Accessibility links

logo-print
ლიტვამ საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფი შემოიკრიბა და სწორედ ამ ქვეყნის თაოსნობით მოეწერა ხელი 14 ნოემბერს ახალ ინიციატივას, საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში. ახალი ევროპის რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო დაუახლოვდეს საქართველოს. წ ერილის ადრესატთა შორისაა კეთრინ ეშტონი - უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს 16 ნოემბერს ეწვევა. რა პერსპექტივები იკვეთება ამ ეტაპზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში?

წერილში, რომლითაც ევროკავშირის რვა წევრი სახელმწიფოს - ლიტვის, ლატვიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და რუმინეთის - საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის უმაღლეს პირებს მიმართავენ, ჩამოთვლილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოსთან დაახლოების გზაზე უნდა გადადგას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე სამ ძირითად აქცენტს გამოყოფს:

”პირველი ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა; მეორე საკითხია მოწოდება, რომ საქართველოსთან დაიწყოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები წლის ბოლომდე, როგორც ეს ითქვა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, ვარშავაში, და წერილის მესამე მნიშვნელოვანი თემა უკავშირდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივას. აქ არის საუბარი ე.წ. ვიზა დიალოგზე, რომლის ბოლო ეტაპია უვიზო მიმოსვლა.”
შეფერხებას იმიტომ ვვარაუდობ, რომ ოფიციალურად არანაირი თარიღი არ დასახელებულა, თუ როდის დაიწყება ეს მოლაპარაკებები ...

საქართველოს მხარდამჭერ წერილზე ყურადღებას ამახვილებს ინიციატორი ქვეყნის - ლიტვის - საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადება გვატყობინებს, რომ ევროკავშირის 8 წევრმა ქვეყანამ ევროკომისიას საქართველოსთან სავიზო დიალოგის დაწყება - ამჟამად მოქმედი გამარტივებული სავიზო რეჟიმიდან ვიზების ლიბერალიზაციის რეჟიმზე გადასვლის მიზნით - 2012 წლიდან მოსთხოვა, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყების სასურველ უკიდურეს ვადად მიმდინარე წლის ბოლო დაასახელა.

ევროკავშირის რვა ქვეყნის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას მნიშვნელოვანს უწოდებს საქართველოს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, მით უმეტეს მაშინ, როცა, ევროკავშირში შექმნილი პრობლემების ფონზე, ექსპერტის აზრით, შესაძლოა შეფერხდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყება:

”შეფერხებას იმიტომ ვვარაუდობ, რომ ოფიციალურად არანაირი თარიღი არ დასახელებულა, თუ როდის დაიწყება ეს მოლაპარაკებები. ვიდრე თარიღი არ დასახელდება, გარანტია არ არსებობს. ევროკავშირში არსებული კრიზისული სიტუაცია კი გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ შესაძლოა მოლაპარაკებების დაწყების თარიღი არ ჩაეტიოს 2011 წლის ფარგლებში.”
როგორც არასდროს, ჩვენ ახლა გვჭირდება დაჩქარება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების. როგორც არ უნდა უჭირდეს ევროპულ ბაზარს, ევროპული ბაზარი ჩვენისთანა ქვეყნისთვის არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ...

ექსპერტისგან განსხვავებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მხრივ გაცილებით იმედიანად არიან განწყობილი, თუმცა კონკრეტული პროგნოზებისგან თავს იკავებენ მანამ, ვიდრე 16 ნოემბერს, კავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისს ეწვევა კეთრინ ეშტონი, უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. გავიხსენოთ, რომ 2010 წლის 15 ივლისს ბათუმში სწორედ კეთრინ ეშტონმა გამოაცხადა გახსნილად ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ძნელი სათქმელია, მოსალოდნელია თუ არა სიურპრიზი ამჯერადაც, თუმცა ცხადია, რომ კეთრინ ეშტონის სტუმრობა არაერთ საკითხს მოჰფენს ნათელს.

”როგორც არასდროს, ჩვენ ახლა გვჭირდება დაჩქარება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების. როგორც არ უნდა უჭირდეს ევროპულ ბაზარს, ევროპული ბაზარი ჩვენისთანა ქვეყნისთვის არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი”, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 ნოემბერს, როცა ის სიტყვით გამოვიდა საქართველოს ბანკის ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე. პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ამ საკითხს განიხილავს ის 16 ნოემბერს, კეთრინ ეშტონთან შეხვედრისას. ამავე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და ამბობს, რომ ”ეს არის ჭეშმარიტება, რომელზეც ყველა ლაპარაკობს.”

სავარაუდოდ, კეთრინ ეშტონის ვიზიტის ფარგლებში ლაპარაკი იქნება საქართველოს მოთხოვნაზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გარკვეულ გარანტიებს შეეხება. მოლაპარაკებების პროცესის დახურული ფორმატის გამო, ოფიციალური კომენტარები არ კეთდება. თუმცა ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მხარე ითხოვს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პრეამბულაში დაფიქსირდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც საქართველოს მიანიჭებს პოტენციური კანდიდატის სტატუსს. საუბარია დაახლოებით ისეთსავე გარანტიაზე, როგორიც საქართველომ ნატოსთან დაკავშირებით მიიღო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე - რომ ის ერთ დღეს გახდება ალიანსის წევრი. კახა გოგოლაშვილის თქმით, ასეთ მიდგომას მოწინააღმდეგეები ჰყავს ევროკავშირის ფარგლებში, მაგრამ შეთანხმება თუ მაინც მოხერხდა, ეს იქნება ყველაზ დიდი გარღვევა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

უცნობია, რას გულისხმობდა პრეზიდენტი სააკაშვილი, როცა ის სექტემბრის დასაწყისში ლაპარაკობდა ”სერიოზულ გარღვევაზე”, რომელიც შემოდგომაზე იყო მოსალოდნელი საქართველოსთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ბევრმა მაშინ იფიქრა, რომ გარკვეული სახის გარღვევა გამომჟღავნდებოდა იმავე თვის ბოლოს, კერძოდ, 29-30 სექტემბერს, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელსაც ვარშავა მასპინძლობდა. მართალია, საქართველო, უკრაინასა და მოლდავეთთან ერთად, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად დასახელდა, მაგრამ საქართველომ ვარშავის სამიტზე ვერ მიიღო იმაზე მეტი, რაც არსებითად ისედაც მოსალოდნელი იყო.

30 სექტემბერს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - პოლონეთის - პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ 2011 წელი იქნება ”საქართველოსა და მოლდავეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების წელი.“

საქართველომ ასეთი დაპირება რომ მიიღო, ამას სამიტის ერთობლივი დეკლარაციაც ადასტურებს. თუმცა დეკლარაციის ტექსტში ვკითხულობთ იმასაც, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებები 2011 წელს დაიწყება იმ შემთხვევაში, ”თუკი იქნება საკმარისი პროგრესი რიგი დარჩენილი მთავარი რეკომენდაციების შესრულების კუთხით.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG