრონიკის” ამ კითხვას საარჩევნო სამართლის ექსპერტი კახი კახიშვილი უპასუხებს: ”კანონში პირდაპირ არის გაწერილი, რომ არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა”. თუმცა აქვე კახი კახიშვილი განმარტავს, რომ შეზღუდვა უშუალოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ მოქმედებს.

„ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე“ - საქართველოს პატრიარქის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას დღეს თითქმის ყველა მედიასაშუალება ეხმიანება. გაზეთ ”მთელი კვირის” ფურცლებზე წაიკითხავთ, რომ პატრიარქმა ხელისუფლების ქმედება ღიად პირველად გააკრიტიკა, რასაც ექსპერტთა ერთი ნაწილი ქვეყანაში შექმნილი ვითარებითა და ივანიშვილისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებით ხსნის, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამ სიტყვებში პოლიტიკური ქვეტექსტი ნაკლებად იკითხება და ეს განცხადება წმინდა ადამიანური დამოკიდებულების შედეგად გაკეთდა.

”მილიარდერის სილას” უწოდებს, თავის მხრივ, გაზეთი ”ვერსია” სასიკეთო ცვლილებათა იმ პაკეტს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო ხანს შეუდგა. გაზეთის თანახმად, ამ ცვლილებების დიდი ნაწილის ავტორია საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია. ”რატომ ირღვევა ბიძინა ივანიშვილის უფლებები პოლიტიკაში გამოჩენის წამიდან?” - შეკითხვას, რომელსაც გაზეთი უსვამს დეპუტატს, ლაშა თორდია უპასუხებს: ”ქველმოქმედება მთავრდება მაშინ, როცა იწყება პოლიტიკა. ივანიშვილის საქმეები პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება გამოდის. და როდის დაირღვა მისი უფლებები? ” -კითხულობს, თავის მხრივ, დეპუტატი ლაშა თორდია, რომლის თანახმადაც, ყველას რუსეთის კლიშე დაედება, ვინც ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გაერთიანდება.”
რას მივიღებთ ჩიკაგოს სამიტზე - ეს თემა ასევე აქტუალურია დღევანდელ პრესაში. გაზეთი ”ახალი თაობა” მას ექსპერტთან საერთაშორისო ურთერთობების საკითხებში არჩილ გეგეშიძესთან ინტერვიუთი ეხმაურება. ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” ჩაწერა. ინტერვიუს თანახმად, ნატოს ჩიგაკოს სამიტზე, მაქსიმუმ, რასაც შეიძლება ველოდეთ, ნატოსთან ურთიერთობებში საქართველოს ხელთ არსებული ინსტრუმენტებისთვის სახელის დარქმევაა. არჩილ გეგეშიძე არ გამორიცხავს, რომ ჩიკაგოს სამიტზე მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყოველწლიური ნაციონალური პროგრამის ნაცვლად აქვს მეპი. ექსპერტის აზრით, შინაარსობრივად ეს ინსტრუმენტი იგივე იქნება, რაც ხსენებული პროგრამის სახით საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად აქვს, თუმცა მთავარი დაბრკოლება რუსეთის ფაქტორის სახით უცვლელად დარჩება.
XS
SM
MD
LG