Accessibility links

logo-print

მომზადდება მიმართვა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად პრეზიდენტისთვის მიმართვა მომზადდება - ამის შესახებ დღეს რადიო თავისუფლებას განუცხადა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ. მისი განმარტებით, ვერ დაელოდებიან სასამართლო განხილვის ხანგრძლივი პროცესის დასრულებას, ამიტომ ბიძინა ივანიშვლთან კონსულტაციის შედეგად უახლოეს ხანში გადაწყდება პრეზიდენტისთვის მიმართვის საკითხი. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ბიზნესმენისადა მისი მეუღლის ადვოკატების სარჩელს მოქალაქეობის შესახებ, შესაგებელით უპასუხა პრეზიდენტის წარმომადგენელმა. შალვა თადუმაძის განცხადებით, ადვოკატები ამჟამად ამზადებენ და სასამართლოს წარუდგენენ საპასუხო მოსაზრებებს და ახალ მტკიცებულებებს. თადუმაძის ინფორმაციით, პარალელურად გრძელდება ბიძინა ივანიშვილისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურაც. პარლამენტის თავმჯდომარე თავს იკავებს კომენტირებისგან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გუშინდელი განცხადებისა, რომლის თანახმად, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. "პატრიარქის განცხადებაზე პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არ შემიძლია. მე მასთან მაქვს ჩემი, ადამიანური დამოკიდებულება”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.
XS
SM
MD
LG