Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში პოლიციამ დაშალა მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქცია


ნიუ-იორკი, 15 ნოემბერი: პოლიცია იღებს მოძრაობა "დაიკავე უოლ სტრიტის" ბანაკს
ნიუ-იორკი, 15 ნოემბერი: პოლიცია იღებს მოძრაობა "დაიკავე უოლ სტრიტის" ბანაკს
ნიუ-იორკის პოლიცია სამშაბათს, დილაუთენია შეუდგა საპროტესტო აქციის დაშლას ზუკოტის პარკში. იქ სექტემბრიდან იყვნენ დაბანაკებული მონაწილეები მოძრაობისა სახელწოდებით „დაიკავე უოლ სტრიტი“. ნიუ-იორკის ხელისუფლება როგორც აცხადებს, აქციის მონაწილეებს შეეძლებათ მოგვიანებით დაბრუნდნენ მოედანზე, ოღონდ საძილე ტომრებისა და კარვების გარეშე.

კორესპონდენტების ცნობით, პოლიცია ადრიანად მივიდა ზუკოტის პარკში, რომელიც მიჩნეული იყო მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ ეპიცენტრად ნიუ-იორკში. მეგაფონებიდან ისმოდა პოლიციელების მოწოდება დემონსტრანტებისადმი, 10 წუთის განმავლობაში დაეტოვებინათ მოედანი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააკავებდნენ. ცნობების თანახმად, მოედანზე მყოფი ასობით დემონსტრანტიდან უმრავლესობა წავიდა, ადგილობრივი დროით, დილის ორი საათისთვის. დარჩა მხოლოდ მომცრო ჯგუფი, რომელსაც ალყა შემოარტყეს პოლიციელებმა. ერთმა ნაწილმა დემონსტრანტები პოლიციის ავტომანქანებში მოათავსა, დანარჩენი პოლიციელები კარვების აღებას შეუდგნენ.

ნიუ-იორკის მერის, მაიკლ ბლუმბერგის ოფისმა დემონსტრანტებს მოუწოდა, „დროებით წავიდნენ და აიღონ კარვები“ მოედნიდან, რომელიც უნდა დასუფთავდეს, რის შემდეგაც ისევ იქნება შესაძლებელი დაბრუნება, ოღონდ კარვებისა და საძილე ტომრების გარეშე.
პოლიციამ დღევანდელი ღამე შეარჩია - ქვეყნის სხვა ქალაქების პოლიციელებთან კოორდინაციით - პარკიდან დემონსტრანტების გასაყრელად ...

მოგვიანებით, ნიუ-იორკის პოლიციის მიერ კარვების აღების შემდეგ, ბლუმბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „თავიდანვე ვამბობდი, რომ ქალაქს აქვს ორი მთავარი მიზანი - უზრუნველყოს ჯანდაცვა და უსაფრთხოება და უზრუნველყოს დემონსტრანტთა გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ითვალისწინებს კონსტიტუციის პირველი შესწორება. მაგრამ როცა ეს ორი მიზანი ერთმანეთს უპირისპირდება, პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

მაგრამ დემონსტრანტების აზრით, ჰიგიენასა და უსაფრთხოებას უბრალოდ, საბაბად იყენებენ პოლიციის ქმედების გასამართლებლად. როგორც მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ ერთ-ერთი აქტივისტი, ჯონი საგანი ირწმუნება, სინამდვილეში ხელისუფლება ცდილობს, დიდი ქალაქებიდან განდევნოს საპროტესტო აქციები.

