Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლოია ჯირგა“ ავღანეთის მომავალზე ბჭობს


ქაბული, 16 ნოემბერი: "ლოია ჯირგის" გახსნა
ქაბული, 16 ნოემბერი: "ლოია ჯირგის" გახსნა
ქაბულში გაიხსნა ავღანელ უხუცესთა ტრადიციული საბჭოს - „ლოია ჯირგის“ სხდომა, რომლის მონაწილეებიც ოთხი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ავღანეთში უცხოელი სამხედრო პირების ყოფნა და თალიბანთან მოლაპარაკება - ეს ორი თემა დგას ყურადღების ცენტრში „ლოია ჯირგის“ შეკრებაზე, რომელშიც მონაწილეობს მთელი ავღანეთის მასშტაბით, თუ მის ცალკეულ რეგიონებში გავლენისა და ავტორიტეტის მქონე 2000-მდე ადამიანი - პოლიტიკოსები, თემთა ლიდერები, სასულიერო პირები. მათი უშიშროების უზრუნველსაყოფად ქაბულში მკაცრ ზომებს მიმართავენ: ამ კვირაში უკვე ჩაშალეს თავდასხმა, რომელიც მიმართული იყო „ლოია ჯირგისათვის“ აგებული კარვის წინააღმდეგ. თალიბანი იმუქრება, რომ თავდასხმებს მოაწყობს შეკრების მონაწილეებზე.

„ლოია ჯირგას“ წინ უსწრებდა კამათი დებულებებზე, რომლებსაც უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიული შეთანხმება ქაბულსა და ვაშინგტონს შორის. მუშაობენ შეთანხმების პროექტზე, რათა მიაღწიონ კონსენსუსს ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცების დარჩენაზე 2014 წლის შემდეგ - ანუ მას შემდეგ, რაც ავღანეთს დატოვებს უცხოელი სამხედროების უმრავლესობა. ექსპერტების შეფასებით, ვაშინგტონთან სტრატეგიულ ალიანსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავღანეთის მომავლისთვის.

მთავრობა „ლოია ჯირგისაგან“ მოელის დახმარებას ეროვნული ინტერესების შესატყვისი პოზიციის შესამუშავებლად ზემოხსენებულ ორ საკითხში: დასაშვებია თუ არა უცხოელი სამხედროების გრძელვადიანი მისია და მიზანშეწონილია თუ არა მოლაპარაკება თალიბანთან.

შეხვედრის გახსნისას, პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ასე ჩამოაყალიბა მთავარი შეკითხვები: „რა არის საუკეთესო გზა მშვიდობის მისაღწევად? როგორ გავაგრძელოთ პროცესი? ვის უნდა გავუწოდოთ ხელი? გვმართებს მოლაპარაკება თალიბანთან? ან ჩვენს მეზობელ ძმურ პაკისტანთან ან კიდევ სხვებთან? ეს არის საკითხები, რომელთა შესახებაც რჩევებს მოველით თქვენგან, ავღანელი ხალხის წარმომადგენლებისაგან. თქვენი მანდატია, ავღანეთის მთავრობასა და მის ლიდერებს ურჩიოთ, როგორ გააგრძელონ სამშვიდობო პროცესი“.

თალიბანთან შესაძლო მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ ქაბულს უკვე დაწყებული ჰქონდა ასეთი ძალისხმევა. მაგრამ პროცესი შეჩერდა წელს, სექტემბერში, როცა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა სიცოცხლეს გამოასალმა ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ბურჰანუდინ რაბანი - ქაბულის წარმომადგენელი თალიბანთან მოლაპარაკებებზე. რაც შეეხება ავღანეთში უცხოელი სამხედროების გრძელვადიანი სამხედრო ბაზების საკითხს, კარზაიმ შემდეგი პირობები დაასახელა: ავღანეთის სუვერენიტეტი, ისევე როგორც ამერიკელების მიერ ღამის რეიდების და სახლების გაჩხრეკის შეწყვეტა.

კარზაი, როგორც მოსალოდნელი იყო, შეეხო ავღანეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოებაზე ზრუნვის ავღანელთა ხელში გადასვლის საკითხსაც. „ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ავღანეთი დგას, არის ის, თუ როგორ მივაღწიოთ 2014 წელს. ამ დროისთვის ავღანეთი ჩაიბარებს სრულ პასუხისმგებლობას თავისი ტერიტორიისა და თავისი ხალხის უსაფრთხოებაზე. ეს პროცესი დაიწყო რამდენიმე თვის წინ, როცა ზოგი პროვინციის გაკონტროლება დაექვემდებარა ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურებს“, განაცხადა კარზაიმ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელი რეგიონებით გაგრძელდება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ჩაბარება საერთაშორისო ძალებისაგან.

ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, ლოია ჯირგის მონაწილეები 40 კომიტეტში მუშაობენ კონკრეტულ საკითხებზე და მომდევნო დღეებში გააცნობენ ამ მუშაობის შედეგებს დანარჩენ კოლეგებს.
XS
SM
MD
LG