Accessibility links

logo-print

„სუპერ მარიო მონტი“, იტალიის ახალი პრემიერი, საფინანსო კრიზისს შეერკინება


მარიო მონტი

მარიო მონტი

ვალებით გამოწვეულ იტალიის საფინანსო კრიზისს ორშაბათიდან შეერკინა ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ტექნოკრატიული მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს. მასზეა ახლა მთელი იმედები არა მარტო იტალიისა, არამედ ევროზონისაც, რომლის ვალუტას - ევროს - ღრმად დაცემა ემუქრება.

კვირას მარიო მონტი, აღიარებული ეკონომისტი და ევროკავშირის ყოფილი კომისარი, იტალიის პრეზიდენტ ნაპოლიტანოს შეთავაზებას დასთანხმდა. მონტიმ საქმიანი განცხადება გააკეთა, როცა თქვა, იტალიამ უნდა „უმკურნალოს თავის ფინანსებს“, რათა განვითარება განაგრძოს და ბაზრების სტაბილურობა დააბრუნოს მომავალი თაობებისთვისო:

„იტალიისთვის რთულ პერიოდში, იმ დროს, როცა ევროპასა და მთელ მსოფლიოში არასტაბილური ვითარებაა, იტალიამ უნდა მიიღოს ეს გამოწვევა. ის კვლავ უნდა გახდეს არა სუსტი, არამედ ადრინდელზე უფრო ძლიერი ნაწილი ევროკავშირისა, რომლის დამაარსებლებიც ჩვენ ვართ და რომლის მთავარი მოთამაშე უნდა ვიყოთ.“
ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ, ვინც წუხელ ჩემს გადადგომას ზეიმობდა: მინდა ცხადი იყოს თქვენთვის, რომ ხვალიდან მე ორმაგი ძალისხმევით შევუდგები იტალიის განახლებას ...

მონტიმ თქვა, რომ ის ამოქმედდება მაშინვე, როცა კი მისი ახალი მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს. ამას მოლაპარაკებათა რამდენიმეკვირიანი პროცესი სჭირდება ხოლმე, მონტის კი ცოტა დრო აქვს. გაისად აპრილში იტალიამ უნდა მოაგვაროს თავისი ვალის ნაწილის - 267 მილიარდი დოლარის - დაფარვის საქმე. გასულ კვირაში საპროცენტო განაკვეთი იტალიას 7 პროცენტამდე გაუზარდეს. ამ ნიშნულზე მისვლა, როგორც ეს საბერძნეთის, ირლანდიისა და პორტუგალიის შემთხვევაში მოხდა, ევროკავშირისთვის დახმარებისთვის ხელის გაშვერას ნიშნავს. ამას პრემიერ სილვიო ბერლუსკონის გადადგომა მოჰყვა მას მერე, რაც პარლამენტმა მომჭირნეობის პროგრამა დაამტკიცა. პრემიერის პოსტზე დარჩენა მონტის მომავალ არჩევნებმადე - 2013 წლამდე - შეუძლია. მაგრამ ბერლუსკონის პარტიამ „ილ პოპოლო დელა ლიბერტამ“ -„თავისუფლების ხალხმა“ - კვირას გამოაცხადა, რომ მონტის მთავრობას მხოლოდ ვადამდელ არჩევნებამდე, მცირე დროით აღიარებს. კვირასვე პრეზიდენტმა ნაპოლიტანომ - ჩანს, ბერლუსკონის პარტიაზე მინიშნებით - თქვა, რომ იტალიამ განსაკუთრებულ ძალისხმევას უნდა მიმართოს ინვესტორებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების გულის მოსაგებად.
ბერლუსკონის გადადგომა იტალიაში ბევრმა ზეიმით აღნიშნა. მონტის მიმართ არის ოპტიმიზმი, მაგრამ იტალიაში მოსახლეობის საკმარისად მოზრდილი ნაწილი თვლის, რომ მთავარი ბერლუსკონის წასვლაა. ბერლუსკონი თვითონ აცხადებს, რომ არსადაც არ აპირებს წასვლას, რომ საფინანსო კრიზისში მისი დადანაშაულება არასწორია, რომ ეს კრიზისი იტალიაში არ წარმოშობილა.

ბერლუსკონის ტელემიმართვა

ბერლუსკონის ტელემიმართვა

„ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ, ვინც წუხელ ჩემს გადადგომას ზეიმობდა: მინდა ცხადი იყოს თქვენთვის, რომ ხვალიდან მე ორმაგი ძალისხმევით შევუდგები იტალიის განახლებას“, განაცხადა ყოფილმა პრემიერმა გადადგომის შემდეგ პირველ სატელევიზიო გამოსვლაში.

ბერლუსკონიმ, რომელმაც ევროპელი პარტნიორების ნდობა დაკარგა იმის გამო, რომ ვერ გაატარა რეფორმები, განაცხადა, გადადგომა „სულგრძელობის აქტი“ იყოო.

იტალიის ახალი პრემიერი, მონტი, თავის კაბინეტს და პროგრამას ამ დღეებში წარმოადგენს. იტალიის ეკონომიკა, ექსპერტების აზრით, მიუხედავად ამჟამინდელი კრიზისისა, საფუძველში მაინც მტკიცეა და ესეც აძლევს იმედს ევროზონას, რომ ყველაფერი დამთავრებული არ არის. დაბოლოს, კიდევ ერთი დადებითი მოვლენა: პარასკევს საბერძნეთში პრემიერის პოსტზე დაამტკიცეს ბანკირი ლუკას პაპადემოსი, რომლის მიმართ ნდობის მანდატს 16 ნოემბერს უყრის კენჭს პარლამენტი.
XS
SM
MD
LG