„პოლიციამ დღევანდელი ღამე შეარჩია - ქვეყნის სხვა ქალაქების პოლიციელებთან კოორდინაციით - პარკიდან დემონსტრანტების გასაყრელად. გააკეთეს ის, რისი მოწმეც ახლა ვართ: არ გვაძლევენ საშუალებას, ვიცოდეთ, რა ხდება მოედანზე. ეს ადგილი გადაკეტილია და შეშვებაზე უარს ეუბნებიან მედიასა და ქალაქის მოსახლეობას - იმათ, ვისაც სურს, საკუთარი თვალით იხილოს, რას აკეთებენ დემონსტრანტებისაგან პარკის გასაწმენდად“, - უთხრა ნიუ-იორკელმა დემონსტრანტმა ტელეარხ „სკაი ნიუსის“ კორესპონდენტს.
ეს ბანაკი იქცა ადგილად, სადაც რამდენჯერმე გავხდით ძალადობის მომსწრე, ამ კვირაში კი იქ მკვლელობა მოხდა...

ნიუ-იორკში პოლიციის ოპერაცია მოჰყვა მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ შემადგენელი საპროტესტო აქციების დაშლას შეერთებული შტატების რამდენიმე სხვა ქალაქში, მათ შორის პორტლენდში, დენვერში, კოლორადოში, სოტ ლეიკ სიტიში. ოკლენდში, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს, ორშაბათს დაშალეს დემონსტრანტების ბანაკი, რასაც მოჰყვა 30 ადამიანის დაკავება პოლიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთის მიერ.

ოკლენდის მერის, ჯინ კვანის განმარტებით, ბანაკის აღება აუცილებელი გახდა მკვლელობის გამო, რომელიც მის მახლობლად მოხდა: „ეს ბანაკი იქცა ადგილად, სადაც რამდენჯერმე გავხდით ძალადობის მომსწრე, ამ კვირაში კი იქ მკვლელობა მოხდა. ბოლო უნდა მოგვეღო ამ ბანაკისათვის, სანამ მეტი ადამიანი დაშავდებოდა“. ეს განმარტება ეკუთვნის ოკლენდის მერს. თუმცა მან , როგორც ირკვევა, ყველა ვერ დაარწმუნა გადაწყვეტილების სისწორეში: საპროტესტო აქციის დაშლის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, თანამდებობიდან გადადგა მერის მთავარი მრჩეველი სამართლის საკითხებში, დენ სიგელი.

ნიუ-იორკელი იან კლაუზენი აქტიურად ემხრობა მოძრაობას „დაიკავე უოლ სტრიტი“ და ფიქრობს, რომ ოკლენდის აქციის დაშლამ კიდევ უფრო გააძლიერა საპროტესტო განწყობა დემონსტრანტებში. „სახლში ვიყავი და ინტერნეტში პირდაპირ ეთერში ვუყურებდი კადრებს ოკლენდიდან. ხალხი, პრინციპში, მშვენიერ ხასიათზე იყო და ამბობდა - დღეს აქედან მივდივართ, მაგრამ ხვალ დავბრუნდებითო. ჩემი აზრით, ნიუ-იორკში და სხვა ადგილებშიც მშვენიერი სულისკვეთებაა - ხელის ჩაქნევას არ აპირებენ. წარუმატებლობებიც იქნება. გაგვყრიან ხოლმე. მაგრამ, თუ გაგვყრიან, დავბრუნდებით“, ამბობს ნიუ-იორკელი ჟან კლაუზენი.

მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ არსებული საფინანსო სისტემით, ირწმუნებიან, რომ სისტემას სარგებელი მოაქვს მხოლოდ მდიდრებისთვის და, შესაბამისად, სულ უფრო მატულობს ეკონომიკური უთანასწორობა მოსახლეობის ჯგუფებს შორის. ამ ხალხს თანამოაზრეები ჰყავს საზღვარგარეთაც - არაერთ ქვეყანაში ამავე ტიპის მოძრაობების შექმნით მიბაძეს მოძრაობას „დაიკავე უოლ სტრიტი“.

თუმცა, თვით „დაიკავე უოლ სტრიტიც“ გარკვეული მიბაძვის შედეგია. მისი აქტივისტები ამბობენ, რომ შთაგონებული არიან არაბულ გაზაფხულად წოდებული მოვლენებით - დემონსტრაციებით, რომლებმაც წელს რადიკალური ცვლილებები მოუტანა რამდენიმე არაბულ ქვეყანას.
XS
SM
MD
LG