Accessibility links

logo-print
15 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ”-ში გაიხსნა კონფერენცია ”საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება”, რომლის მთავარი მიზანი სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაა. ამ დოკუმენტის სამუშაო ვერსიის შექმნაში თავად ახალგაზრდები მონაწილეობენ - საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ისინი თავად განსაზღვრავენ, თუ რომელ სფეროებში სურთ იყვნენ ჩართულნი და იმ სამოქმედო გეგმას ქმნიან, რომელიც 2012 წლიდან უნდა განხორციელდეს.

სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მთავარი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სხვადასხვა სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ამ დოკუმენტის შექმნაზე ფიქრი ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყო. სანამ 140 ახალგაზრდა დელეგატი 15 ნოემბერს კონფერენციაზე შეიკრიბებოდა და დოკუმენტის შინაარსზე დაიწყებდა მუშაობას, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ახალგაზრდობის სფეროში საქართველოში არსებული ყველა კვლევა, კანონი თუ პროგრამა შეფასდა. მსგავსი სამუშაო, როგორც პროგრამის კოორდინატორი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მანანა ქავთარაძე ამბობს, 20 წელია არ ჩატარებულა. მოლოდინი იმისა, რომ ეს დოკუმენტი ქაღალდზე არ დარჩება, საკმაოდ დიდია:

”დოკუმენტი ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს - ყველა სექტორს, რაც კი მეტ-ნაკლებად ახალგაზრდობასთანაა დაკავშირებული: ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, სოციალური სფერო და ა.შ. როდესაც დოკუმენტი მზად იქნება, მას უკვე კონკრეტული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია მოჰყვება და შემდგომი ეტაპი სწორედ მისი განხორციელება იქნება. ძალიან გვინდა, რომ ეს დოკუმენტი არ დარჩეს სახელმწიფო ჩინოვნიკების მაგიდაზე და რეალურ ცხოვრებაში იმუშაოს. მით უმეტეს, რომ ბოლო ოცი წელია ასეთი მასშტაბის სამუშაო საქართველოში არ ჩატარებულა.”
ახალგაზრდები რაც მეტად იქნებიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მით უკეთესი ...

ანუ ახალგაზრდები თავად წერენ რა აინტერესებთ, რომელ სფეროში სურთ მეტად იაქტიურონ, ქმნიან რეკომენდაციებს კონკრეტული სამთავრობო უწყებებისათვის - თუ რას ითხოვს მათგან ახალგაზრდობა. მუშაობის პროცესში მოხალისე ახალგაზრდების გარდა არასამთავრობო სექტორი და სახელმწიფო უწყებებიც არიან ჩართული. რა სურთ ახალგაზრდებს და რა გამოწვევებია კონკრეტული სამთავრობო სტრუქტურების წინაშე? - ყველაფერ ამაზე სამუშაო ჯგუფები მსჯელობენ - განათლების ჯგუფი, ჯანდაცვის ჯგუფი, სოციალური სფეროს ჯგუფი... ყველა თავისთვის წყვეტს პრიორიტეტულ საკითხებს...

16 წლის სალომე ხაბურზანია ერთ-ერთია, ვინც ამ დოკუმენტის ავტორებს შორის იქნება. ის ამბობს, რომ ახალგაზრდობა მეტად უნდა იყოს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართული:

”ახალგაზრდები რაც მეტად იქნებიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მით უკეთესი. სწორედ ეს გადაწყვეტილებები ქმნის მათ მომავალს, ასე არაა? ეს შეიძლება ნებისმიერ სფეროში მოხდეს, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებით დაწყებული, სხვა სფეროებით დამთავრებული.”

მარტვილის რაიონიდან ჩამოსული თეა თოფურიას მოტივაცია კი, რის გამოც ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, სოფლის გადარჩენა იყო:
ისინი იმ სფეროში უნდა იყვნენ ჩართულნი, რომელშიც თავად სურთ. მაგრამ მათ ამისათვის სახელმწიფომ შესაბამისი მინიმალური პირობები უნდა შეუქმნას და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა მისცეს...

”მინდა, რომ სოფელი გადავარჩინო. საქართველოს რომელ სოფელშიც არ უნდა გაიაროთ, ყველგან ნახავთ წარწერას - ”იყიდება სახლი”. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს არ სურთ სოფელში ცხოვრება, ის აღარ არის საინტერესო. სწორედ ეს მინდა გავაკეთო, რომ როგორმე, რაღაც ცალკეული პროექტების მეშვეობით იქაურობა მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდებისთვის და ყველა ქალაქში არ გამოიქცეს.”

მხოლოდ ერთ სამინისტროს, ცხადია, არ შეუძლია ქვეყანაში ახალგაზრდობის პოლიტიკის შემუშავება, გვეუბნება პროექტის კონსულტანტი ლაიმონას რაგაუსკასი. მისი თქმით, ახალგაზრდობის პოლიტიკა თავად ახალგაზრდებმა უნდა განსაზღვრონ - სწორედ ამისათვისაა საჭირო ახალგაზრდული ორგანიზაციების მეტი აქტიურობა, მაგრამ მათ არ უნდა შეეზღუდოთ არჩევანი:

”ისინი იმ სფეროში უნდა იყვნენ ჩართულნი, რომელშიც თავად სურთ. მაგრამ მათ ამისათვის სახელმწიფომ შესაბამისი მინიმალური პირობები უნდა შეუქმნას და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა მისცეს. მაგალითად, შეიქმნას ახალგაზრდული ცენტრები, მისცენ ახალგაზრდებს კონკრეტული სივრცე, თუნდაც ერთი ოთახი, სადაც ისინი თავის მეგობრებთან ერთად საინტერესო იდეების განხორციელებაზე იფიქრებენ, სადაც ინტერნეტი ექნებათ. რატომღაც ტრადიციულად სულ მოზრდილები წყვეტენ რა უნდა აკეთონ ახალგაზრდებმა და ეს არასწორია. მესმის, რომ მთავრობა არ არის ისე მდიდარი, რომ ფეშენებელური შენობები ააშენოს ამისთვის. არც არის საჭირო. ჰკითხეთ მათ, იქნებ სულ არ სჭირდებათ ასეთი სივრცე, იქნებ მათთვის ოთხი რუხი კედელიც საკმარისია, რომელსაც იმ ფერად შეღებავენ, რა ფერადაც თავად სურთ.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG