Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელი პედაგოგები ხელფასებს და ჯანმრთელობის დაზღვევის აღდგენას ითხოვენ


გალი
გალი
ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მასწავლებლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგმა რადიო თავისუფლებას შეატყობინა, რომ ხელფასი, რომელსაც მათ საქართველოს განათლების სამინისტრო კვარტალში ერთხელ უხდის, ხუთი თვეა არ მიუღიათ.

რესპონდენტის ცნობით, გალის რაიონის რესურსცენტრში, რომელიც ზუგდიდშია, ხელფასის დაგვიანების მიზეზს არ ასახელებენ, რაც, მისივე თქმით, ეჭვს იწვევს, რომ ხელფასებს საბოლოოდ შეუწყვეტენ. ამასთან, პედაგოგები ჯანმრთელობის დაზღვევის აღდგენას ითხოვენ. რესპონდენტის ინფორმაციით, მასწავლებლებს ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ"-თან ჰქონდათ გაფორმებული, თუმცა თითქმის ორი წელია მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო კომპანიის სადაზღვევო ბარათებით ვერ სარგებლობენ.
სამაჩაბლოში რამდენიმე სკოლა დაიხურა, რამაც მასწავლებელთა ბაზის გადახალისება გამოიწვია, ამიტომ მოხდა ხელფასების გაცემის დაგვიანება...

გალის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ამბობს, რომ ხელფასების გაცემის დაგვიანება სამაჩაბლოს და აფხაზეთის სკოლის მასწავლებელთა ერთიან მონაცემთა ბაზაში შეტანილმა ცვლილებამ გამოიწვია. კერძოდ, ნონა შონიას თქმით, სამაჩაბლოში დაიხურა რამდენიმე საჯარო სკოლა, რის გამოც მასწავლებელთა რაოდენობა შემცირდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პედაგოგები ხელფასებს უახლოესი ათი დღის განმავლობაში მიიღებენ.

„სამაჩაბლოში რამდენიმე სკოლა დაიხურა, რამაც მასწავლებელთა ბაზის გადახალისება გამოიწვია, ამიტომ მოხდა ხელფასების გაცემის დაგვიანება“, - ამბობს ნონა შონია.

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათებს, ნონა შონია ამბობს, რომ გალის რაიონის რესურსცენტრმა უკვე გააფორმა ერთწლიანი ხეშეკრულება სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფთან“ და 1 ნოემბრიდან მასწავლებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით.

საქართველოს განათლების სამინისტრო გალის რაიონის პედაგოგებს კვარტალში ერთხელ უხდის ხელფასს, რომელიც 600 ლარს შეადგენს. ოკუპირებულ გალის რაიონში სულ 31 ქართული სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 700 პედაგოგი მუშაობს.
XS
SM
MD
LG