Accessibility links

logo-print

თალიბანი და უხუცესთა საბჭოს - „ლოია ჯირგის“ - უშიშროების გეგმა


ავღანეთის პოლიციამ მოკლა ერთი პირი იმ არეალისკენ მიმავალ მანქანაში, სადაც უხუცესთა საბჭოს შეხვედრა უნდა შედგეს.

ავღანეთის პოლიციამ მოკლა ერთი პირი იმ არეალისკენ მიმავალ მანქანაში, სადაც უხუცესთა საბჭოს შეხვედრა უნდა შედგეს.

ავღანეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ჩაშალა ამ კვირისთვის დაგეგმილ ტრადიციულ უხუცესთა საბჭოზე, იმავე „ლოია ჯირგის“ შეხვედრაზე, თვითმკვლელის თავდასხმა. ამასთან, ავღანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარყვეს თალიბანის მტკიცება, რომ ექსტრემისტულმა გაერთიანებამ ხელში ჩაიგდო შეკრების უშიშროების გეგმა. საბჭო აპირებს ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, შეიკრიბოს. ავღანეთის სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, უხუცესები, ასევე პოლიტიკური ლიდერები, იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ უყურებენ ამ ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ყოფნას სამომავლოდ და რა სტადიაშია მოლაპარაკება თალიბანის ზომიერ წარმომადგენლებთან.
დაბეჯითებით ვაპირებ მონაწილეობას ყველა შეხვედრაში, რომელიც შეეცდება მშვიდობა მოუტანოს ავღანელებს და დაეხმარება მათ მომავლის განსაზღვრაში...

ოთხშაბათის ამ შეხვედრაზე, ამტკიცებს ავღანეთის უშიშროების სამსახური, აპირებდნენ მოეწყოთ თავდასხმა, რომელიც მან ჩაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, სედიყ სედიყის თანახმად, პოლიციამ მოკლა ერთი პირი იმ არეალისკენ მიმავალ მანქანაში, სადაც შეხვედრა უნდა შედგეს. დააკავეს სამი ეჭვმიტანილი. ამ ინციდენტს ერთვის ის ფაქტი, რომ შეხვედრის უშიშროების გეგმა, გამართვის ადგილის რუკებით, თალიბანმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ავღანეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ლუტფულა მაშალმა განაცხადა, რომ თალიბანის ხელში ვითომ არსებული მასალები ყალბია, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო იმ გეგმასთან, რომელიც საბჭოს შეხვედრისთვის მომზადდა. ამ ორ ინციდენტს თან ახლდა ცნობები, რომ ავღანელმა კანონმდებლებმა მიიღეს მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინება, არ დაესწრონ შეხვედრას. პარლამენტის წევრმა მუჰამად დაუდ ჰასასმა ასეთი შეტყობინება მიიღო, როგორც ის ფიქრობს, მობილური ტელეფონით პაკისტანიდან:

„შეტყობინებაში წაიკითხავთ, რომ ყველას, ვინც მიიღებს მონაწილეობას, როგორც ისინი უწოდებენ, ამერიკულ „ლოია ჯირგაში“, სიკვდილი ელის. ასეთი მუქარა ყველა პარლამენტარმა და მთავრობის წარმომადგენელმა მიიღო.“

პარლამენტარ ქალს, შუქურია ბარაქზაის, ავღანეთის მთავრობამ ამცნო, რომ ის თალიბანის, ასე ვთქვათ, შავ სიაშია, რომელშიც მათი გვარებია შეტანილი, ვინც მეამბოხეებს სამიზნეში ჰყავთ ამოღებული. მაგრამ შუქურია ბარაქზაი ამბობს, რომ არ აპირებს „ლოია ჯირგის“ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარის თქმას:

„დაბეჯითებით ვაპირებ მონაწილეობას ყველა შეხვედრაში, რომელიც შეეცდება მშვიდობა მოუტანოს ავღანელებს და დაეხმარება მათ მომავლის განსაზღვრაში.“

„ლოია ჯარგის“ კომისიის წარმომადგენელმა საფია სიდიყიმ განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს იმის ნიშანს, ვინმე უარის თქმას აპირებდეს შეხვედრაში მონაწილეობაზე.

ავღანეთის მთავრობა ყოველთვის წარმატებით ვერ უზრუნველყოფდა ამგვარი შეხვედრების უშიშროებას. უხუცესთა საბჭოს ბოლო შეხვედრაზე, 2010 წლის ივნისში, მეამბოხეებმა რაკეტა ესროლეს და ცეცხლი გახსნეს იმ შენობის მიმართულებით, სადაც პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი სხდომას ხსნიდა. უშიშროებამ მოკლა ორი ადამიანი, თვითმკვლელი თავდამსხმელის აღჭურვილობით. სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა მაშინ, მაგრამ „ლოია ჯირგის“ უშუალო მონაწილე 1500 კაცი გადარჩა.
XS
SM
MD
LG