Accessibility links

logo-print

„ექსცენტრული“ ევგენი ჩიჩვარკინი საქართველოს პატიებას სთხოვს


ევგენი ჩიჩვარკინი

ევგენი ჩიჩვარკინი

საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლთან დაპირისპირებული ცნობილი რუსი მილიონერი ევგენი ჩიჩვარკინი საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ მხარს უჭერდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და აგვისტოს ომის შემდეგ საკუთარი ფიჭური კომპანიის, „ევროსეტის“, ფილიალი გახსნა ცხინვალში. ჩიჩვარკინი, რომელზეც, მოსკოვის პროკურატურის დადგენილებით, ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. რა გახდა იძულებით ემიგრაციაში მყოფი ბიზნესმენის ასეთი მონანიების მიზეზი?

ევგენი ჩიჩვარკინი ცხინვალში 2008 წლის სექტემბერში ჩავიდა. სულ მალე მას შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით, ცალმხრივად ცნო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. როგორც ჩიჩვარკინმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ვიდრე ცხინვალში საკუთარი კომპანიის ფილიალს გახსნიდა და საქველმოქმედო აქციას ჩაატარებდა, იყო შეხვედრა დმიტრი მედვედევთან, რომელმაც რუს ბიზნესმენებს ომისდროინდელი სამხრეთ ოსეთის ეკონომიკურ აღდგენაში დახმარება სთხოვა.
შეხვედრაზე მოვუწოდე სხვებსაც, რომ მხარი დაეჭირათ მშვიდობის იძულების ოპერაციისათვის, როგორც კრემლი უწოდებდა საკუთრ ქმედებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში...

„ჩვენ ცხინვალში ბიზნესი წამოვიწყეთ, როგორც სამშვიდობო ინიციატივა, მას შემდეგ, რაც 15 სექტემბერს შეხვედრა გაიმართა დმიტრი მედვედევთან. იქ დაახლოებით 50-მდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი შეიკრიბა. მაშინ რუსეთში იწყებოდა ეკონომიკური კრიზისი, რადგან იმ ღამეს ჩამოიშალა ბანკი „ლემონს ბრაზარზი“ .

თავისი უცნაური საქციელით ცნობილი ჩიჩვარკინი არ მალავს, რომ მას ორმაგი ინტერესი ამოძრავებდა - დახმარებოდა ცხინვალელებს და დაეცვა თავისი კომპანია, „ევროსეტი“, როგორც თავად ამბობს, რეიდერთა თავდასხმისაგან:

„ორი კვირით ადრე შეხვედრამდე ჩვენი კომპანია რეიდერული თავდასხმის ობიექტი გახდა, რაზეც მე შევჩივლე პრეზიდენტ მედვედევს. იგი დამპირდა თანადგომას და მითხრა, რომ სიტუაციას „ევროსეტის“ ირგვლივ კონტროლზე აიყვანდა. მე კი შეხვედრაზე მოვუწოდე სხვებსაც, რომ მხარი დაეჭირათ მშვიდობის იძულების ოპერაციისათვის, როგორც კრემლი უწოდებდა საკუთრ ქმედებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.“

აი, სწორედ კრემლის ამ პოლიტიკისადმი მაშინდელ მხარდაჭერას მიიჩნევს საკუთარ შეცდომად 37 წლის ბიზნესმენი, რომელსაც ცხინვალში ჩასვლამ, ბავშვებისათვის საქველმოქმედო აქციის ჩატარებამ და თვითაღიარებულ ქართულ ანკლავში ფიჭური კომპანია „ევროსეტის“ ფილიალის გახსნამ თავიდან ვერ ააცილა მოვლენათა განვითარების ყველაზე უსიამოვნო სცენარი. მედვედევთან შეხვედრის შემდეგ ევგენი ჩიჩვარკინი იძულებული გახდა გაეყიდა წარმატებული ბიზნესის აქციათა 100 პროცენტი და ლონდონში გაქცევით გადაერჩინა თავი მოსალოდნელი პატიმრობისაგან.
მე არ ვნანობ, რომ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია, არ ვნანობ. მაგრამ ის, რომ, როგორც კომერსანტმა, ერთ-ერთმა პირველმა წამოვიწყე ბიზნესი და ამით ვაღიარე ანექსია...

„როგორც გაირკვა, ჩემი მორალური მსხვერპლიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთის ხელისუფლებისათვის.“

როგორც ჩიჩვარკინი აცხადებს, გამოგონილი ბრალდებებით რუსეთის პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა კომპანიაში ერთ-ერთი ექსპედიტორის გატაცების ფაქტზე და ლონდონისაგან მოითხოვა ბიზნესმენის ექსტრადიცია. ორწლიანი სასამართლო დავების შემდეგ, საბოლოო ჯამში, ლონდონის სასამართლომ უარი თქვა ჩიჩვარკინის ექსტრადიციაზე, ხოლო 2001 წლის 24 იანვარს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა საერთოდ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ევგენი ჩიჩვარკინის წინააღმდეგ. ლონდონში მყოფი რუსი ბიზნესმენი არ ნანობს, რომ ეხმარებოდა ბავშვებს ცხინვალში, იგი საქართველოს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ, როგორც ბიზნესმენმა, ერთ-ერთმა პირველმა აღიარა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების ანექსია.

„მე არ ვნანობ, რომ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია, არ ვნანობ. მაგრამ ის, რომ, როგორც კომერსანტმა, ერთ-ერთმა პირველმა წამოვიწყე ბიზნესი და ამით ვაღიარე ანექსია, ამას ვნანობ. ის, რაც მაშინ ხდებოდა უკლებლივ ყველა რუსულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, თვით ოპოზიციურშიც კი, არ შეესაბამებოდ იმას, რაც ჩვენ იქ ვნახეთ.“

რუსი ბიზმესმენი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, არ აპირებს საქართველოში ბიზნესის წარმოებას და ამით ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ სინანულის გრძნობა ალაპარაკებს და არა იმის სურვილი, რომ ასიამოვნოს საქართველოს ხელისუფლებას. თუმცა ძნელია რაიმე გამორიცხო, როცა საქმე ეხება ჩიჩვარკინს, სკანდალურად ცნობილ ბიზნესმენს, რომელსაც ჟურნალმა „ფორბსმა“ ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავქარიანი, უცნაური და ექსცენტრული რუსი ბიზნესმენი უწოდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG