Accessibility links

logo-print

ანატოლი ბიბილოვისა და ალა ჯიოევას შეფასებები


ცხინვალი

ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ანატოლი ბიბილოვმა და ალა ჯიოევამ პირველი კომენტარები გააკეთეს. ორივემ ხმების რაოდენობის 25 პროცენტზე ოდნავ მეტი მოაგროვა. ბიბილოვმა ჯიოევას მხოლოდ 17 ხმით გაუსწრო. მეორე ტურის წინ ორივე კანდიდატი ოპტიმისტურად არის განწყობილი.

ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ უფრო მეტს ელოდა, მაგრამ თავიდანვე იცოდა, რომ მეორე ტური გარდაუვალი იქნებოდა. მან პირველი ტური შეაფასა და აღნიშნა, რომ ბრძოლა უწევდა როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან. ბიბილოვმა არსებითად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მას მხოლოდ ფსევდომხარდაჭერა გამოუცხადა, სინამდვილეში კი მის წინააღმდეგ მუშაობდა. იგი დღეს უკვე ხმამაღლა აცხადებს, რომ კოკოითის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო საშუალებები მის წინააღმდეგ მუშაობდნენ. დაბალი რეიტინგის მქონე ხელისუფლების ფსევდომხარდაჭერამ კი მას ხმები დააკარგვინა.

კითხვაზე, შეეცდება თუ არა იგი სხვა კანდიდატების ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას, ბიბილოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატთან ვერ ითანამშრომლებს - განსაკუთრებით მათთან, ვინც მას ტალახს ესროდა.

განვლილი ტური ალა ჯიოევამაც შეაფასა. მისი თქმით, შემდგომი ბრძოლისთვის მზადაა და უკან დახევას არ აპირებს. მან კრემლის მოხელეებს ერთგვარად მიანიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში ჩარევა მისთვის მიუღებელია.

გამარჯვების შემთხვევაში ალა ჯიოევა, პირველ რიგში, ციხეში მივა იქ მყოფი პატიმრების პირობების შესასწავლად და ამნისტიას გამოაცხადებს. მისი თქმით, აუცილებლად იზრუნებს ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. რაც შეეხება სხვა კანდიდატების მიმხრობას, ჯიოევა გულნატკენია, რომ კანდიდატების ნაწილმა მის კონკურენტს პირველივე ტურში გამოუცხადა მხარდაჭერა, მაგრამ დანარჩენ კანდიდატებთან, განსაკუთრებით იმათთან, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი, მუშაობა გაგრძელდება.

რთული სათქმელია მეორე ტურში გამარჯვება ვის დარჩება. ექსპერტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ერთნი ფიქრობენ, რომ ბიბილოვმა ყველა რესურსი უკვე ამოწურა, ჯიოევას კი რეზერვში კიდევ რჩება პროტესტის მქონე ელექტორატის ხმები. გარდა ამისა, უკეთესად შეიძლება ვლადიკავკაზში მცხოვრები იმ სამხრეთელი ოსების მობილიზება, რომლებიც ხმას ზემო როკის საარჩევნო უბანში აძლევენ. ანალიტიკოსების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბიბილოვის გამარჯვება კრემლის, თვითონ ბიბილოვის ადგილობრივი მმართველი პარტიისა და კოკოითის ღირსების საკითხია. ამიტომ ისინი გამარჯვებისთვის ყველა რესურსს, მათ შორის ამომრჩეველთა გადაბირების, მოსყიდვისა და დაშინების მეთოდებსაც გამოიყენებენ.
XS
SM
MD
LG