Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე: "კონდოლიზა რაისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც მე არაერთგზის მითქვამს"


"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მემუარების იმ ნაწილს, სადაც კონდოლიზა რაისი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ომის დაწყების პროვოკაციაში ჩათრევის საშუალება მისცა. "კონდოლიზა რაისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც მე არაერთგზის მითქვამს და რის გამოც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ქვეყნის მოღალატედ და მატყუარად შემრაცხეს" - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ბოლო შეხვედრისას რაისმა პირდაპირ უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან პროვოკაცია და საომარი მოქმედებები არ უნდა დაეშვა, რუსეთთან ომში არ უნდა ჩაბმულიყო, რადგან თუნდაც სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს გამო, აშშ რუსეთთან ომს ვერ დაიწყებდა და საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო აღმოჩნდებოდა. ”კონდოლიზა რაისის ეს გაფრთხილება სააკაშვილს 2008 წლის 3 აგვისტოს კიდევ ერთხელ გავახსენე და ვუთხარი, რომ რუსეთთან ომში ჩაბმა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა" - განაცხადა დღეს ბურჯანაძემ. მისი თქმით, კონდოლიზა რაისის მოგონებებიდან კიდევ ერთხელ ირკვევა, რომ სააკაშვილმა ცეცხლი გაუხსნა არა რუსულ არმიას, არამედ იმ მეამბოხეებს, რომლებიც ქართული სოფლების დაცხრილვას განაგრძობდნენ. ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მემუარები თვალს აუხელს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ომის დაწყების სახელისუფლებო ვერსიას იზიარებს.
XS
SM
MD
LG