Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 15 ნოემბერი, 2011


გასულ უქმეებზე რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას პრეზიდენტობის 11 კანდიდატი იღებდა. „კომსომოლსკაია პრავდის“ ცნობით, იმის გამო, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმათა 50 პროცენტზე მეტი, გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური დაინიშნა. 27 ნოემბერს თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს, ალა ჯიოევასა და ანატოლი ბიბილოვს შორის მოუწევს, თუმცა „კომსომოლსკაია პრავდისათვის“ მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი დარწმუნებით აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბიბილოვი გახდება. „ქალი პრეზიდენტი გამორიცხულია! ჩვენში ქალებს არავინ ჩაგრავს. ჩვენ საზოგადოებაში ქალებს ძალიან კარგად ეპყრობიან, მაგრამ კავკასია მაინც კავკასიაა. დარწმუნებული ვარ, ოსი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“, - ამბობს რუსულ გაზეთთან საუბარში ედუარდ კოკოითი, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი.

ასევე საქართველოს ეხება გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელიც რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების დასრულებასა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესაძლო გაწევრიანებას ეხმიანება. გაზეთის რესპონდენტი რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკოა, რომელსაც ჟურნალისტი ეკითხება:

„როგორ აისახება საქართველო-რუსეთს შორის არსებულ საქონელბრუნვაზე ჟენევაში გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღებას ითვალისწინებს?“

გენადი ონიშჩენკოს პასუხი ასეთია: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმას, რასაც ხელი მოეწერა, მიზნობრივი ხასიათი აქვს და ჩემი კომპეტენციის სფეროში არ შემოდის. რაც შეეხება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთქმედებას, ის არ არსებობს, ანუ აბსოლუტური ნულის ტოლია. საქართველოს ხელისუფლება ქართულ ბიზნესს უკრძალავს არათუ ვაჭრობას ჩვენთან, არამედ საქმიანი კონტაქტების გაბმას ეკონომიკის იმ სეგმენტებშიც კი, რომლებიც საქართველოსთვის ყოველთვის პროფილური იყო. ვგულისხმობ მინერალურ წყლებს, ღვინის ნაწარმსა და ხილბოსტნეულს.“

გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით კი, მოსკოვის ყოფილი მერი და ახლო წარსულში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იური ლუჟკოვი ჩვენების მისაცემად სასამართლოში დაიბარეს. საქმე ეხება მოსკოვის ბანკიდან დიდი ოდენობით თანხის მოპარვას. ლუჟკოვი სასამართლოს წინაშე მოწმის სტატუსით წარდგა, თუმცა, პოლიტიკის რუსი ექსპერტების ვარაუდით, არაა გამორიცხული დაკითხვის მსვლელობისას ყოფილი მერი ბრალდებულად იქცეს. რუსული პრაქტიკის გათვალისწინებით, ასეთი რამ ნამდვილად არაა გამორიცხული. ალბათ, ამის გამოა, რომ იური ლუჟკოვმა ერთგვარად თავი დაიზღვია და სასამართლოში მისვლამდე მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება. მოსკოვში დაფუძნებული პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის წამყვანი ექსპერტი დმიტრი აბზალოვი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოერიდება ყოფილი მერის დაპატიმრებას.

„დაპატიმრებას შურისძიების ელფერი ექნება. ამიტომ მეეჭვება, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. იმის გამო, რომ ლუჟკოვის აპარატული წონა დიდი არაა, ალბათ არავინ შექმნის მისგან წამებულსა და სინდისის პატიმარს“, ამბობს აბზალოვი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG