Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის ლეგიტიმურობას


აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ მარკ ტონერმა 14 ნოემბერს ბრიფინგი საქართველოზე განცხადებით დაიწყო: ”ბრიფინგის დასაწყისში ძალიან მოკლედ მინდა შევეხო 13 ნოემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებსა და რეფერენდუმს. აშშ არ აღიარებს საქართველოს სამხრეთი ოსეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის, აგრეთვე მათი შედეგების ლეგიტიმურობას. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის - გაიყვანოს სამხედრო ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და ხელი არ შეუშალოს საქართველოს სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიწოდებას”. ტონერის ამ განცხადებას მოჰყვა შეკითხვა - ”რას გულისხმობთ ”ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმში”?”. ტონერის პასუხი: ”ჩვენ მათ არ ვცნობთ, რადგან არ ვცნობთ ამ რეგიონების სუვერენიტეტს”. ჟურნალისტის კომენტარი ტონერის პასუხზე: ”ვიცი. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იმსახურებენ ტერმინს - ”ეგრეთ წოდებული”. ტონერმა უპასუხა ამ რეპლიკას, თუმცა, წინადადება არ დაასრულა: ”ჩვენ ვიყენებთ ამ ტერმინს, რომ გამოვხატოთ ჩვენი...”. ამის შემდეგ ბრიფინგი სირიის თემით გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG