Accessibility links

logo-print

თურქეთი და არაბული ქვეყნები მოითხოვენ „სასწრაფო ზომებს“ სირიელების დასაცავად


თურქეთი და არაბული სახელმწიფოები გამოდიან მოწოდებით, სასწრაფოდ იქნეს მიღებული ზომები სირიის მმართველი რეჟიმის რეპრესიებისაგან ამ ქვეყნის მოსახლეობის დასაცავად. დღეს მაროკოში გამართული თურქულ-არაბული ფორუმის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ ფორუმის მონაწილეები გამოდიან სირიაში უცხოეთიდან ინტერვენციის წინააღმდეგ. თურქეთთან მოლაპარაკება წინ უძღოდა არაბული ლიგის შეხვედრას, რომელზეც მსჯელობენ სირიაში შექმნილ კრიზისზე. მოსალოდნელია, რომ მაროკოს ამ შეხვედრაზე ძალაში შევა არაბული ლიგის გადაწყვეტილება ამ ბლოკში სირიის წევრობის შეჩერების შესახებ. სირიის მზარდ იზოლაციაზე მიანიშნებს საფრანგეთის გადაწყვეტილებაც, გაიწვიოს თავისი ელჩი ამ ქვეყნიდან. იუწყებიან აგრეთვე, რომ სირიელი დეზერტირები დღეს თავს დაესხნენ ამ ქვეყნის დაზვერვის სამსახურის შტაბ-ბინას დედაქალაქ დამასკთან და მოკლეს უშიშროების ძალების, სულ ცოტა, ექვსი თანამშრომელი. აქტივისტების ცნობით, დეზერტირებმა თავდასხმები მოაწყეს უშიშროების ძალების რამდენიმე ობიექტზე ჰამის პროვინციაშიც, მოკლეს რვა და დაჭრეს ათობით ჯარისკაცი. მსხვერპლია სამოქალაქო პირებს შორისაც: ცნობების თანახმად, უშიშროების ძალებმა მოკლეს 13 ადამიანი ჰომსში, იდლიბსა და დამასკში. გაეროს მონაცემებით, 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებითაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა უპასუხა წელს, მარტში დაწყებულ საპროტესტო აქციებს.
XS
SM
MD
LG